3 minute read

საინვესტიციო ჯგუფი "კაპიტოლი" - ყაზახური ინვესტიციებით განხორციელებული პროექტების მართვით დაწყებული წარმატების ისტორია

საინვესტიციო ჯგუფი „კაპიტოლი“ 2014 წელს შეიქმნა და მას შემდეგ წარმატებით უძღვება ქართული და ყაზახური ინვესტიციებით განხორციელებული პროექტების მართვას უძრავი ქონების განვითარებასა და მართვაში, მშენებლობაში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობისა და წარმოება-გადამუშავების სფეროში. საინვესტიციო ჯგუფი „კაპიტოლის“ სახელს უკავშირდება ქვეყანაში ამერიკული სასტუმროების ბრენდის „ბესთ უესთერნ ინთერნეიშენალისა“ და ესპანური სასტუმროების მართვის ჯგუფის „ჰოტელ ქოლექშენ ინთერნეიშენალის“ წარმომადგენლობა. საინვესტიციო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი ჟურნალ „დიპლომატთან“ კომპანიის განვლილ გზასა და ქართულ-ყაზახურ სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს. ის იმედოვნებს, რომ „კაპიტოლის“ საინვესტიციო პორტფელი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება და ყაზახეთის გარდა სხვა ქვეყნების ინვესტორებიც იქნებიან წარმოდგენილნი.

ბატონო გიორგი, როგორ შეიქმნა საინვესტიციო ჯგუფი „კაპიტოლი“ და რა კავშირი აქვს მას ყაზახეთთან?

Advertisement

2014 წელს შეიქმნა „კაპიტოლ ჯგუფი“, რომელმაც ერთიანი მართვის ქვეშ მოაქცია 2006 წლიდან 2013 წლამდე სხვადასხვა ყაზახური ინვესტიციით განხორციელებული პროექტები. იმ დროს ისინი იყვნენ კრიზისულ მდომარეობაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მძიმე შედეგების გამო. შესაბამისად, იყო კვალიფიციური მართვის საჭიროება და ისე დაემთხვა, რომ გუნდი, რომელიც საჭირო იყო ამ საქმისთვის, შევკარით უმოკლეს პერიოდში, მმართველ კომპანიას დავარქვით „კაპიტოლ მენეჯმენტი“, ხოლო „კაპიტოლ ჯგუფი“ ეწოდა ჯგუფს, რომელშიც ზემოთ ხსენებული კომპანიები გაერთიანდა.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა, როგორ აფასებთ საინვესტიციო გარემოს საქართველოში და უშუალოდ თქვენ როგორ მუშაობთ ამ მიმართულებით?

საინვესტიციო გარემო საქართველოში მიმზიდველია, მაგრამ - არასრულყოფილი და საჭიროებს გაუმჯობესებას ბევრი მიმართულებით. თუმცა საგადასახდო რეჟიმით, მისი პრეფერენციებით, სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით, საინვესტიციო გარემოთი საქართველო მაინც მიმზიდველია ბევრი ქვეყნისთვის და მათ შორის ყაზახეთისთვის იმიტომ, რომ აქვს ძალიან კარგი მდებარეობა, რაც ყაზახეთს აძლევს საშუალებას, შავი ზღვის გავლით გავიდეს მსოფლიო წყლებში და გაიტანოს თავისი პროდუქცია და პირიქით.

რაც შეგვეხება ჩვენ, პროექტების მართვისთვის, საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად ადგილობრივ კომპეტენციას ვიყენებთ. ჩვენი ინვესტორები მეტწილად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოში პირადად არ საქმიანობენ და იშვიათად ჩამოდიან - წელიწადში რამდენჯერმე, შესაბამისად, ჩვენ ვასრულებთ მათ ფუნქციებს, როგორც, ასე ვთქვათ, ინვესტორებისა და დამფუძნებლების წარმომადგენლები, ვზრუნავთ მათ საქმიანობაზე ისე, რომ მათი მიზნები და სტრატეგია იყოს განხორციელებული.

საინვესტიციო ჯგუფი „კაპიტოლი“ სწრაფად და წარმატებით ვითარდება, როგორია კომპანიის მთავარი მიღწევები და რა გამოწვევებს აწყდებით ბაზარზე?

2014 წელს დავფუძნდით, მალევე განვსაზღვრეთ ჯგუფის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია, შევიქმენით მკაფიო წარმოდგენა, თუ რა მიმართულებით ვაპირებდით მომდევნო 10 წლის განმავლობაში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებას, შესაბამისად, გადავდგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რამაც ჩვენი დღევანდელი მიღწევები განაპირობა.

ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, რაც ჩავიფიქრეთ, იყო უძრავი ქონება და სტუმართმასპინძლობა, გვესმოდა, რომ გამოწვევა იყო მართვის კომპეტენციები და ადამიანური რესურსები, რეგიონების

ინფრასტრუქტურული განუვითარებლობა, შესაბამისად, მრავალი მიმართულებით გავხდით საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორები, მაგალითად - „ბესთ უესთერნ ინთერნეიშენალი“ სასტუმროების ამერიკული ბრენდია, რომელსაც დაახლოებით 16 შიდა ქვებრენდი აქვს და ჩვენი მეშვეობით ყველა ხელმისაწვდომია საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზარზე. ასევე გავხდით ესპანური სასტუმროების მართვის ჯგუფის „ჰოტელ ქოლექშენ ინთერნეიშენალის“ (HCI) წარმომადგენლები და პარტნიორები საქართველოში. HCI 22 სასტუმროს აკრედიტებული მმართველია, მათ შორის ისეთი ბრენდების, როგორიცაა „ჰილტონი“, „აქორი“, „ინტერკონტინენტალი“, „შერატონი“და „მერიოტი“. ამ ორი პარტნიორობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, რეგიონებში შევსულიყავით, შეგვექმნა საინვესტიციო პროექტი ტურიზმის მიმართულებით, გვქონოდა საერთაშორისო ბრენდი და საერთაშორისო ხარისხის მართვა. დღესდღეობით ესპანელებთან თანაპარტიორობით სამ სასტუმროს მიეცა კვალიფიციური მართვის შესაძლებლობა და რვა სასტუმროს აქვს ჩვენი წარმომადგენლობის ბრენდი მინიჭებული, რაც რეგიონებში პროგნოზირებადი საერთაშორისო ხარისხის მიწოდების საშუალებას იძლევა.

ჩვენი მთავარი მიღწევა არის სწრაფად მზარდი გუნდი, რომლის დახმარებით და რომელზე დაყრდნობითაც ვაკეთებთ ყველა იმ პროექტს, რომელიც მიმდინარე ეტაპზე და სამომავლოდაც უკვე ძალიან სოლიდურ საინვესტიციო პროექტებად გადაიქცევა და მოაქვს შესაბამისი დივიდენდები ჩვენთვისაც და ინვესტორებისთვისაც.

ასევე აღსანიშნავია პორტფელის გასამმაგება, ექვს წელიწადში გავასამმაგეთ საინვესტიციო პროექტების პორტფელი, როდესაც ჩავიბარეთ, ეს იყო დაახლოებით 45 მილიონი ამერიკული დოლარის პროექტები, დღეს დაახლოებით 150 მილიონი ამერიკული დოლარის პროექტებს ვმართავთ.

ყაზახური ინვესტიციების პოტენციალის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი მცირე რაოდენობით არიან საქართველოში წარმოდგენილნი, როგორ ხსნით ამას, რა არის ყაზახი ინვესტორების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორები?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთმა ისევე, როგორც საქართველომ ეკონომიკურ-პოლიტიკური განვითარების კუთხით ძალიან რთული გზა განვლო, მათ თავიანთი გამოწვევები ჰქონდათ

ქვეყანაში, შესაბამისად, დოვლათი არ გროვდებოდა კერძო კაპიტალის სახით, რომ გარეთ გასულიყო, შედეგად, ყაზახური ინვესტიციები საერთაშორისო ბაზარზე, ძირითადად, სახელმწიფო ორგანიზაციების მეშვეობით გადიოდა. საქართველოში იყო ასეთი პრეცედენტი - „კაზმუნაი გაზი“, რომელიც ახორციელებდა თბილისის მასშტაბით გაზის დისტრიბუციას. ახლა კი საქართველოში წარმოდგენილია „რომპეტროლი“, „ხალიკ ბანკი“, ასევე ყაზახური კომპანიის თანაინვესტირებით აშენდა სასტუმრო ბორჯომში, რომელმაც „რიქსოსის“ ბრენდით დაიწყო და ყაზახების პარტნიორობიდან გასვლის შემდეგ „ბორჯომი ლიკანი“-ს ბრენდით გააგრძელა. როგორც ჩანს, ბოლო ათ წელიწადში ყაზახეთშიც დაგროვდა კერძო სექტორში საკმარისი კაპიტალი და მათ გადაწყვიტეს, რომ რეგიონში დივერსიფიცირება მოეხდინათ და თავიანთი ბიზნესები სხვადასხვა ქვეყნებში გაეფართოვებინათ.

შესაბამისად, ბოლო წლებში უკვე გააქტიურებულია ყაზახური კაპიტალი საქართველოში და უნდა ითქვას, რომ ყაზახეთშიც გააქტიურებულია ქართული კაპიტალი - არიან ქართველები, რომლებიც ფიქრობენ თავიანთი ბიზნესის დივერსიფიკაციაზე და გადიან რეგიონსა და შუა აზიაში. როგორც უზბეკეთში, ასევე ყაზახეთში, მეტ-ნაკლებად იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსური და სამართლებრივი გარანტიები უფრო მეტად არის, ვიდრე სხვა ქვეყნებში, შესაბამისად, ქართული ინვესტიციებიც გაედინება ამ მიმართულებით, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლებში ეს უფრო განვითარდება და გაღრმავდება, რაც უფრო მეტ ინვესტიციას მოუტანს საქართველოს უშუალოდ ყაზახეთიდან.

ასევე, თუ რატომ არის მიმზიდველი საქართველო ყაზახი ინვესტორებისთვის - დავამატებდი, რომ საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით ლიდერია რეგიონში, ეკონომიკური განვითარების ტემპების მიუხედავად, რომელიც ბოლო წლებში შენელებულია, ის მაინც კარგ პოზიციებს ინარჩუნებს მსოფლიო რეიტინგებში ბიზნესის კეთებისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის კუთხით. ლოგისტიკურად და გეოპოლიტიკურად კარგი მდებარეობა აქვს საქართველოს, გასაგებია, რომ უსაფრთხოების რისკები არსებობს, თუმცა ყაზახური კაპიტალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბაზარი იყოს ნაცნობი, მეტ-ნაკლებად გასაგები და პროგნოზირებადი. ასევე პოზიტიური კონტექსტია ყაზახ და ქართველ ხალხს შორის ისტორიულად ძალიან კარგი ურთიერთობა - ისინი ჩამოდიან ქვეყანაში, სადაც ენის ბარიერი არ აქვთ, სადაც ოთხსეზონიანი და მრავალფეროვანი ბუნება და კლიმატია, რაც მათთვის იშვიათია, ვინაიდან ძალიან მკაცრი ბუნებრივი კლიმატია ყაზახეთში და საქართველო ამ კუთხით მათთვის მიმზიდველია, ასევე ტურიზმისა და გასტრონომიის მომხიბვლელობა, რაც მათთვის დამატებითი მიზიდულობის წერტილად იქცევა, შედეგად ინვესტიცია ხდება სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად.

This article is from: