6 minute read
ქართული ტურიზმის მნიშვნელოვანი მონაპოვარი "უსაზღვრო სტუმარმასპინძლობის" მიმართულებით
2023 წელი ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებით დაიწყო, მარტში ITB Berlin-ის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, იქამდე კი, საქართველო მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რომელშიც 42 ქვეყნის შვიდასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. რა მიიღო საქართველომ ამ ორი მსხვილი ღონისძიების მასპინძლობით და როგორია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმუშავებს, ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მაია ომიაძეს ვესაუბრეთ.
სამი თვეა, რაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებთ. რა არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც მუშაობთ?
Advertisement
ტურიზმის ადმინისტრაციის მთავარი საქმიანობა არის ქვეყნის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ და კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობა ქვეყნის შიგნით.
ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით, ადმინისტრაცია მიჰყვება თანამედროვე ტენდენციებს და შესაბამისად გეგმავს მარკეტინგულ აქტივობებს. მაგალითად, კოვიდ-პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, კომუნიკაციის სტილი და მარკეტინგის ფორმა; უფრო პოპულარული გახდა storytelling (ამბის თხრობა), ვიდრე - პირდაპირი რეკლამირება. სწორედ ამ კონცეფციით ვმოქმედებდით ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შევქმენით ახალი გზავნილი, „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ და ამაზე ავაგეთ მთელი კამპანია.
საინტერესოა ისიც, რომ როგორც კომუნიკაციაში ამბის თხრობაზე გადავიდა მთელი მსოფლიო და ნამდვილი ამბების გაზიარება გახდა პოპულარული, მოგზაურობაშიც ადამიანები ეძებენ არა მხოლოდ კარგ ინფრასტრუქტურას და კარგ სერვისს, არამედ ავთენტურ თავგადასავალს. ამ ნაწილში ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი მთელი მსოფლიოსთვის, დაწყებული კულტურული სხვადასხვა მარშრუტით თუ საფეხმავლო ტურიზმით, დამთავრებული გასტრონომიული თავგადასავლით, ეს ნამდვილად განსაკუთრებული მოგზაურობის შესაძლებლობის ქვეყანაა.
რაც შეეხება კერძო სექტორისთვის ხელშეწყობას, ამ მიმართუ- ლებით უკვე რამდენიმე შეხვედრა მქონდა სექტორთან, ცალ-ცალკე შევხვდი ტურისტულ კომპანიებს, გიდებს, სასტუმროებსა და რესტორნებს და ყველა ეს შეხვედრა შედგა მათი ასოციაციების თანხლებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ შორის, ვისა- უბრეთ მაღალი რისკის შემცველი პროფესიის შესახებ, როგორიც არის საფეხმავლო გამყოლი, მთის გამყოლი, მოთხილამურე ტრენერი, მათი სერტიფიცირების პროცესი, როგორ შეიძლება, რომ გაკეთდეს. ამასვე ითვალისწინებს კანონი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ.
საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის, რომელზეც პარლამენტის დარგობრივ კომიტეტთან ერთად ვმუშაობთ, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ასოციაციები, ვცდილობთ, ისე გავაკეთოთ, რომ ცვლილებები, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნაკლებად დააწვეს სექტორს და დროში განაწილდეს.
ITB Berlin ახსენეთ და მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ, რამდენად დადებითი ეფექტი ექნება საქართველოს ტურისტულ სექტორზე?
მედიის თვალსაზრისით მისი 37 მილიონი ევროს დაფარვა მივიღეთ, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამაში შედის, როგორც სოციალური მედია, ისე ტრადიციული მედია, პოდკასტები, ჟურნალები, ბეჭდური მედია. შედეგად, მოხდება ცნობადობის ამაღლება, როგორც ქვეყნის, ისე პროდუქტების შესახებ. ზოგადად, გერმანელებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ და მათთვის ჩვენი ქვეყანა უცხო არ არის, თუმცა, დიდი ქვეყანაა და ასათვისებელი კიდევ ბევრია.
ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც გამოფენის შემდეგ გავესაუბრე, იყო ძალიან კმაყოფილი, იმიტომ, რომ რამდენიმე მსხვილი კამპანია შეიძინა, ორი დიდი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ამ ღონისძიების შედეგები, დროთა განმავლობაში, ბევრად უფრო ხელშესახები და თვალსაჩინო შეიქმნება.
გამოფენის ფარგლებში გვქონდა მიღება, სადაც სამას ჟურ- ნალისტსა და ტუროპერატორებს ვუმასპინძლეთ, გავაცანით ჩვენი პროდუქტები და მედია ტურებთან დაკავშირებით გამოხმაურება უკვე მივიღეთ. ასევე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჰქონდა საკმაოდ მაღალი რანგის სხვადასხვა შეხვედრა, გერმანიის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან, რომელთანაც გარკვეული გეგმები უკვე დავისახეთ საქართველოს და გერმანიას შორის ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ, საქართველომ პირველად უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში, რომელიც ბაკურიანში გაიმართა. ამ ღონისძიებას როგორ შეაფასებთ?
გამოვყოფდი ცნობადობის ამაღლებას, რაც სამი კვირის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, „ევრო სპორტისა“ და „ევრონიუსის“ ტრანსლაციით. კორესპონდენტები აღფრთოვანებულნი იყვნენ, რომ ქვეყანამ შეძლო ასე მაღალ დონეზე ემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ამაში იგულისხმება, როგორც საორგანიზაციო ნაწილი, ისე შესაბამისი ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადაში მოწყობა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მერეც მოემსახურება, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს.
რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ როდესაც სპორტული ცენტრი ხარ, თავისთავად გულშემატკივარი მოჰყვება ყველა ჯგუფს და მე პირადად არასოდეს ამდენი უცხოელი ბაკურიანში არ მინახავს; გუდაურში და სვანეთში დადიოდნენ, მაგრამ ბაკურიანი მაინც იყო საოჯახო დასასვენებელი კურორტი ადგილობრივებისთვის.
ტურიზმის ადმინისტრაცია ჩართული იყო მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობაში, რომ სტუმრები გართობილიყვნენ, დრო გაეტარებინათ, იყო ქართული სამეწარმეო ბაზრობა, დიჯეი, მუსიკა, ბავშვების სივრცე და მხიარულება, რაც მსოფლიო ჩემპიონატს ახასიათებს.
კიდევ თუ იგეგმება მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები?
თვითონ სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათთვის ეს ქვეყანა თავისი შესაძლებლობებით და მენეჯმენტით არის აღმოჩენა და აღნიშნა, რომ აუცილებლად იქნება სხვა შეჯიბრებებიც. გარდა ამისა, ტურიზმის ადმინისტრაცია რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ და როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება, ამის შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას.
რომელია ის ქვეყნები, რომლიდანაც ყველაზე მეტი სტუმარი სტუმრობს საქართველოს და როგორ მუშაობთ ამ ბაზრებზე, და პირიქით, რომელია ყველაზე აუთვისებელი, თუმცა საინტერესო ბაზრები, და ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ატარებთ?
ყაზახეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ამ ქვეყნებს მოწინავე ადგილი უჭირავთ ჩვენს მარკეტინგულ კამპანიაში. ასევე ვმუშაობთ შორეულ მიმართულებებზეც, როგორიც არის ჩინეთი, ამერიკა, კორეა, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საჰაერო მიმოსვლას - იმ ქვეყნებში, სადაც გვაქვს პირდაპირი ფრენა, ბევრად ადვილია, რომ კამპანიები ვაწარმოოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ მოსაზღვრე ქვეყნებში მარკეტინგულად ფულს არ ვხარჯავთ, რადგან იქ ცნობადობა ისედაც მაღალია.
შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?
შიდა ტურიზმის წახალისების კუთხით უკვე გვქონდა ისეთი მსხვილი პროექტი, როგორიც კულინარიული ფესტივალია და სხვათაშორის ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი იყო რაჭაში საპილოტე ვერსია, მეორე იყო მესტიაში და გაზაფხულზე კიდევ ერთ რეგიონს ვგეგმავთ. ასევე ძალიან პოპულარული პროექტი გვაქვს საფეხმავლო ბილიკების მარკირება, როგორც ქართველებში, ისე საერთაშორისო მოგზაურებში, საფეხმავლო ბილიკებს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
და ბოლოს, ამ ნომრის ფოკუსთემიდან გამომდინარე, რომელიც არის „ქალები მმართველ პოზიციებზე“, როგორი იყო თქვენი კარიერული გზა, სანამ აღნიშნულ პოზიციას დაიკავებდით და როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია ქალისთვის ასეთი წარმატების მიღწევა?
ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება კომუნიკაციაში გავატარე, ჟურნალისტიკის ბაკალავრი და საზოგადოებისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის მაგისტრი ვარ. ჯერ კიდევ 6 წლის ვიყავი, როცა სატელევიზიო საბავშვო-საყმაწვილო გადაცემები მიმყავდა. შესაბამისად, ამ სფეროსთან ერთად გავიზარდე. ბაკალავრის ბოლო კურსზე დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში და ათი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კორესპონდენტად სხვადასხვა ტელევიზიაში, შემდეგ მქონდა პაუზა პირადი ცხოვრების გამო, ცოტა ხანი ჩინეთში ვცხოვრობდი, რადგან ჩემი მეუღლე იქ მუშაობდა და როგორც კი დავბრუნდი, დავიწყე მუშაობა კომუნიკაციების სფეროში, 2013 წლიდან ვმუშაობ საჯარო სექტორში კომუნიკაციის მენეჯერად სხვადასხვა პოზიციაზე, თუმცა, როდესაც დიდ პროექტებთან მუშაობაში მენეჯერული უნარი დაიხვეწა, ეს ახალი გამოწვევაც მივიღე.
რაც შეეხება, რამდენად რთულია ქალისთვის წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, თუმცა მე ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც არასდროს მქონია გენდერული დისბალანსის შეგრძნება, ყოველთვის თანასწორად ვგრძნობდი თავს. შემდეგ, როდესაც ოჯახს ქმნი, ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას, მაგალითად, სამი კვირის განმავლობაში ვიყავი გერმანიაში მივლინებით წასული და ორი შვილი მყავს 10 წლის და 4 წლის ბიჭები და, რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა რომ არ მქონდეს, როგორც დედაჩემისგან, ასევე ჩემი მეუღლისგან, ვერაფერს გავაკე- თებდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანი მარტოდ ვერაფერს აღწევს, თუმცა, ძალიან დიდი შრომის საფუძველზე მოდის წარმატება. მაინც მგონია, რომ ნებისმიერი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში ოჯახი, მეგობრები და გარემო ძალიან დიდ როლს ასრულებს.