1 minute read
მდგრადი განვითარება საქართველოს რეგიონებში - დროა დაჩქარდეს პროგრესი
საქართველოს რეგიონებზე ფიქრისას პირველ რიგში მათი მრავალფეროვნება მახსენდება. თითოეული რეგიონი განსხვავებული და უნიკალურია, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ, მაგალითად, ტრადიციები და ჩვეულებები. რაც შეეხება განვითარების წინაშე არსებულ გამოწვევებს, აქ გვხვდება როგორც მსგავსება ისე განსხვავებები.
2020 წელს, როდესაც ჩვენ ახალ ხუთწლიან მდგრადი განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიაზე ვმუშაობდით, მრავალი დისკუსია გავმართეთ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებთან და კერძო სექტორთან. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაეროს მუშაობა უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული რეგიონების განვითარების ხელშეწყობაზე – მივიღეთ მკაფიო გზავნილი, გავიდეთ დედაქალაქიდან და უფრო მეტი ვიმუშავოთ რეგიონებთან.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფს, რომელსაც ვხელმძღვანელობ როგორც გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, და რომელიც აერთიანებს გაეროს თვრამეტ სააგენტოს უკვე გვქონდა შვიდი ვიზიტი საქართველოს რეგიონებში მათი პრიორიტეტების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესასწავლად. გადაწყვეტილი გვაქვს, ვიმოქმედოთ იმ მიზნების რეალიზაციისთვის, რაც ერთობლივად განვაცხადეთ მთავრობასთან, პირველ რიგში ხალხის კეთილდღეობის, შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და სოციალური თანასწორობის ხელშეწყობისთვის. ღია დისკუსიები ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან - ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მეცნიერებთან, მეწარმეებთან, ფერმერებთან და ახალგაზრდებთან - შესაძლებლობას იძლევა გამოავლინოს პრობლემები, იპოვოს გამოსავალი აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად და გაეროს მუშაობა საქართველოში შეუსაბამოს მიმდინარე ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკასა და პრიორიტეტებს.
ზოგიერთი რეგიონი ვითარდება, განსაკუთრებით ის, ვისაც ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მაშინ როცა სხვა რეგიონებში არ არის ისეთი სწრაფი ან ინკლუზიური ზრდა, როგორიც საჭიროა. თითქმის ყველა რეგიონი განიცდის დემოგრაფიულ ვარდნას, განსაკუთრებით შიდა და გარე მიგრაციის გამო. ახალგაზრდები რომლებიც არც დასაქმებულნი არიან და არც საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ირიცხებიან, არის ის სეგმენტი, რომლისკენაც გვსურს გაეროს პროგრამები მივმართოთ. რეგიონული ეკონომიკა კვლავაც ძირითადად ეყრდნობა დაბალი პროდუქტიულობის სექტორებს. დადებითი ის არის, რომ ბევრი ადგილობრივი აქტორი იწყებს ახალ ბიზნესს და სოციალური ინოვაციების ინიციატივებს და იკვლევს ახალი დაფინანსების მექანიზმებს, რომლებიც მორგებულია მათი თემის საჭიროებებზე.
განვითარებაში მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი კვლავ გამოწვევად რჩება მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით. ჩვენს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვეხმარებით საქართველოს გააძლიეროს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა ინსტიტუტების შესაძლებლობები და უზრუნველყოს აუცილებელი სერვისების მიწოდება ყველა ადამიანისთვის. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ადამიანთა უფლებების და კეთილდღეობის დასაცავად.
ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ფერმერებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე სოფლის მეურნეობის სექტორში, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე, მეწარმეობაში ხალხის ჩართვაზე მათი შესაძლებლობების გაზრდის გზით და მათი ჩართვით თანატოლთა განათლებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით იძენს უნარებს, დაიწყონ ან გააფართოვონ ტურიზმთან დაკავშირებული და მცირე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი, გადააქციონ თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად და გამოიმუშაონ შემოსავალი. მაგალითად, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით 2018 წლიდან 2021 წლამდე განხორციელდა, საქართველოს დაეხმარა დასაქმების შესაძლებლობების შექმნაში და პირდაპირი სარგებელი მოუტანა 14 000-ზე მეტ მოქალაქეს 23 მუნიციპალიტეტში.
ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად ვმუშაობთ ძირითადი სოციალური და ჯანდაცვის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განახლებაზე. ჩვენმა გუნდმა შექმნა მყარი და მდგრადი საფუძველი რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა ინტეგრირებული სოციალური სერვისებისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამამ გააერთიანეს ძალები, რათა გააუმჯობესონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური სერვისები და დასაქმება. ამბროლაურსა და ხობში გაიხსნა სოციალური ინკლუზიის ორი ცენტრი, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის შშმ ქალებსა და გოგონებს, ისარგებლონ მათი უფლებების შესახებ გაუმჯობესებული ცოდნით, უკეთესი პოლიტიკითა და საზოგადოების უფრო ინკლუზიური დამოკიდებულებით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ციფრული ჯანმრთელობის ინიციატივით, გაეროს საპროექტო სერვისების ოფისი (UNOPS), WHO, UNFPA და UNICEF საქართველოს მთავრობასთან ერთად უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას სოფლად ჯანდაცვის სფეროში ციფრული ჯანმრთელობისა და ტელემედიცინის სერვისების გამოყენების ხელშეწყობით.
სულ რაღაც ორი კვირის წინ დავბრუნდი აჭარიდან, სადაც გაეროს ათწლეულის მხარდაჭერა ორიენტირებულია ძლიერი, ღია და გამჭვირვალე ადგილობრივი მმართველობის ხელშეწყობაზე და სოფლის მდგრადი განვითარების მიღწევაზე. გაერო ყურადღებას ამახვილებს არაჩვეულებრივი ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, ეკოლოგიური ტურიზმისა და ბიომეურნეობის ხელშეწყობაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ინოვაციური მიდგომების პილოტირებაზე და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. საქართველოს მთები, მდინარეები და სანაპირო ზოლები, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, დახვეწილი სამზარეულო და მეგობრული ხალხი უზარმაზარ პოტენციალს იძლევა ტურიზმის განვითარებისთვის.
მდგრადი ტურიზმი მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ჩემი მშობლიური ქვეყნისთვის ავსტრიისთვის, და მე მჯერა, რომ მდგრადი ტურიზმისთვის არის ადგილი, რომ გაფართოვდეს და გაიზარდოს ღირებულების ჯაჭვი საქართველოშიც, რაც სარგებელს მოუტანს ბევრ თემს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიდევ ერთი სფერო, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა არის ნარჩენების მართვა: ნარჩენების გამოყენება და გადამუშავება მნიშვნელოვანია გარემოსთვის გლობალურად.
ავსტრიაში ნარჩენებს ახარისხებენ და აგზავნიან ხელახლა გამოსაყენებლად, მოსამზადებლად ან გადასამუშავებლად, თუნდაც პატარა სოფლებში. მოხარული ვართ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა ჩვენი მხარდაჭერით გადადგა პირველი ნაბიჯები იმავე მიმართულებით და დაიწყო ნარჩენების შეგროვების, სეპარაციისა და გადამუშავების დახვეწილი სისტემის მშენებლობა. მზად ვართ კვლავ დავუჭიროთ მხარი რეგიონულ და ადგილობრივ ინოვაციურ, ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინიციატივებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადამუშავება ეხება არა მხოლოდ ტექნოლოგიასა და ლოჯისტიკას, არამედ პიროვნების წახალისებასაც.
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წინსვლისთვის გაერო მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, განვითარების პარტნიორებთან და მუნიციპალურ ხელისუფლებასთან მთელი საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ძალისხმევით, რათა დავეხმაროთ საქართველოს პოლიტიკისა და კანონმდებლობის, რეგიონული და მუნიციპალური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, მუნიციპალური მომსახურების მიწოდებისა და მონაცემთა შეგროვების ხარისხის გაუმჯობესებაში და, რაც მთავარია, მხარი დავუჭიროთ პოზიტიურ ცვლილებებს ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროებში. ყველა ამ აქტივობის საფუძველია ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობების შექმნა, რათა ეფექტურად მართონ ტერიტორიული და ურბანული განვითარება, განახორციელონ მეტი სტრატეგიული საჯარო ინვესტიციები და ადგილობრივ დონეზე გაზარდონ პირდაპირი ხელმისაწვდომობა საერთაშორისო დონორების დაფინანსებაზე. 2022 წელს UNDP-მა და გერმანიის განვითარების სააგენტომ Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო პარტნიორობით, დაიწყეს 9,5 მილიონი ევროს ღირებულების „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ (EU4ITD) პროგრამის განხორციელება დეცენტრალიზებული მმართველობის, სოციალური ერთობის მხარდასაჭერად და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის საქართველოს რეგიონებში. კეთილდღეობის, დემოკრატიისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, საქართველომ სრულად უნდა აღჭურვოს ადგილობრივი მთავრობები ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისთვის, ადგილობრივი თემების გადაწყვეტილების მიღებაში ჩასართავად, განავითაროს სახელმწიფო-კერძო და რეგიონთაშორისი პარტნიორობა ეფექტური საჯარო ინვესტიციების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. რეგიონებს უნდა ჰქონდეთ ხმა გადაწყვეტილების მიღებისას მათი მდგრადი მომავლისთვის, რადგან მათ საუკეთესოდ ესმით თავიანთი გამოწვევები და იციან რა არის მნიშვნელოვანი იქ მცხოვრები და მომუშავე ადამიანებისთვის უკეთესი შედეგების მისაღწევად.
ადგილობრივი მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობას აძლევს შესაძლებლობას შეამციროს რეგიონული უთანასწორობა და ფარდობითი სიღარიბე. გამოიყენოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის სარგებელი და გააძლიეროს სამოქალაქო შესაძლებლობები. ჩვენ მოუთმენლად ველით გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებთან მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა მივაღწიოთ რეალურ გავლენას და ხელი შევუწყოთ განვითარებას, რომელიც ქმნის მეტ შესაძლებლობებს ყველასთვის.