3 minute read

დავით ჩიკვაიძე გაეროში თავისი ყოფილი ხელმძღვანელის, პრეზიდენტ ტოკაევის, შესახებ საუბრობს

გაეროს ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორის კაბინეტის უფროსი დავით ჩიკვაიძე ორი წლის განმავლობაში ამავე ორგანიზაციაში ყაზახეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან ერთად მუშაობდა. ამ ინტერვიუში ჩიკვაიძე ტოკაევსა და მის ყაზახეთის პრეზიდენტად დანიშვნაზე საუბრობს და გვიზიარებს თავის მოსაზრებას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ტოკაევის მმართველობის პირობებში ყაზახეთთან თანამშრომლობის გაძლიერება.

ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი 2011- 2013 წლებში გაეროს ჟენევის ოფისს ხელმძღვანელობდა, თქვენ მცირე ხნით მისი კაბინეტის უფროსიც იყავით, როდის შეხვდით პირველად და როგორ დაახასიათებდით მას, რა პიროვნულ თუ პროფესიულ თვისებებს გამოყოფდით?

Advertisement

მართლაც დიდი სიამოვნება და პატივი მხვდა წილად, ძალიან მჭიდრო სამსახურებრივი ურთიერთობა მქონოდა ბ-ნ ტოკაევთან 2011- 2013 წლებში, როდესაც იგი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში იყო გაეროს ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორი და ერთდროულად განიარაღების კონფერენციის გენერალური მდივანი და კონფერენციაში გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი.

ის არის უნიკალური პიროვნება: უმაღლესი სინჯის დიპლომატი, მრავალი წიგნის ავტორი, აკადემიური აზროვნების უნარის მქონე, ფენომენალური მეხსიერების პატრონი. იგი დიდი ლინგვისტიც არის, თავისუფლად ფლობს გაეროს ოთხ ოფიციალურ ენას, მათ შორის რუსულსა და ჩინურს მშობლიური ენის დონეზე. ზედმიწევნით თანამედროვე მმართველი და მოაზროვნე, გაჯერებული ტრადიციული ფასეულობებითა და ეროვნული სულისკვეთებით. ამაზე აღმატებული კი მისი პიროვნული თვისებებია - წესიერება, კეთილსინდისიერება, როგორც პროფესიონალურ, ისე პირად ურთიერთობაში და ადამიანების მიმართ მისი კეთილშობილური დამოკიდებულება. ხასიათის ეს უკანასკნელი თვისება ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მეთაურისთვის.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მრავალი წელია, ვიცნობ ბ-ნ ტოკაევს, მას შემდეგ, რაც ის ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, მე კი ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. ის და მამაჩემი ერთ პერიოდში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ძალიან ჯანსაღი ურთიერთპატივისცემა და გულწრფელი ურთიერთობა აკავშირებდათ. ისინი ერთად იდგნენ საქართველოსა და ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობების საწყისებთან.

თუ გაქვთ რამე განსაკუთრებული მოგონება, რომელიც მასთან მუშაობის პერიოდს ეხება?

ბატონ ტოკაევთან მუშაობის პერიოდთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ხშირად მახსენდება ამბავი, რომელიც მან უფროს მენეჯერებს გვიამბო თათბირის დროს მას შემდეგ, რაც იგი ყაზახეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარედ დასახელდა და ჟენევაში მოკლე ვიზიტით დაბრუნდა, რომ გადაებარებინა თავისი უფლებამოსილება და დამშვიდობებოდა ჟენევის დიპლომატიურ კორპუსს, გაეროს თანამშრომლებსა და ადგილობრივ საზოგადოებას, რომელთაც მის წასვლაზე გული ძალიან სწყდებოდათ. მოკლედ, ასეთი ამბავი გვიამბო: ნომინაციისთვის სახლში დაბრუნებისას სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო. პოლიკლინიკაში შესვლისას დაინახა დიდი რაოდენობით ხალხი, ქვედა და ზედა სართულზე კიბესთან იდგნენ და რაღაცას ელოდებოდნენ. დაცვას შეეკითხა, რატომ დგას ეს ხალხი აქო. დაცვამ უპასუხა: „დაბლოკილები არიან, თქვენს გასვლას ელოდებიან და მერე მიეცემათ საშუალება, იმოძრაონ“. ძალზე აღშფოთდა ტოკაევი და უბრძანა დაცვას, იმ წუთასვე მოეხსნათ ბლოკირება და მიეცათ ხალხისთვის მოძრაობის საშუალება. ჩვენ ძალიან გავხალისდით ამ ამბით და აღვნიშნეთ, რომ სულ ორ წელიწად-ნახევარში საოცრად პოლიტკორექტული გახდა! სერიოზულად რომ ვთქვათ, ეს პატარა სიუჟეტი ზუსტად ასახავს მის ჭეშმარიტ მენტალიტეტსა და ღრმა დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც მასში არსებობს.

როგორ შეხვდით ყაზახეთის პრეზიდენტის გადადგომის საკითხს და მის ადგილას ტოკაევის დანიშვნას, რამდენად მოსალოდნელი იყო ეს თქვენთვის?

სიმართლე გითხრათ, დროის არჩევანი მოულედნელი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის, თუმცა თვითონ ხელისუფლების გადაცემის ფაქტი არ გამკვირვებია, რადგან ჩემთვის ცნობილი იყო ყაზახეთის პირველი პრეზიდენტისა და ბ-ნი ტოკაევის ახლო ურთიერთობის შესახებ. ასეთი ხელისუფლების გადაბარება ხაზს უსვამს ამ ორი ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და ურთიერთგაგებას.

პრეზიდენტი ნაზარბაევი იყო გაწონასწორებული, ჭკვიანი, წინდახედული, ბრძენი და განათლებული ლიდერი. ასეთი პიროვნების სათავეში დგომა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის იქნებოდა სასარგებლო სსრკ-ის დაშლისას, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ზოგიერთს გაუმართლა. ნაზარბაევმა შეამჩნია ნიჭიერი, ჭკვიანი ახალგაზრდა დიპლომატი, დაიყენა გვერდით და “გაზარდა”. ამ ახალგაზრდა დიპლომატმა კი მას და მის ქვეყანას პატიოსანი შრომითა და ერთგულებით უპასუხა, გაიზარდა და პრეზიდენტის გვერდში იდგა, “ფეხს უწყობდა” ყველა, სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველ და მომდევნო ნაბიჯებში, რომელთა გადადგმაც აუცილებელი იყო ახლად შექმნილი რთული ეთნიკური შემადგენლობის სახელმწიფოსთვის, რომელსაც ესაზღვრებოდა მასზე ძლიერი, ჩამოყალიბებული ქვეყნები. ბ-ნმა ტოკაევმა პრეზიდენტ ნაზარბაევის ნდობა მოიპოვა თავისი საღი აზროვნებით, პიროვნული თვისებებით, საერთაშორისო მსოფლმხედველობითა და პირადი უპატიოსნესი თვისებებით.

როგორ აღიქვეს ტოკაევის ყაზახეთის პრეზიდენტად დანიშვნა გაეროში?

გაეროს ჟენევის ოფისის თანამშრომლები მოხარულები იყვნენ, რომ მათი ყოფილი უფროსი ასეთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ზოგადად, ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც საჭირო ხარ და გიხმობენ სამშობლოს სამსახურში. უფრო ფართოდაც, ე.წ. საერთაშორისო ჟენევა ისევე, როგორც შვეიცარიის ხელისუფლების სამივე ფენა - მუნიციპალური, კანტონური და ფედერალური - რომლებიც იცნობდნენ და აფასებდნენ ბ-ნ ტოკაევს, ყველა უაღრესად გახარებული იყო მისი ასეთი წარმატებით.

ზოგადად, როგორ აღიქმება „გაეროს კაცის“ დანიშვნა იმ ქვეყნის პრეზიდენტად, რომელსაც დემოკრატიზაციის კუთხით ბევრი გამოწვევა აქვს, შეიძლება თუ არა დადებითი პროგნოზის გაკეთება ამ მიმართულებით?

დამისახელეთ ერთი ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიასთან მიმართებაში არანაირი გამოწვევა არ გააჩნია ამ სიტყვის სრული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი გაგებით. მაგრამ, თქვენი გზავნილიდან გამომდინარე, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს პიროვნული დემოკრატიული მიდრეკილებები და გაეროს გამოცდილება, იკავებდეს ასეთ მაღალ თანამდებობას, რაც საშუალებას აძლევს, ზომები მიიღოს თქვენ მიერ აღნიშნულ გამოწვევებთან მიმართებაში.

როგორ აფასებთ ტოკაევის პრეზიდენტობის პირველ თვეებს?

ზედმეტი იქნება ჩემი მხრიდან “შევაფასო” გაეროს წევრი ქვეყნის პრეზიდენტის მუშაობა. საერთოდ, ჩვენ, საერთაშორისო მოხელეებს, ნაკლებად გაგვაჩნია ამის საშუალება. მაგრამ, როგორც გარეშე დამკვირვებლის, ჩემი პირადი მოსაზრებით, მისი პირველი ნაბიჯები სწორი და მისასალმებელია, დაწყებული საქმიანი ტიპის ინაუგურაციით, რომელიც ჩატარდა დაუყოვნებლივ, მრავალი საერთაშორისო სტუმრისა და დაუმთავრფებელი ზეიმისა და ქეიფის გარეშე. ეს იყო მოკრძალებული, საქმიანი, და, ამავე დროს, ღირსეული, საზეიმო ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე ახალი პრეზიდენტი საქმეს შეუდგა. და მას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი, პირველ რიგში, საშინაო საქმეები.

რამდენად აისახება ტოკაევის პრეზიდენტად დანიშვნა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე, როგორია მისი პირადი პოზიცია ჩვენი ქვეყნის მიმართ?

ბ-ნი ტოკაევი ძალიან კარგად არის განწყობილი საქართველოსა და ქართველების მიმართ. იგი მომხრეა ურთიერთობების გაძლიერების საქართველოსთან ისევე, როგორც ყველა ახლო თუ შორეულ მეზობელთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდება ჩვენი ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება და გაღრმავება. ეს რომ მოხდეს, ჩვენ უნდა «დავალაგოთ» ჩვენი ქვეყანა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყველა ქმედება ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და უნდა დავგმოთ ის ვიწროპოლიტიკური ინტერესები და ამბიციები, რომლებსაც, როგორც ვხედავთ, გატაცებული აქვს ქვეყნის ცხოვრება. სხვათა შორის, მსგავსი პრობლემები ყაზახეთის ახალი პრეზიდენტის წინაშეც დგას.

This article is from: