8 minute read
ინტერვიუ დანიის სამეფოს ელჩთან საქართველოში
ცოტა ხნის წინ საქართველოში დანიის სამეფოს საელჩო პირველად გაიხსნა. როგორია ელჩის პრიორიტეტული მიმართულებები და რამ განაპირობა საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის საჭიროება ამ და სხვა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე დანიის სამეფოს ელჩს საქართველოში ანე ტოფტ სორენსენს ვესაუბრეთ.
როგორც დანიის პირველი რეზიდენტი ელჩი საქართველოში, ალბათ უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობთ. რა იმედები და მისწრაფებები გაქვთ, როგორც ამ მისიის ხელმძღვანელს?
Advertisement
გმადლობთ ამ კითხვისთვის. პირადი გადმოსახედიდან მინდა, ხაზი გავუსვა, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს, პროფესიული თვალსაზრისით, საქართველოსა და სომხეთისთვის ჩემი დროის 100%-ის დათმობა. უკრაინაში ჩვენი საელჩოდან ექვსწელიწადნახევრის განმავლობაში ვფარავდი საქართველოსა და სომხეთს, ასე რომ, როდესაც შემომთავაზეს დანიის პირველი რეზიდენტი ელჩის პოზიცია საქართველოში, ეს ნამდვილად პატივი იყო და მაშინვე დავთანხმდი. ორივე ქვეყანა არის პატარა დემოკრატია გეოპოლიტიკური გამოწვევებით სავსე რეგიონში. დანია ასევე პატარა ქვეყანაა და ჩვენ გვესმის მყარი და საიმედო სტრატეგიული ალიანსებისა და პარტნიორობის მნიშვნელობა. დანიამ აირჩია საელჩოს გახსნა გადამწყვეტ მომენტში, როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის, რომლებიც ევროკავშირისკენ არიან მიმართულნი.
დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში საელჩოს გახსნა ახალ იმპულსს მისცემს ქართულ-დანიურ ურთიერთობებს. განსაკუთრებით იმედი მაქვს, რომ გავაძლიერებ ჩვენს ხალხს შორის არსებულ კავშირებს სხვადასხვა დონეზე, იქნება ეს კულტურული თუ პოლიტიკური. სავაჭრო და კომერციული კავშირები ასევე ის სფეროა, რომლის აქტიურად განვითარებაც მსურს. მაგალითად, დანია ოდესღაც მთლიანად იყო დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობზე და სხვა წიაღისეულ საწვავზე. დღეს დანიას აქვს მსოფლიოში მოწინავე ეკოლოგია. 1980 წლიდან დანიამ მოახერხა თავისი ეკონომიკური ზრდის გამოყოფა ენერგიის მთლიანი მოხმარებისგან. ოთხი ათწლეულის განმავლობაში, დანიის ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდა, ხოლო ენერგიის მოხმარება მხოლოდ 6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, წყლის მოხმარება 40%-ით შემცირდა. რიცხვები ადასტურებს, რომ შესაძლებელია ზრდის შექმნა მეტი ენერგიის გამოყენების გარეშე. განახლებად ენერგიაში, წყალში, ენერგოეფექტიანობასა და რესურსების ოპტიმიზაციაში ინვესტირებას კარგი ეკონომიკური აზრი აქვს და მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია, ისარგებლოს ჩვენი გამოცდილებით. მწვანე ბიზნესი კარგი ბიზნესია.
რამ განაპირობა საქართველოში დანიის საელჩოს გახსნა? გთხოვთ, გვითხრათ მეტი მთელი პროცესის შესახებ.
პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დანიისთვის უკვე მრავალი წელია, პრიორიტეტული იყო თბილისში საელჩოს გახსნა. საქართველო 2017 წლიდან არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა დანიის განვითარების თანამშრომლობისთვის დანიის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში. თუმცა, საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც, გასულ წელს, რუსეთი სასტიკად შეიჭრა უკრაინაში. ჩვენ გვესმოდა, რომ ევროპის და მათ შორის დანიის უსაფრთხოების არქიტექტურას საფრთხეს უქმნიდა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველოს ეს მტკივნეული გამოცდილება 2008 წელს ჰქონდა და მისი ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა.
დანიის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ფართო საპარლამენტო შეთანხმებით, დანიამ მიიღო რიგი ზომები დანიის თავდაცვის მზადყოფნისა და ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მანევრირების შესაძლებლობის გასაძლიერებლად. ეს მოიცავდა დიპლომატიური მისიის გაძლიერებას რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით აქ, საქართველოში, რომლის ევროპული მისწრაფება მრავალი წლის განმავლობაში იყო ძლიერი და ურყევი. ევროპის აღმოსავლეთით, სტაბილური და უსაფრთხო მეზობლობის არსებობა დანიისა და ევროკავშირის საერთო მიზანია. ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, როგორც რეგიონში, ამ მშფოთვარე დროში, დანიას სურს, გვერდში დაუდგეს ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებს და მეგობრებს, როგორიცაა საქართველო. აქ ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის.
როგორია თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოზე და ახერხებთ თუ არა საელჩოდან გამოსვლას და მის დათვალიერებას?
მართლაც, საელჩოს თავიდან აწყობა ძალიან გამიჭირდა. აქამდე შევძელი დასავლეთ საქართველოსა და კახეთის მონახულება, მაგრამ არის უამრავი ადგილი, რომლის ნახვასაც მოუთმენლად ველი. მიუხედავად იმისა, რომ დანიასა და საქართველოს ძალიან განსხვავებული ისტორია და გეოგრაფია აქვს, ვხვდები, რომ ბევრი რამ გვაქვს საერთო. მაგალითად, ქართველებსაც უყვართ ბუნება და დანიელებსაც. დანიაში მთები არ გვაქვს, მაგრამ ზღვით ვართ გარშემორტყმულნი და თავისუფალ დროს იქ ვატარებთ. ანალოგიურად, საქართველოში ყველგან არის თვალწარმტაცი მთები და ქართველებს იგივე ლტოლვა აქვთ, რაც დანიელებს ბუნებასთან კავშირით დროის გასატარებლად.
ასევე, საქართველოში საკვები და ღვინო, რა თქმა უნდა, გამორჩეულია. დანიაში ჩვენ ასევე ძალიან ვამაყობთ ჩვენი სკანდინავიური სამზარეულოთი და სიამაყით ვამბობ, რომ ზედიზედ რამდენიმე წელია, დანიური რესტორნები საუკეთესოდ იქნა მიჩნეული მთელ მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ დანიაში „სუფრის“ ცნება არ გვაქვს, საკვები და ღვინო ნებისმიერი შეკრების მთავარი კომპონენტია. მას ვუწოდებთ „hygge“-ს, რაც გულისხმობს ყოველდღიური აურზაურისგან თავის დაღწევას, რათა ვიყოთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, დავისვენოთ და დავტკბეთ ცხოვრებით. ქართული სტუმართმოყვარეობა და ტრადიციები დაახლოებით იგივე ფასეულობებია, ასე მგონია. და ბოლოს, მე ასევე ვეცნობი საქართველოს მდიდარ ისტორიას და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველების ცნობიერებამ მათი უძველესი ფესვების შესახებ. ანალოგიურად, ჩვენ, დანიელები, ასევე ძალიან ვამაყობთ ჩვენი ისტორიით. დანიას აქვს რიგით მეორე უძველესი მონარქია მსოფლიოში. ჩვენი სახელმწიფო დაარსდა 965 წელს, ეგრეთ წოდებულ „ჯელინგის ქვებზე“, ორ რუნულ ქვაზე ვიკინგების ეპოქიდან წარწერებით დანიის პირველი მეფის ჰაროლდ I-ის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც ჰაროლდ „ბლუთუზი“. დიახ, დღევანდელი Bluetooth-ტექნოლოგია გამოიგონეს დანიელებმა და ჩვენი პირველი დანიის მეფის სახელი დაარქვეს.
რა არის დანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სად ხედავთ მათი გაღრმავებისა და გაძლიერების შესაძლებლობას?
დანია იყო საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი და აშკარა მხარდამჭერი. მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოში ჩვენი ჩართულობის ცენტრალური ნაწილი იყო დანიის სამეზობლო პროგრამა. პროგრამის ორი წამყვანი თემა იყო ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გაძლიერება. ამ ორი თემატური კუთხით, დანია კვლავ მხარს უჭერს საქართველოს დეცენტრალიზაციის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, ინკლუზიური შრომის ბაზრისა და ენერგეტიკის ინვესტიციის სფეროებში. 2017-2021 წლებში გამოვყავით 27,5 მილიონი ევრო საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად. სამეზობლო პროგრამა შემუშავებულია საქართველოში შესაბამის პარტნიორებთან ერთად და ეფუძნება მდგრადი განვითარების მიზნებს, ასევე სავაჭრო და კომერციულ ინტერესს.
ამჟამად იგეგმება ჩვენი სამეზობლო პროგრამის მეხუთე ეტაპისთვის მზადება. გასულ თვეში, დანიის თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაიწყო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ახალი ოთხწლიანი პროექტი. პროგრამა ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას. პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, ათ მილიონ ევროს შეადგენს. ჩვენი დემოკრატიის ფონდი ასევე მალე გამოაცხადებს კონკურსს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან განცხადებების მისაღებად. მარტის მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს კიდევ უფრო აქტუალური და დროულია.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნომერი გამოდის მარტში, რომელიც არის ქალთა ისტორიის თვე, მინდა, გკითხოთ, როგორი იყო თქვენი, როგორც ქალის, გზა საერთაშორისო ურთიერთობებში, რა გამოწვევებს აწყდებით და რა კარიერულ რჩევებს მისცემდით ქალებს პოლიტიკასა და დიპლომატიაში?
როგორც ორი შვილის დედამ და მენეჯერმა, ვიცი, რომ ქალები არიან შესანიშნავი ორგანიზატორები, კარგი მენეჯერები და ძალიან შრომისმოყვარეები. მთელი ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შევხვედრივარ გარკვეულ მიკერძოებებს. ყველაზე გავრცელებული მაგალითია, როდესაც ოთახში შევდივარ, ჩემი შემხვედრი კი ვარაუდობს, რომ მე ვარ მდივანი და მიმართავს ჩემს მამაკაც ან უფროს კოლეგას, ვარაუდობს, რომ ის არის გადაწყვეტილების მიმღები.
ჩემი პირველი რჩევა ქალებისთვის იქნება, რომ გააზიარონ თავიანთი ისტორიები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მაღალი დონის თანამდებობა გაქვთ. როდესაც სხვა ქალები ხედავენ თქვენ მიერ გავლილ გზას, შესაძლებელია, ამან ისინი შთააგონოს, რომ იპოვონ ძალა საკუთარი მიზნების მისაღწევად. მეორე, როცა ხედავთ დისკრიმინაციას ან უთანასწორო სათამაშო მოედანს, ადექით და ისაუბრეთ. ჩუმად ყოფნა იგივეა, რაც თვითკმაყოფილება. მესამე, ქალებმა აქტიურად უნდა გაიზიარონ შესაძლებლობა და ერთად იმუშაონ საკუთარი თავის და ერთმანეთის პოპულარიზაციისთვის. თუ მმართველ პოზიციაზე ხართ, მოძებნეთ ქალები, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევთ. ასევე მნიშვნელოვანია ქალების, როგორც გადაწყვეტილების მიმღების, ადვოკატირება.
დანიაში ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ამისთვის, მაგრამ მაინც ვიბრძვით, როცა საქმე თანაბარ ანაზღაურებას ეხება, ასევე - ქალებს ხელმძღვანელ პოზიციაზე სხვადასხვა სექტორში. მაგალითად, დანიელი ქალები, საშუალოდ, 7%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები ერთსა და იმავე სამუშაო ადგილზე, ხოლო დანიელი ქალები შეადგენენ მმართველი საბჭოს წევრების მხოლოდ 19%-ს; ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
ასე რომ, ყველა ძლიერ ქართველ ქალს, რომელსაც საქართველოში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში შევხვდი, გჯეროდეთ საკუთარი თავის და ერთმანეთის. წაახალისეთ ერთმანეთი ახალი შესაძლებლობისკენ, დაწინაურებისა თუ ხელფასის ზრდის მოთხოვნისკენ, მოძებნეთ მენტორები და შეახსენეთ ერთმანეთს თქვენი ნიჭი და შესაძლებლობანი.
საქართველო დანიას მნიშვნელოვნად ჩამორჩება გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. რა შეიძლება, გაკეთდეს ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
გენდერული თანასწორობა დანიისთვის მთავარი ღირებულებაა, რადგან გენდერული თანასწორობა დემოკრატიული, თანასწორი და აყვავებული საზოგადოებების გულშია. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ხელშეწყობა, მრავალი წლის განმავლობაში, დანიის განვითარების თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია. ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც ახლახან აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი დღე იყო იმის ხაზგასასმელად, რომ საჯარო დებატში მნიშვნელოვანი მონაწილეობა არის საშუალება, რომ მივცეთ უფლებამოსილება ცვლილების შესაქმნელად.
არ შემიძლია, არ გავიხსენო ქართველი ქალის დამატყვევებელი სურათი, რომელიც ევროკავშირის დროშას აფრიალებდა 8 მარტს, ბოლო საპროტესტო აქციების დროს. ქალებში ინვესტიცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც საზოგადოებას შეუძლია, რომ გააკეთოს. უფლებამოსილი ქალები ზრუნავენ თავიანთ ოჯახებზე და თემებზე, მაგრამ ისინი ასევე მნიშვნელოვანია საერთო ეკონომიკური პროდუქტიულობისთვის. ქალები სოფლად შეადგენენ მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედს. ისინი ხელს უწყობენ სოფლის მეურნეობის წარმოებას, სასურსათო უსაფრთხოებას, კლიმატის ადვოკატირებას, მეწარმეობას და მოქალაქეობას. ნება მომეცით, ასე განვაცხადო, თუ შენ აშენებ ქალს, შენ აშენებ უფრო მეტს, ვიდრე პიროვნებას, შენ აშენებ საზოგადოებას. ასე რომ, ამაზე უნდა იყოს აქცენტი, ასე მგონია.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ადგილობრივ პოლიტიკაში ქალების გამრავალრიცხოვნების გზაზე. ქალთა წარმომადგენლობა მუნიციპალურ საკრებულოებში თითქმის ორჯერ გაიზარდა და მან ისტორიულ 24 პროცენტს მიაღწია. იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ქალების ხმა და პერსპექტივა ფიგურირებდეს საჯარო დებატებში და იქონიოს რეალური გავლენა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღებაზე; ამიტომაც, დანია განაგრძობს საქართველოს დეცენტრალიზაციის მხარდაჭერას ჩვენი განმახორციელებელი პარტნიორის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში არსებული პროგრამების მეშვეობით.
და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რომელი ფაქტორი აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას და როგორ შეიძლება მათი დაძლევა?
დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოსნაირი დემოკრატიული და წარმატებული პარტნიორის ყოლა ჩვენს ინტერესშიც შედის. ამ მიზნით, თბილისში საელჩოს გახსნით, დანია მკაფიო გზავნილს უგზავნის ქართველ ხალხს ჩვენი ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ევროპული მისწრაფების გამო. აქ ვარ ისტორიულ მომენტში, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და უფრო ახლოს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევასთან, ვიდრე ოდესმე. საქართველოს მოსახლეობა, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, მუდმივად გამოხატავს თავის აბსოლუტურ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციისადმი. ამის მიღწევის გზა ასახულია ასოცირების ხელშეკრულებაში და ევროკომისიის თორმეტ რეკომენდაციაში.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეები, ყველა პოლიტიკური კუთხიდან და ცხოვრების სფეროდან, გაერთიანდებიან ამ მიზნის მისაღწევად, რადგან ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია, რაც ასე მკაფიოდ იყო დემონსტრირებული მარტის ბოლო მოვლენებზე. დანია არ მიატოვებს საქართველოს, პირიქით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩართულობას ამ დროს, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.