5 minute read
ნათია თურნავა: ჩვენ ვაპირებთ საქართველო ვაქციოთ უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონულ ჰაბად ბიზნესის წარმატებისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც განაპირობა საქართველოს ძალისხმევამ, ბიზნესისთვის მდგრადი და მიმზიდველი გარემოს შექმნაში, ასევე ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის ამოქმედების საქმეში. დიპლომატისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათია თურნავამ გამოხატა უდიდესი ნდობა საქართველოს ამჟამინდელი ბიზნესგარემოს მიმართ, ხოლო მომავლის შესახებ ნათელი იმედები გამოთქვა.
როგორ შეაფასებთ წლევანდელ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რა იყო ის მთავარი გზავნილები, რომლებსაც განსაკუთრებით გამოყოფდით?
Advertisement
წელს ჩვენ მესამედ ვუმასპინძლეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ და სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე ფორუმისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. წლევანდელ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ამიტომ ვფიქრობ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე იქცა ნამდვილ ბრენდად.
ფორუმმა მონაწილეებს საშუალება მისცა, ემსჯელათ ისეთ თემებზე, როგორიც არის შუა კორიდორის განვითარება და მისი მომავალი, როგორ გავხადოთ ის უფრო კონკურენტუნარიანი როგორც ტვირთებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის; ქვეყნებს შორის საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება, ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის როლი ეკონომიკის განვითარებაში და სხვა.
ამავდროულად მინდა გამოვყო, წინა ფორუმებისგან განსხვავებით, წელს ჩვენ უკვე მივიღეთ განსხვავებული სურათი და თუ მანამდე მთავრობას უწევდა ბიზნესსექტორის დარწმუნება, რომ საქართველოში ინვესტირება მათთვის მომგებიანი იქნებოდა, წლევანდელ ფორუმზე ჩვენ ამის რეალური შედეგი მივიღეთ და ბიზნესი უკვე თავად საუბრობდა საქართველოში არსებულ საინვესტიციო მიმზიდველობასა და მათი ბიზნესების წარმატებაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ესეც არის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა.
რა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ახალ აბრეშუმის გზაზე, ზოგადად როგორ შეაფასებთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, რამდენად ეფექტურად მუშაობს და საქართველოსთვის რა ხელშესახები შედეგის მომტანია, თუ არის უკვე კონკრეტული შედეგები სახეზე?
კონკრეტულ შედეგებზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს საქართველო - ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება მრავალი მიმართულებით, იქნება ეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება, სატრანსპორტო გადაზიდვების განვითარება თუ სხვ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რათა უფრო კოორდინირებულად წარვმართოთ ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, განვსაზღვროთ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.
აღსანიშნავია, რომ იზრდება ჩინეთის მხრიდან დაინტერესება საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მიმართ, რომლის გავლითაც 2015 წლიდან ხორციელდება სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთიდან. ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ დერეფანში გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, მაგ. 2018 წელს დაახ. 5-ჯერ არის გაზრდილი 2015 წლის მოცულობებთან შედარებით (228 TEU-დან 1338 TEU-მდე). ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა საშუალებას გვაძლევს, უკეთ წარმოვაჩინოთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანის, მნიშვნელობა და მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთნაკადები ჩვენს დერეფანში, ასევე გავაძლიეროთ ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალი. აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთიდან რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებაზე არა მარტო თურქეთის, არამედ ევროპის ქვეყნების მიმართულებითაც. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ახლახან სატესტო რეჟიმში გაიარა პირველმა საკონტეინერო მატარებელმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გავლით ჩინეთიდან ჩეხეთში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მას რეგულარული სახე მიეცემა. ამასთან, ჩვენ ვავითარებთ შავ ზღვაზე მიმოსვლას, რათა უზრუნველვყოთ წვდომა ევროპულ ბაზართან და კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოზე გამავალი მარშრუტების მიმზიდველობა. ფიდერული მიმოსვლა დაიწყო საქართველოსა და უკრაინას შორის 2019 წლის ოქტომბერში. ასევე, გაფორმებულია შეთანხმება რუმინეთსა და საქართველოს ნავსადგურებს შორის (ბათუმი-კონსტანცა) რეგულარული მიმოსვლის დაწყების თაობაზე. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სარკინიგზო-მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას.
გარდა ამისა, 2019 წელს, აპრილში გაფორმდა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმება ჩინეთთან, რაც ქმნის დამატებით შესაძლებლობებს სატვირთო გადაზიდვების განვითარებისთვის ორ ქვეყანას შორის.
რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. ამ ეტაპზე რთულია, ვისაუბროთ მის ეფექტურობაზე რეგიონული მასშტაბით, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც აღნიშნული ინიციატივა იძლევა სავაჭრო-სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით როგორც ჩინეთთან, ისე აზიის სხვა ქვეყნებთან, ბუნებრივია, არსებული რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.
ხშირად საუბრობთ, რომ თქვენი პრიორიტეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა, ამ მხრივ 2018-2019 წლებში კლება დაფიქსირდა, როგორ მუშაობთ ამ საკითხზე?
როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ინვესტორები გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ ქვეყნის მიმზიდველობის შეფასების საფუძველზე იღებენ, არამედ აკვირდებიან რეგიონის და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან გლობალურად შეინიშნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემცირება, რაც მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია გეოპოლიტიკური პროცესებისა და სავაჭრო დაძაბულობის შედეგად გაზრდილ რისკებთან. შედეგად, გლობალურად შეინიშნება საინვესტიციო ნაკადების შემცირება. აღნიშნულს ემატება ის ფაქტი, რომ 2018 წელს დასრულდა უდიდესი პროექტის, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა, რასაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. შემცირების მიუხედავად საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-თან მიმართებით მდგრად დონეზეა. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მშპ-ს 7.2%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად, რამდენჯერმე აღემატება რეგიონისა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების დონეს.
სარეიტინგო კომპანია „S&P-ის“ შეფასებით, მთლიანად უცხოური ინვესტიციების ისევე, როგორც წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე ქვეყანაში აჭარბებს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.
დღესდღეობით საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას როგორც რეგიონის, ისე მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის კეთების სიმარტივისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით. მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში უცხოელი ინვესტორების ოპერირებისათვის. საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას ინვესტირების სხვადასხვა ეტაპზე, ინვესტირებამდე პერიოდიდან ინვესტირების შემდგომი მომსახურების ჩათვლით. ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის მთავარ ფუნდამენტს მაკრო- ეკონომიკური სტაბილურობა, ინსტიტუციური სიძლიერე და ეკონომიკური რეფორმები წარმოადგენს.
აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვაზე. დაწყებულია მუშაობა ბიზნესპროცესების გამარტივების კუთხით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უკვე ემსახურება ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც კომპანიებს უმარტივებს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას.
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებისთვის 2019 წელს სამიზნე ბაზრებზე ორგანიზება გაეწია ექვს „Roadshow- სა“ და საერთაშორისო ღონისძიებას. შეხვედრები გაიმართა 110 კომპანიასთან ხუთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა: სტუმარმასპინძლობის ბიზნესი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, ავეჯის წარმოება, ავტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების წარმოება, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, გემთმშენებელი ინდუსტრია. 2019 წლის ბოლომდე კიდევ დაგეგმილია ოთხი „Roadshow“ და საერთაშორისო ღონისძიება. ხოლო 2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია 18 საინვესტიციო „Roadshow“ და საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება 300-მდე სამიზნე კომპანიასთან პრიორიტეტული სექტორებიდან.
ზემოაღნიშნული და სხვა აქტივობის შედეგად ქართული ბაზრით კიდევ უფრო მეტი პოტენციური ინვესტორის დაინტერესებას ვგეგმავთ.
რა აბრკოლებთ უცხოელ ინვესტორებს, რა არის მთავარი გამოწვევები, რომლის გადაჭრასაც აპირებთ?
ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს ვპასუხობთ პრეფერენციული/თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებით, რომლებიც საქართველოდან კომპანიებს აძლევს წვდომას 2.3 მლრდ-იან ბაზრებზე, რაც ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ჩვენი ხედვაა რეგიონალური ჰაბის ფორმირება ყველა მიმართულებით, როგორც სატრანსპორტო, ისე მაღალტექნოლოგიური და სამეწარმეო შესაძლებლობების კუთხით, რათა საერთაშორისო კომპანიებს ხელი შევუწყოთ, უფრო მოკლე დროში და გაცილებით მომგებიანად მიაღწიონ ამ ბაზრებს საქართველოდან. დამატებით ცნობადობის კიდევ უფრო ასამაღლებლად ვატარებთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე.
სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ OECD რეიტინგში „FDI Regulatory Restrictiveness Index“ საქართველოს 10 ყველაზე ღია ქვეყანას შორის ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია აქვს ინვესტიციების მიმზიდველობისა და განხორციელების კუთხით.
განსაკუთრებით საინტერესოა ყაზახეთის შემთხვევა, რომელიც წლების წინ ინვესტიციების კუთხით მზარდ ტენდენციას აჩვენებდა, ბოლო წლებში კი ყაზახი ინვესტორები ტოვებენ საქართველოს და ახალი ინვესტიციებიც ყაზახეთიდან თითქმის არ ხორციელდება, როგორ უყურებთ ამ საკითხს?
ყაზახეთი წარმოადგენს საქართველოსთვის მნიშვნელოვან და საიმედო ეკონომიკურ პარტნიორს. მჭიდრო თანამშრომლობა მხარეთა შორის ეკონომიკური მიმართულებით შეიძლება ჩაითვალოს ნათელ მაგალითად იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა სუვერენულ ქვეყნებს შორის.
ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთს შორის ვითარდება დიალოგისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების მეშვეობით. მათ შორის ერთ-ერთი წარმატებულად ფუნქციონირებადია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატი, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ენერგეტიკული, კულტურულ-ჰუმანიტარული და მრავალი სხვა სფეროს განვითარების კარგი ინსტრუმენტია და რომელმაც მოგვცა საშუალება, ერთობლივად მიგვეღო ბევრი მნიშვნელოვანი და ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილება.
ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და რომელ სექტორებში ხედავთ უფრო მეტ პერსპექტივას?
დღევანდელი მდგომარეობით საქართველო და ყაზახეთი წარმოადგენენ სტაბილურ სავაჭრო პარტნიორებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა სრულად ვერ ასახავს ორივე ქვეყნის რეალურ პოტენციალს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს. შესაბამისად, საერთო ძალისხმევით ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ამ პოტენციალისა და შესაძლებლობების რეალიზება ორივე მხარის საერთო ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციას ყაზახეთში წარმოადგენს:
• მინერალური და უალკოჰოლო გაზიანი წყლები;
• ღვინო და სპირტიანი სასმელები;
• თხილი;
• ხილ-ბოსტნეულის კონსერვები;
• რკინიგზის სატვირთო არათვითმავალი ვაგონები;
• ფეროშენადნობები;
• სამკურნალო საშუალებები და სხვ.
ყაზახეთიდან ძირითადად ხორციელდება ისეთი პროდუქციის იმპორტი, როგორიცაა:
• ხორბალი და ხორბლის ფქვილი;
• ხახვი;
• მაკარონის ნაწარმი და ბურღული;
• გაყინული თევზი;
• რეზინისა და პლასტმასის დასამუშავებელი მოწყობილობები;
• ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი;
• ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და სხვ.
მიმდინარე ეტაპზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საფუძველს გვაძლევს, რომ თანამშრომლობის გაღრმავების ახალ არაერთ საშუალებას მივაკვლიოთ შემდგომშიც და მრავალი წარმატებული ერთობლივი პროექტი განვახორციელოთ ორივე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.
დაბოლოს, რას ეტყოდით ყაზახ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტირებით, თუმცა ჯერ კიდევ თავს იკავებენ?
ჩვენი გზავნილი ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის ყაზახი ინვესტორებისთვის, არის ძალიან მოკლე და მკაფიო: საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც გახსნილია თქვენი ბიზნესებისთვის. ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო რეიტინგიც, მათ შორის მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგი, სადაც საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-7 პოზიციაზეა, რეგიონში კი პირველ ადგილზე ვართ. გარდა ამისა, ინვესტორების ნდობას ამყარებს საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებში.
სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით - „სტაბილური“.
წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმებისა, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაატარა. ეს არის ასევე იმის აღიარება, რომ რეგიონის მასშტაბით საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად და სტაბილურად ვითარდება.
გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირისა და EFTA-ს ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და სხვა. ასე რომ, ყოველივე ეს, ვფიქრობ, თავად მეტყველებს საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკაზე და მინდა ყველა უცხოელ ინვესტორს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ საქართველოში მათ ელით უსაფრთხო და მიმზიდველი ბიზნესგარემო.