3 minute read

MinDoor: უსაზღვრო შესაძლებლობების კარი განვითარებისა და დასაქმებისთვის

საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია MinDoor-ი დაფუძნდა, რომლის ძირითად მიზანს ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა, ბიზნესში ჩართული ქალების ხელშეწყობა და რეგიონებში არსებული კომპანიებისა და ორგანიზაციების გაძლიერება წარმოადგენს. აღნიშნულ მიზნებსა და მათი მიღწევის გზებზე დიპლომატი MinDoor-ის დამფუძნებლებს ლანა ჩხარტიშვილს და ნინო ბერუაშვილს ესაუბრა.

საიდან გაჩნდა MinDoor-ის დაფუძნების იდეა?

Advertisement

ლანა ჩხარტიშვილი, MinDoor-ის დამფუძნებელი და აღ­ მასრულებელი დირექტორი:

MinDoor არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი განათლება და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით.

ჩვენ ღრმად გვწამს განათლების ტრანსფორმაციული ძალის. როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მქონდა შესაძლებლობა, FLEX-ის გაცვლითი პროგრამით მესწავლა აშშ-ში და მიმაჩნია, რომ ამ გამოცდილებამ ჩემს ცხოვრებაში საკვანძო, ტრანსფორმაციული როლი შეასრულა. სულ მქონდა სურვილი, დავხმარებოდი რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ მათაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მეტი ინფორმაცია, რაც მათ პროდუქტიულობას გააუმჯობესებდა. ზუსტად ამ სურვილმა გაგვაერთიანა მე და ნინო და მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორობა კვლავ შედგა, ახლა უკვე ასეთ მნიშვნელოვან საქმეში.

ძალიან საინტერესო დასახელება აქვს თქვენს ორგანიზაციას. რატომ MinDoor?

ნინო ბერუაშვილი, MinDoor-ის დამფუძნებელი და მმა­რთველი პარტნიორი:

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, ჩვენი ორგა- ნიზაციის დასახელება ჩვენი მისიის ამსახველი ყოფილიყო. ჩვენი მისია კი ასე ჟღერს: აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ინოვაციური იდეების გავრცელებას, რაც აღვივებს მოტივაციას, აფართოებს შესაძლებლობებს და ახდენს გავლენას საზოგადოებრივ დონეზე. დავფიქრდით, თუ რა გვჭირდება ასეთი იდეების აღმოჩენისა და გავრცელებისთვის, და მივხვდით, რომ ეს ჩვენი გონების კარია - Mind Door, რომლის გაღებაც გვეხმარება შესაძლებლობების გაფართოებაში; ხოლო ეს დასახელება რომ ფურცელზე გადავიტანეთ, მივხვდით, რომ იკითხება, როგორც მინდორი - ადგილი, რომელიც ასევე მეტაფორულად აღნიშნავს უსაზღვრო შესაძლებლობებს. ამიტომ, ჩვენს დასახელებაში ერთი „D“ ამოვაგდეთ და ასე გაჩნდა MinDoor - შესაძლებლობების ადგილი, სადაც თქვენთან შეხვედრა სულ გვიხარია.

საინტერესოა, კონკრეტულად რა მიმართულებებით იმუშა­ვებს თქვენი ორგანიზაცია?

ლანა ჩხარტიშვილი: სტრატეგიული განვითარების გეგმა სამ ძირითად მიზანს მოიცავს, რომელსაც ჩვენ, ჩვენებურად, ჩვენი დასახელებიდან გამომდინარე, სამ კარს ვუწოდებთ და ამ სამივე კარს ჩვენი კორპორაციული ფერები: მწვანე, ყვითელი და ლაჟვარდისფერი მივუსადაგეთ. პირველი, მწვანე კარის მიზანია მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების განვითარებას განათლების, მენტორობისა და პრაქტიკული საქმიანობის პროგრამების განხორციელების გზით; ყვითელი კარი გულისხმობს ქალების ხელშეწყობას ბიზნესსაქმიანობის განვითარებაზე, ხოლო ლაჟვარდისფერი კარი გულისხმობს რეგიონში არსებული კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინსტიტუციურ გაძლიერებაში ხელშეწყობას. გვჯერა, რომ თითოეულ კარს ბევრი გასაღები აქვს და გვინდა, მხარი დავუჭიროთ საზოგადოებას, რომ აღმოაჩინოს რაც შეიძლება მეტი გასაღები. ჩვენს თითოეულ კარს, ანუ მიზანს, გააჩნია ამოცანა, ანუ გასაღებები, სადაც დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ როგორ ვაპირებთ თითოეული კარის გახსნას საზოგადოებისთვის.

შეჯამებისთვის დავამატებ, რომ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ გაეროს მდგრადი განვითარების სამ მიზანზე: ხარისხიანი განათლება, დასაქმების ხელშეწყობა და საჯარო-კერძო პარტნიორობა. გვჯერა, რომ სწორედ ამ მიზნების მიღწევით არის შესაძლებელი ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა წევრისთვის ცოდნა და რესურსი მაქსიმალურად იქნება ხელმისაწვდომი და ისინი შეძლებენ აღნიშნული რესურსის გამოყენებას საკუთარი მომავლის გასაუმჯობესებლად, რითაც გაიზრდება ჩვენი საზოგადოების პროდუქტიულობა და კეთილდღეობა.

და ბოლოს, როგორია გუნდი, რომელიც ამ ამბიციური შედე­გის მიღწევას ისახავს მიზნად?

ნინო ბერუაშვილი: ლანას და ჩემი გამოცდილება საკმაოდ ფართოა და ის მოიცავს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე საქმიანობას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ჩვენ ერთმანეთი ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გავიცანით და მას შემდეგ არაერთგზის გადაიკვეთა ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის გზები. ჩვენი გამოცდილება გვაძლევს იმის ამბიციას, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ჩავუდგეთ სათავეში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდი ასევე შედგება ორგანიზაციის საპატიო წევრებისგან, რომელთაც ექსპერტული გამოცდილება გააჩნიათ, რომლებიც იზიარებენ ჩვენი ორგანიზაციის მისიას და ჩართულნი არიან პროექტების მართვისა და განხორციელების პროცესში. ასევე, ჩვენ გვყავს მრჩეველთა საბჭო, რომლის დანიშნულებასაც წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული მიზნების მათთან ერთად განხილვა და მათგან რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება. ახლა აქტიურად ვმუშაობთ მის საბოლოოდ დაკომპლექტებაზე და სულ მალე, წევრთა ვინაობას საზოგადოებას გავაცნობთ.

This article is from: