5 minute read
ინტერვიუ ფინეთის ელჩთან სამხრეთ კავკასიაში
"დიპლომატი“ ესაუბრა კირსტი ნარინენს, ფინეთის ელჩს სამხრეთ კავკასიაში, რეზიდენციით ჰელსინკიში, საქართველოსა და ფინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რა არის საჭირო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის, და იმაზე, თუ როგორ ახერხებს ფინეთი, იყოს მოწინავე ქვეყანა გენდერული თანასწორობის საკითხებში.
საქართველოში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
Advertisement
საქართველოში აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდების, ახალგაზრდა პროფესიონალების უნარებითა და ერთგულებით, განავითარონ ქართული საზოგადოება და ეტაპობრივად მიაახლოონ ის ევროპულ სტანდარტებთან, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დასახული. ეს ასევე გამოჩნდა ბოლოდროინდელ რეაქციაში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ყველა შესაძლო ძალისხმევა ახალ თაობაში უნდა იყოს ჩადებული, მომავალი მათ ხელშია.
ცხადია, ქართული კერძები და ღვინო არასოდეს წყვეტს ჩემს გაოცებას.
რომელია ის მიმართულებები, სადაც ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ და როგორ ხედავთ მათი გაღრმავებისა თუ გაფართოების შესაძლებლობებს?
ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ორმხრივი ურთიერთობებია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პოტენციალია გამოსავლენი და გამოსაყენებელი. ცოტა ხნის წინ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ნინა ვასკუნლათი ეწვია საქართველოს და მრავალი სფერო აღმოაჩინა, სადაც შეიძლება, ვითანამშრომლოთ, მაგალითად, ლოგისტიკის, გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიის და ასე შემდეგ - ბევრი სფერო, სადაც ფინეთი მსოფლიო დონეზეა აღიარებული. თბილისში ფუნქციონირებს საერთაშორისო ფინური სკოლა, როგორც ფინური განათლების სისტემის ცოცხალი ნიშანი და მოდელი. ფინურ და ქართულ კომპანიებს ერთმანეთის შესახებ მეტი ინფორმაცია სჭირდებათ და ბევრი იდეა გვაქვს, როგორ დავაკავშიროთ ისინი.
ფინეთმა დიდი წვლილი შეიტანა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქტიურად ადევნებს თვალს რეგიონში გეოპოლიტიკური პროცესების განვითარებას, რადგან ჩემი თანამდებობა რეგიონალურია. ფინეთს ჰყავდა ბევრი დიპლომატი თვალსაჩინო საერთაშორისო პოზიციებზე საქართველოსთან მიმართებით ან საქართველოში. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ და ასევე სულ უფრო მეტად გვაინტერესებს ევროკავშირის და სხვა პარტნიორებისადმი საქართველოში არსებული პოლიტიკური ტენდენციები.
თქვენი კარიერისა და რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ცოდნის გათვალისწინებით, როგორ გაანალიზებდით რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ასევე, საქართველოს მოქმედებას, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთისგანაა ოკუპირებული?
პირველ რიგში, ჩვენ, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გადავწყვიტეთ, არ გამოვიყენოთ ტერმინი „პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები“, რადგან თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ისტორია და იდენტობა, რაც სცილდება ამ იდენტობის შეზღუდვის იმ სამწუხარო წლებს.
ჩემი ვადა დაიწყო 2020 წლის სექტემბერში, ყარაბაღის მეორე ომამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, რომელიც ძალიან დომინირებდა ჩემს დღის წესრიგში. მან მთლიანად შეცვალა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური დინამიკა. შერიგების/სამშვიდობო პროცესში იყო აღმავლობა და დაღმასვლა. ევროკავშირს ჰქონდა თვალსაჩინო როლი და იმედია, ის კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, საქართველომ პოზიტიური წვლილი შეიტანა რეგიონის სტაბილიზაციაში. რუსეთის როლს სამშვიდობო პროცესში ჰქონდა თავისი მომენტი, მაგრამ, ზოგადად, რუსეთი იშვიათად ცდილობს პრობლემების გადაჭრას, რადგან დაბნეულობა მათ ზემოქმედების და კონტროლის მეტ ბერკეტს უტოვებს.
რუსეთის უკანონო და გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ და ომმა უკრაინაში უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ და როდის დამთავრდება ომი, ჩვენი ევროპული უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ზოგი ფიქრობს, რომ ამის გამოსწორება შეუძლებელია. ზოგი აანალიზებს, რომელი მხარე გაიმარჯვებს და პოზიციონირებს ყველა შესაძლო ვარიანტის გათვალისწინებით.
ფინეთი და ევროკავშირი მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით, რადგან მიგვაჩნია, რომ უკრაინელები იცავენ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და თითოეული ქვეყნის დემოკრატიულ უფლებას, აირჩიოს თავისი მეგობრები და მოკავშირეები. ამ დრომდე, ფინეთმა უკრაინას გადასცა 930 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო, ჰუმანიტარული, გარემოსდაცვითი და ტექნიკური დახმარება, გარდა პოლიტიკური განცხადებებისა და ვიზიტებისა. ფინელების 90%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ეს სწორი და საჭირო იყო და გმობს რუსეთის აგრესიას. უკრაინამ უნდა მიიღოს დახმარება მანამ, სანამ საჭირო იქნება.
როგორც აღინიშნა, ფინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა აკონტროლებდეს თავის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სანამ ეს ტერიტორია არ არის თბილისის კონტროლის ქვეშ, საჭიროა საერთაშორისო და ეროვნული ძალისხმევა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავი საიმედო და სტაბილური პარტნიორის სახით, რათა ეს ძალისხმევა სრულად შეინარჩუნოს.
რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას და რა უნდა გაკეთდეს ამ პროცესის დასაჩქარებლად?
რამდენიმე წელიწადში შეიძლება, იყოს უფრო ოპტიმისტური სურათი და ეს პროცესი, მთლიანად, ქართველებზე და საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. ევროპა ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, დაიცვას ევროპული ნორმები და ღირებულებები. ჩემი ესტონელი კოლეგის, ელჩის, რიინა კალიურანდის ციტატას მოვიყვან - „ევროკავშირი რომი არ არის და ყველა გზა ევროკავშირისკენ არ მიდის. თქვენ უნდა აირჩიოთ სწორი გზა. ჩვენ გვსურს თქვენი ნახვა ევროკავშირში. მზად ვართ, დაგეხმაროთ, მაგრამ გზა თქვენ უნდა გაიაროთ.“
ევროკავშირმა საკმაოდ მკაფიო კრიტერიუმი და რეკომენდაციები დაუწესა ყველა იმ ქვეყანას, ვინც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას განაგრძობს და იგივე ეხება ნატოს. ეს ყველაფერი ცხადია ფინეთისთვისაც და შვედეთისთვისაც, რომლებიც მიდიან ნატოს გზაზე. საჭიროა დიდი სურვილი, ვალდებულება და კომპრომისი, რომ გახდე უკვე არსებული კლუბის წევრი, რომელსაც აქვს უკვე არსებული წესები. ეს არის ქართველი ხალხის გაცხადებული მიზანი.
და ბოლოს, ვინაიდან ჟურნალის ეს ნომერი გამოდის ქალთა ისტორიის თვეში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი, როგორც ქალის გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, თუ რა გამოწვევის წინაშე დგახართ სამსახურში და რა რჩევებს მისცემდით ქალებს, რომლებიც იწყებენ კარიერას ამ სფეროში?
თითქმის 40 წელია, დიპლომატიის სფეროში ვარ და ვნახე, დროსთან ერთად როგორ იცვლება დამოკიდებულება. ჩემს ადრეულ წლებში, დიპლომატებისა და ელჩების უმეტესობა მამაკაცი იყო, ეს დღესაც ასეა ბევრ ქვეყანაში. ამ დროისათვის, ფინეთში მათი რაოდენობა თანაბარია, თუმცა, სწორედ ამ რაოდენობის გათვალისწინებით, მისიების ხელმძღვანელებად უფრო მეტი ქალი უნდა იყოს.
ფართო, ფინურ საზოგადოებაში ხელფასის სხვაობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახურ და გენდერულ ძალადობაზე. ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ყველა ქვეყანაში. მაგრამ სახელმწიფო ბევრს აკეთებს. კანონმდებლობა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ყველა დაუცველი ჯგუფის უფლებები უნდა იყოს დაცული. მაგალითად, აუცილებელია ხარისხიანი საბავშვო ბაღები, რათა დედებმა შეძლონ, დააბალანსონ ოჯახი და კარიერა. ასევე, მამაკაცებმა უნდა დაინახონ თავიანთი როლი გენდერულ თანასწორობაში - ფინეთის თავდაცვის მინისტრი ახლახან დაბრუნდა სამსახურში, ორთვიანი მამობის შვებულების შემდეგ. მისაბაძი მაგალითი საჭიროა ყველა თვალსაზრისით.
ქალებმა უნდა დაინახონ თავიანთი როლი ისე, როგორც არის. მე, პირადად, არასდროს მიფიქრია ჩემს თავზე, როგორც ქალ დიპლომატზე, არამედ - როგორც ჩემი პროფესიის პროფესიონალზე. ამას ხაზი გაუსვა ფინეთის ყველასათვის კარგად ცნობილმა პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმაც - „ნუ მიმიჩნევთ ახალგაზრდა ქალ პრემიერ-მინისტრად, მიმიჩნიეთ პრემიერ-მინისტრად“, და ისიც დედაა და მეც.
ახალგაზრდა დიპლომატებს, მამაკაცებსა და ქალებს, ვეტყოდი: თქვენ უნდა გქონდეთ საკმარისი უნარი და ცოდნა, რომ დასვათ სწორი კითხვები, ისწავლოთ ენები - ასევე, იყავით მართლები - აგრეთვე, თქვენი ქვეყნის მიმართ, და უბრალოდ იყავით კარგი ადამიანი. შედეგად იღებთ სწორ პასუხებს, უახლოვდებით თანამოსაუბრეებს, ისინი გიმახსოვრებენ თქვენი პროფესიონალიზმით და სოციალური უნარით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
ფინეთმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პროგრამა გაეროს 1325-ე რეზოლუციის „ქალთა მშვიდობა და უსაფრთხოების“ განსახორციელებლად. ფინური პროგრამა მიზნად ისახავს ქალების როლისა და ძალისხმევის გაზრდას კონფლიქტის პრევენციაში, მშვიდობის მშენებლობაში, შერიგებაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და კრიზისის მენეჯმენტში. ქალებს შეუძლიათ და სჭირდებათ, მეტი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობაში, ვიდრე ამჟამად შეაქვთ. საერთაშორისო აქცენტი ამაზე, ნათელი და აღიარებულია. ორ კვირაში გვექნება საპარლამენტო არჩევნები - საინტერესოა, საბოლოოდ დავინახავთ თუ არა ორასიდან ნახევარზე მეტ ქალს.