3 minute read

ნიკოლოზ გეგუჩაძე: ჩვენ უკან სერიოზული ფინანსური ჯგუფი დგას

2008 წელს საქართველოს საბანკო-საფინანსო ბაზარზე „ყაზახეთის ხალიკ ბანკის“ შვილობილი ორგანიზაცია გამოჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული „ხალიკ ბანკი“ ქართველ მომხარებელს არაერთ საინტერესო პროდუქტსა თუ სერვისს სთავაზობს და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემის განვითარებაში.

„ხალიკ ბანკის“ დაარსების ისტორიაზე, საგადასახადო ინსტრუმენტების მოქნილობასა და უპირატესობებზე ჟურნალ „Diplomat-ს“ ბანკის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე ესაუბრა.

Advertisement

როდის და როგორ გაჩნდა საქართველოში „ყაზახეთის ხალიკ ბანკის“ შვილობილი ორგანიზაციის - „ხალიკ ბანკის“ დაარსების იდეა?

„ხალიკ ბანკი” შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი საფინანსო ჯგუფის წევრია ყაზახეთში და მოიცავს როგორც საბანკო, ასევე სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტს. ორგანიზაცია არსებობის 96 წელს ითვლის. 2005 წლიდან „ხალიკ ბანკის“ აქციებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობენ და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მდგრადი, წარმატებული და ძლიერი ფინანსური ჯგუფი, არა მხოლოდ ყაზახეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.

გარდა ყაზახეთისა, ბანკი ხუთ ქვეყანაშია წარმოდგენილი, 2008 წლის იანვრიდან კი იგი საქართველოს ბაზარზეც შემოვიდა. მოგეხსენებათ, ეს წელი რთული იყო საქართველოსთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის. არსებულ ფინანსურ კრიზისს საქართველოში საომარი მოქმედებები დაემატა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, „ხალიკ ბანკმა“ განაგრძო მოღვაწეობა, რაც ხაზს უსვამს მის მდგრადობასა და სიძლიერეს. ზოგადად, „ყაზახეთის ხალიკ ბანკი“ მარტივად არ იღებს გადაწყვეტილებებს - რომელიმე ქვეყანაში შესვლისა თუ გამოსვლის თაობაზე. უკვე 2010 წლიდან აქტიურად დავიწყეთ მოღვაწეობა საქართველოს ბაზარზე.

ისტორიულად საქართველო და ყაზახეთი ყოველთვის თანამშრომლობდნენ, გააჩნდათ მეგობრული ურთიერთობა. ბოლო წლებში ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა. შესაბამისად, მსგავსმა პროცესებმა შეუწყო ხელი „ხალიკ ბანკის“ დაარსებას. საქართველოს საბანკო-საფინანსო ბაზარმა, მიუხედავად არც თუ ისე დიდი ზომისა, მიიპყრო მათი ყურადღება სიმარტივითა და გამჭვირვალობით.

„ხალიკ ბანკი“ არის უნივერსალური ბანკი, რომლის ძირითადი მიმართულება, ვიტყოდი, რომ არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ბოლო პერიოდში დავიწყეთ საცალო მიმართულებით განვითარებაც. ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ ხალიკ ჯგუფის წევრ ექვს ქვეყანასთან სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზების მიმართულებებით.

როგორ შეაფასებდით ზოგადად საბანკო-საფინანსო სფეროს საქართველოში, რა შეიცვალა 2008 წლის შემდეგ?

საქართველოში საბანკო-საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია სხვა სფეროებთან შედარებით. წარმატებით ინერგება ბაზარზე ახალი ტექნოლოგიები თუ პროდუქტები. მასზე მაქსიმალურად აისახება მსოფლიოში მიმდინარე ახალი ტენდენციები. ბოლო პერიოდში ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, რაც ძალიან კარგია ბიზნესის წარმოების გაზრდისა და გაჯანსაღების მხრივ.

სწორედ ეს კონკურენცია ქმნის ახალ, საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტებს. ნებისმიერი ბანკი იძულებულია, აჰყვეს არსებულ ტრენდს და მიაწოდოს კლიენტურას სათანადო პროდუქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობა ძალიან გაუჭირდება.

ბანკების ხარისხი თუ მომსახურება წლიდან წლამდე იცვლება. რასაკვირველია, დღეს უფრო მაღალია განვითარების დონე და ხუთი წლის შემდეგ კიდევ უფრო სხვა ვითარება იქნება. ჩვეულებრივ, ეს არის სწორი ტენდენცია, მიმართულება, რომელსაც საქართველოს საბანკო სისტემაც მიჰყვება და არ არის ჩამორჩენა.

დღევანდელი კონკურენციის პირობებში რა განაპირობებს საქართველოში „ხალიკ ბანკის“ უპირატესობას სხვა ბანკებთან მიმართებაში?

ერთი მხრივ, მართლაც სერიოზული კონკურენციაა, მეორე მხრივ, ჩვენი დიდი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ უკან დგას სერიოზული ფინანსური ჯგუფი, განვითარებული, სტაბილური და ძლიერი. ნებისმიერი ახალი ინოვაციის, ნებისმიერი ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის, იმპლემენტაციისა და გამართვის პერიოდში

საიმედო ძალას წარმოადგენს ის, რომ შენ გვერდით დგას უზარმაზარი ფინანსური ჯგუფი. მაქსიმალურად ვცდილობთ, უპირატესობა, რომელიც აქედან გამომდიანრე აქვს „ხალიკ ბანკს“, პოზიტიურად გამოვიყენოთ და ახალი, საინტერესო პროდუქტები და მომსახურება მივაწოდოთ კლიენტურასა თუ ზოგადად მოსახლეობას.

2020 წლისთვის ახალი სტრატეგია შევიმუშავეთ. ვაპირებთ, არ შევანელოთ აღებული კურსი, უფრო განვვითარდეთ და გავზარდოთ ცნობადობა.

„ხალიკ ბანკის“ რამდენი ფილიალი ფუნქციონირებს დღეისათვის საქართველოში?

დღეისათვის საქართველოში რვა ფილიალია წარმოდგენილი, რომლებიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ სს "ხალიკ ბანკ საქართველოს“ მიანიჭა გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი უცხოურსა და ეროვნულ ვალუტაში - "BB-“. სარეიტინგო პროგნოზი - "პოზიტიური", მოკლევადიანი ემტიენტის დეფოლტის რეიტინგი - "B", მხარდაჭერის რეიტინგი - "3". რა მნიშვნელობა აქვს ამას ბანკისთვის?

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული ფინანსური ჯგუფის წევრი, რომელსაც იცნობს მსოფლიოში ყველა დიდი ფინანსური ინსტიტუტი, შესაბამისად, ჩვენ ამ ჯგუფის შემადგენელი ნაწილი ვართ. „ყაზახეთის სახალხო ბანკი“ არ არის ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ რეიტინგზე. მისთვის პრიორიტეტია, საკუთარი ჯგუფის წევრებსაც მაღალი სტანდარტები გააჩნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოცულობით ბევრად მცირენი ვართ, ვიდრე ჩვენი დამფუძნებელი ბანკია, ძალიან ბევრი მარეგულირებელი და მარეგლამენტირებელი დოკუმენტაცია გვაქვს მსგავსი. ეს დოკუმენტაცია, რა თქმა უნდა, ადაპტირებულია ქართულ ბაზასთან და რეგულაციებთან. აქედან გამომდინარე, ჯგუფს გააჩნია ერთიანი პლატფორმა.

სხვა მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე, ბანკში თანხის განთავსებაზე, სანდოობასა თუ ჩვენ მიერ გაცემულ სხვადასხვა გარანტიებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან გაქვს საქმე, არის თუ არა გამჭვირვალე მათი საქმიანობა. „Fitch Ratings-ის“ რეიტინგი გვეხმარება და კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებლის ნდობას ჩვენი ინსტიტუტის მიმართ.

მომხმარებლისთვის საბარათე ტექნოლოგიების შეთავაზებების კუთხით „ხალიკ ბანკს“ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოში. კონკრეტულად, რას მოიცავს ეს შეთავაზებები?

საბარათე ტექნოლოგიები, ციფრული ტექნოლოგიები და დისტანციური საბანკო მომსახურება საბანკო სისტემის ხვალინდელი დღეა. მაქსიმალურად ვცდილობთ, კლიენტებს შევთავაზოთ მარტივი და საინტერესო პროდუქტი. რაც შეეხება საბარათე გადახდის საშუალებებს, ჩვენ ვართ VISA-ს ძირითადი და MasterCard-ის ასოცირებული წევრები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ახალი პროდუქტების დანერგვაზე. მაგალითად, ერთ-ერთი პირველები ვიყავით ე.წ mPOS ტერმინალების შემოტანაში. ამ ტიპის პატარა ტერმინალებს აქტიურად გამოიყენებენ ტაქსის მძღოლები, მიტანის სერვისის წარმომადგენლები და იმ სფეროში დასაქმებულები, სადაც დიდი პოსტტერმინალის ტარება რთულია. ეს დანადგარი ბევრად უფრო მოქნილი და მარტივია. ამასთანავე, ადრე საქართველოში შეუძლებელი იყო, ტაქსით მგზავრობისას ბარათით გადაგეხადა, დღესაც ეს სერვისი ყველას არა, თუმცა ჩვენი ხელშეწყობით ბევრ ტაქსს გააჩნია. მაგალითად, აეროპორტის ტერიტორიაზე მდგომი ტაქსები ჩვენი გადახდის სისტემით, ემპოსებით არიან აღჭურვილნი. ნებისმიერ მგზავრს, რომელიც ჩამოდის საქართველოში, ჯერ არ აქვს გადახურდავებული თანხა, მარტივად შეუძლია გადაიხადოს ბარათის მეშვეობით. უკონტაქტო mPOS-ის დანერგვაში საქართველო პირველი აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპაში.

მეორე საინტერესო პროდუქტი არის ე. წ watch2pay-ები, რომელსაც მე თვითონ აქტიურად ვიყენებ. ხშირად, როდესაც სადმე მივდივარ, მაგალითად, მოგზაურობის დროს, როდესაც არ მინდა, თან ვიქონიო ფული, ამ საათით ნებისმიერ წერტილში შემიძლია გადახდა. watch2pay-ები ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში, განსაკუთრებით სტუდენტებში. მოქნილობასთან ერთად მას გააჩნია დაცულობის ფუნქცია.

რა გეგმები გაქვთ მომავალში?

2020 წელი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი „ხალიკ ბანკის“ ისტორიაში. ვაპირებთ, დავნერგოთ ძალიან ბევრი და კარგი სიახლე, ერთ-ერთს მალე შეიტყობს ჩვენი მომხმარებელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მთელი საქართველო. ყოველ წელს, პერიოდულად, ვაპირებთ სხვადასვხა მიმართულებით ინოვაციური სერვისების შეთავაზებას მომხმარებლისთვის, ამასთანავე, დისტანციური საბანკო მომსახურების განვითარებასაც ვგეგმავთ. გვაქვს შესანიშნავი ინტერნეტბანკინგი, რომელიც ნებისმიერ საერთაშორისო დონის ბანკს დააინტერესებდა და გამოიყენებდა. „ხალიკ ბანკი“ პრივილეგირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტები მივაწოდოთ მოსახლეობას და გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომ ექვს ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი. ეს ის ქვეყნებია, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, საქართველოშიც ცხოვრობენ ამ ქვეყნების წარმომადგენლები, ჩვენი მიზანი კი არის ის, რომ შევთავაზოთ მათ პროდუქტი და მომსახურება, რომელიც იქნება ხელსაყრელი, მარტივი და საინტერესო.

This article is from: