1 minute read

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: რეგიონული ზრდისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის გაძლიერება - ინტერვიუ აღმასრულებელ დირექტორთან დავით ებრალიძესთან

ამ ინტერვიუში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) აღმასრულებელ დირექტორთან დავით ებრალიძესთან ვსაუბრობთ ფოთის თიზ-ის როლზე საქართველოს რეგიონულ განვითარებაში და მის წვლილზე რეგიონის ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში. დავით ებრალიძემ გაგვაცნო ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესების მოზიდვისა და მხარდასაჭერად განხორციელებული ინიციატივები, წარმატებული პარტნიორობები, თიზ-ში განვითარებული ბიზნეს სექტორები და მათი გავლენა სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონულ ვაჭრობაზე.

როგორია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის როლი საქართველოს რეგიონულ განვითარებაში? როგორ შეუწყო ხელი მან რეგიონის განვითარებას და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას?

თავისუფალი ეკონომიკური ზონების ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია გახლავთ როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და სხვა მიმართულებების რეგიონის განვითარება. რაც თავის მხრივ გულისხმობს დახმარების ზრდას, სხვა დამხმარე ბიზნესების, სერვისების და ინფრასტრუქტურის განვთარება. თავისუდალი ინდუსტრიული ზონის შექმნის კონცეფცია საქართველოშიც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა. წლების განმავლობაში მოზიდული ინვესტიციებით ფოთის თიზ-ში არაერთი საწარმო ამუშავდა, შეიქმნა სამუშაო ადგილები, სადისტრიბუციო ცენტრები და ლოჯისტიკური პლატფორმა რეგიონში მოძრავი ტვირთებისთვის, რამაც ხელი შეუწყო მასთან დაკავშირებული თანმხლები ისეთი სერვისებისა და ბიზნესების განვითარებას, როგორებიც არის სატრანპორტო ბიზნესები, ტვირთის გადამუშავება, საბროკერო, თუ სხვა.

თქვენი ინიციატივებიდან თუ პროექტებიდან რომელს გამოყოფდით რომელმაც განსაკუთრებით იმოქმედა ადგილობრივ საზოგადოებაზე?

ჩვენთვის ყველა პროექტი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. თიზ-ის ყველა ინვესტორს ვუდგებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ვაცნობიერებთ, რომ მცირე ბიზნესიც შეიძლება განვითარდეს და გადაიქცეს მსხვილ მოთამაშედ რეგიონალურ ბაზარზე. ზოგადად, პოზიციონირებას ვახდენთ საშუალო და მცირე ბიზნესის მოზიდვაზე. დღესდღეობით ინდუსტრიულ ზონაში გვყავს კომპანიები, რომლებიც თიზ-ის დაარსების დღიდან ფუნქციონირებენ და წლიდან წლამდე ვითარდებიან, ზრდიან თავიანთ ბიზნეს საქმიანობის არეალს, ტვირთბრუნვას, დასაქმებულთა რაოდენობას.

მიუხედავად ამისა, ბოლო პროექტებიდან გამოვყოფთ ფოთი ტექსტილს, ეს გახლავთ ტექსტილის ქარხანა რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, და დღეისათვის კომპანიაში 250-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ქარხანაში იკერება სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი საექსპორტოდ. კომპანიას დაგეგმილი აქვს მაქსიმალურად გაზარდოს წარმადობა და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობა.

როგორ იზიდავს და უჭერს მხარს ფოთის თავისუდალი ნდუსტრიული ზონა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბიზნესს რეგიონში ინვესტირებისთვის? შეგიძლიათ გაგვიზიაროთ წარმატებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მაგალითები, რომლებმაც განსაკუთრებული სარგებელი მოუტანა ადგილობრივ ეკონომიკას?

ქვეყნისთვის და მისი ეკონომისკისთვის, განსაკუთრებით კი ისეთი განვითარებადი ეკონომიკისთვის, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გარდა აღიარებული სატრანზიტო კორიდორისა ქვეყანამ მოიპოვოს მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი და განითარდეს წარმოება. სწორედ ამ მიმართულებით არის თიზ-ის მნიშვნელობა განსაკუთრებით აღსანიშნავი, რადგან ჩვენი ძირითდი ფოკუსირება სწორედ საწარმოო პროექტების განვთარებისკენ არის მიმართული. ფოთის თიზ-ში დღესდღეობით  დაახლოებით 15-მდე საწარმო ფუნცქიონირებს და აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ქართულ პროდუქტს. ისევ და ისევ გამოვყოფთ ტექსტილის/ტანსაცმლის წარმოებას, სადაც რამდენიმე ინვესტორი გვყავს, და დღეისათვის აღნიშნული სექტორი ყველაზე მეტ ადგილობრივს ასაქმებს თიზ-ში. მათ მიერ წარმოებული საქონელი კი ექსპორტზე გადის ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ტექსტილისა, უნდა აღინიშნოს ინდუსტრიული ლუბრიკანტების წარმოება, სამშენებლო მასალების, კერძოდ ცემენტის დანამატების ქარხანა, არომატიზატორების მწარმოებელი ქარხანა. ვითარდება კვების მრეწველობა, კერძოდ თიზ-ში ფუნქციონირებს ქეშიუს გადამამუშავებელი ქარხანა და სხვა. შესაბამისად სექტორები დივერსიფიცირებულია.

რა არის ძირითადი სექტორები ან ინდუსტრიები, რომლებიც განვითარდა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და როგორ მოახდინეს მათ დადებითი გავლენა რეგიონზე? იგეგმება თუ არა ინდუსტრიების დივერსიფიკაცია ან ახალი სექტორების მოზიდვა?

თიზ-ის კანონმდებლობა თიზ-ში სხვადასხვა ტიპის სექტორების განვითარების საშუალებას გვაძლევს, როგორებიც არის მსუბუქი მრეწველობა, კვების მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, სამშენებლო მასალები, ფარმაცევტული, მძიმე მრეწველობა, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარების წარმოება და სხვა. შესაბამსიად ტერიტორიაც დაყოფილია შესაბამის სექტორებად/ზონებად რომ სწორად მოხდეს საწარმოების გადანაწილება სხვადასხვა გარემოსდაცვითი რეგულაციების გათვალისწინებით.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ცნობილია ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და ინფრასტრუქტურით. შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივები რეგიონში კავშირისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად? როგორ შეუწყო ხელი ამან მთლიან რეგიონულ განვითარებას?

ჩვენი, როგორც თიზ-ის ადმინისტრატორის მთავარი ფუნქცია არის, როგორც ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე მისი პერიოდული განვთარება. შესაბამსიად მოთხოვნიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომ უფრო მეტი სხვადასხვა მიმართულება/სექტორი მოვიზიდოთ. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ფიტო-ვეტ ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც დავასრულეთ და უახლოეს მომავალში გადაეცემა შემოსავლების სამსახურს/საბაჟო დეპარტამენტს. აღნიშნული ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს თიზ-ში მოვიზიდოთ ისეთი სექტორები რომლებიც საჭიროებენ შესაბამის ფიტო-ვეტ სერტიფიცირებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ინდუსტრიული ზონა საქართველოში, რომელსაც შეეძლება მსგავსი ტიპის ტვირთების მიღება/გატარება. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ უნიკალურობასა და ინფრასტრუქტურის განვთარებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია სარკინიგზო ხაზისა და ტერმინალის არსებობა ფოთის თიზ-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ტვირთების მიღება/გადამუშვების თვალსაზრისით.

სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, როგორ იმოქმედა ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ რეგიონში დასაქმების მაჩვენებელზე? შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სტატისტიკა ან ციფრები, რომლებიც ხაზს უსვამს შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობას და ადგილობრივი სამუშაო ძალისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს?

კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორს თავისი ბიზინეს საქმიანობის შესაბამისად განსაზღვროს თანამშრომელთა რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია წლიდან წლამდე. იზრდება როგორც თიზ-ში რეგსიტრირებული კომპანიების რაოდენობა, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისევ ტექსტილის საწარმოები სადაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ჯამში 300 მდე ადგილობრივი დასაქმდა. ასევე თიზ-ში ფუნქციონირებს სხვადასხვა მცირე საწარმო, სადაც ხორციელდება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლის (მათ შორის ტექსტილის) დაფასოვება და შეფუთვა. აღნიშნულ საწარმოებშიც ასევე დაახლოებით 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. დღესდღობით ფოთის თიზ-მა 500-მდე სამუშაო ადგილი შექმნა.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მდებარეობს ძირითად სატრანსპორტო მარშრუტებთან და პორტებთან ახლოს. როგორ იმოქმედა ამ ხელსაყრელმა მდებარეობამ რეგიონალურ ვაჭრობაზე და საექსპორტო საქმიანობაზე? გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა ამ მდებარეობის შემდგომი ბერკეტის გამოყენებაზე რეგიონის საკეთილდღეოდ?

შავი ზღვის კორიდორი ჩამოყალიბდა მოთხოვნად და უსაფრთხო კორიდორად. ამას ემატება ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტვირთების მიღების და გადამუშავების შესაძლებლობას, ეს კი დადებითად აისახება ფოთის თიზ-ის საქმიანობაზეც.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველოს აქვს შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთოს მსოფლიო და რეგიონალურ ინტეგრაციულ პროცესებში. ამიტომაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. საქართველოს სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ფუნქცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, როგორც რეგიონის ძირითადი სატრანზიტო კვანძის განვითარება უპირატესი მიზანია. აქედან გამომდინარე ფოთის თავისუფალი ინდუსტირული ზონა და ახალი ტერმინალის მშნებელობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული ლოჯისტიკური/სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას, მეტი ტვირთის მიღებას/გატარებას/გადამუშავებას, რაც თვის მხრივ აისახება რეგიონალურ ვაჭრობასა და ექსპორტის ზრდაზე.

მდგრადობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ეკონომიკურ განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებია. შეგიძლიათ გაგიზიაროთ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიერ განხორციელებული მდგრადი პრაქტიკა ან მწვანე ინიციატივა გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით?

ფოთის თიზ მაქსიმალურად ზედმიწევნით იზიარებს გარემოსდაცვით ნორმებსა და მოთხოვნებს. თითოეული პროექტის განხილვისას, აუცილებლად ვახორციელებთ შესაბამის კვლევას, თუ რამდენად საჭიროებს ის რაიმე სახის ნებართვას საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოდან, რათა შესაბამისად უკვე მათთან კოორდინაციაში მოხდეს ამა თუ იმ პროექტის შემუშავება, მშენებლობის პროცესი, და ექსპლუატაციაში მიღება.

This article is from: