1 minute read
ევროკავშირის როლი საქართველოს რეგიონულ განვითარებაში - ინტერვიუ პაველ ჰერჩინსკისთან
ამ ინტერვიუში ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებსა და შეხედულებებს ქვეყანაში რეგიონული განვითარების შესახებ. ელჩი თითქმის ერთი წელია მსახურობს საქართველოში და წუხს, რომ ჯერ არ ჰქონია ყველა რეგიონის მონახულების შესაძლებლობა, თუმცა, მის გეგმებშია შეისწავლოს და გაიაზროს საქართველოს შიგნით არსებული მრავალფეროვნება. თავისი დიდი გამოცდილებით და ევროკავშირის თანმიმდევრული პოლიტიკის გაგებით, ელჩი გვიზიარებს მნიშვნელოვან პერსპექტივებს საქართველოში რეგიონული განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მისი ზრდის პოტენციალის შესახებ. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს საქართველოს შესახებ პოზიტიური აღქმის შექმნის მნიშვნელობას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და ამისათვის ქვეყნის შიგნით დადებითი მოვლენების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
Diplomat-ის ამ ნომერში აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს რეგიონული განვითარებაზე და პარტნიორებისა და ორგანიზაციების სხვადასხვა წვლილზე. სანამ თემას ჩავუღრმავდებით, იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები სხვადასხვა რეგიონებზე და რომელმა რეგიონმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და რატომ?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, ძალიან ვწუხვარ, რომ მიუხედავად თითქმის ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყოფნისა, ჯერ ვერ მოვახერხე ყველა რეგიონის მონახულება. თუმცა, ჩემს გეგმებშია, სათითაოდ მოვინახულო საქართველოს ყველა რეგიონი. პირველი თვეები საკმაოდ დატვირთული იყო სხვადასხვა ვალდებულებებით, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და საპარლამენტო კომიტეტებთან შეხვედრებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტებით. მიუხედავად ამისა, მოვახერხე იმერეთის მონახულება, წავედით ქუთაისში და რამდენიმე კვირის წინ ბათუმს და აჭარის მთიანეთის რამდენიმე პატარა სოფელსაც ვეწვიე. ასევე მქონდა შესაძლებლობა სხვა ელჩებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიწვეული ვყოფილიყავი კახეთში ყურძნის მოსავლის აღებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რამდენიმე რეგიონში ვარ ნამყოფი, ვგრძნობ საჭიროებას, მეტი დრო გავატარო და უფრო გრძელი მოგზაურობები მქონდეს რეგიონებში, რათა ჭეშმარიტად გავიგო საქართველოს მრავალფეროვნება. ბევრი გეგმა მაქვს აქ ყოფნის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონების შესწავლასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, საქართველოს ყველა რეგიონს მოვინახულებ.
როგორ აფასებთ საქართველოს რეგიონული განვითარების ამჟამინდელ მდგომარეობას და თქვენი აზრით, რა მიმართულებით აქვს გაუმჯობესების პოტენციალი?
დედაქალაქში მოსახლეობის დიდი კონცენტრაცია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს დედაქალაქში, სადაც განთავსებულია პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის რეზიდენცია, რაც მას ყველაფრის მთავარ ცენტრად აქცევს. რეგიონებში უფრო დაბალანსებული განვითარების საჭიროებაა და ევროკავშირი მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია დაბალანსებული რეგიონული განვითარების ხელშეწყობაზე და ჩვენ ვფინანსებთ სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამ მიზნის მიღწევას. მთიან აჭარაში და სხვა რეგიონებში ჩემი ვიზიტის დროს შევხვდი ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს და ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ თავიანთი რეგიონების განვითარებაში.
განვიხილოთ ერთი ან რამდენიმე რეგიონი, რომელთანაც პარალელს გაავლებდით თქვენი ქვეყნიდან ან სხვა თქვენთვის ნაცნობი ქვეყნებიდან და გაგვიზიარეთ გარკვეული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რეგიონები მათ მაგალითზე?
ევროკავშირის კონცეფცია არის ქვეყნების გაერთიანება და სხვადასხვა რეგიონების გაერთიანება ამ ქვეყნებში. იგი ეფუძნება სოლიდარობის ცნებას, სადაც უფრო მდიდარი და წარმატებული რეგიონები მხარს უჭერენ ღარიბ და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს. ევროკავშირის ერთობლივი პოლიტიკა მიზნად ისახავს შეამციროს უთანასწორობა ევროკავშირის უმდიდრეს და ღარიბ რეგიონებს შორის. პოლონეთი, ჩემი სამშობლო, ამის საუკეთესო მაგალითია. როდესაც პოლონეთი შეუერთდა ევროკავშირს 2004 წელს, მისი რეგიონების უმეტესობა განვითარების დონით ბევრად დაბალი იყო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე. თუმცა, პოლონეთის წევრობის თითქმის 20 წლის განმავლობაში, რამდენიმე რეგიონის განვითარების დონემ გადააჭარბა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.
საქართველო, გახდება რა ევროკავშირის წევრი, ამ კონცეფციით და მისი თანმხლები ფინანსური ტრანსფერებით დიდ სარგებელს მიიღებს. მიუხედავად ბოლო წლების მყარი ეკონომიკური ზრდისა, მთელი საქართველო მაინც ბევრად ღარიბია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადების მოლოდინი ჰქონდეს რეგიონული განვითარების მხარდასაჭერად, მაგრამ ამისთვის ჯერ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ სტატისტიკური მონაცემები საქართველოს რეგიონულ განვითარებაში ევროკავშირის წვლილის შესახებ?
ამჟამად საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით ვატარებთ მასშტაბურ პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 54 მილიონი ევროა. ეს პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული უთანასწორობის გადალახვას, უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ სხვადასხვა ინიციატივას, როგორიცაა კახეთში ახალი გზების მშენებლობა, გურიაში ჩაის მარშრუტის შექმნა, რაჭაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და იმერეთის კულტურული ძეგლების აღდგენა. ეს ინიციატივები პასუხობს ევროკავშირის პრინციპს, უზრუნველყოს, რომ ყველა რეგიონის მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა შესაძლებლობებსა და სერვისებზე.
გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ დავიწყეთ „Team Europe“-ის ორი ძირითადი ინიციატივის განხორციელება. ერთი ორიენტირებულია დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებაზე, ხოლო მეორე ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელობასა და გარემოზე, მიზნად ისახავს გადალახოს უთანასწორობა ქალაქსა და სოფლის თემებს შორის და შექმნას ახალი შესაძლებლობები რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, ზოგადად კი მრავალი წელია საქართველოს რეგიონების განვითარებას ვუჭერთ მხარს და ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ ქართული საზოგადოების სხვადასხვა სექტორის მხარდამჭერი ინიციატივებისთვის.
საქართველოსა და მის რეგიონებში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს შორის არის თუ არა ისეთი პროექტები, რომელთა მნიშვნელოვნებას თუ შედეგებს გამოყოფბდით?
ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული თითოეული პროექტი მნიშვნელოვანია და ახდენს გავლენას, განურჩევლად მისი სიდიდისა. თუმცა, ნება მომეცით გაგიზიაროთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების წყალობით, საქართველოში უკვე 8000 ევროპული სტანდარტის ჰარმონიზაცია განხორციელდა. ჩვენ ასევე დავეხმარეთ 300 000 ფერმერს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მეშვეობით. ჩვენი ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში შორეულ რაიონებში მცხოვრებ 90 000 ადამიანს 200-ზე მეტ სერვისზე აქვთ წვდომა საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით.
გარდა ამისა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს 40 000 ოჯახისთვის. თბილისიდან გზატკეცილზე დასავლეთის მიმართულებით თუ წახვალთ, ამ ქარის ტურბინებს გაივლით. გარდა ამისა, 11 000-ზე მეტ სტუდენტს და უნივერსიტეტის პერსონალს ჰქონდა შესაძლებლობა ესწავლა ევროკავშირის უნივერსიტეტებში Erasmus Plus პროგრამის მეშვეობით. ეს მაგალითები ასახავს პროექტების მრავალფეროვან სპექტრს, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და ჩვენი მუშაობა გრძელდება დაახლოებით 200 მილიონი ევროს წლიური ხარჯვით ინიციატივებზე, რომლებიც სარგებელს მოუტანს ქართული საზოგადოების სხვადასხვა სექტორს.
შემოდგომაზე ჩვენს ბოლო შეხვედრაზე განვიხილეთ 12 პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. მაშინ თქვენ გამოხატეთ ოპტიმიზმი, რომ საქართველო შეასრულებდა ამ რეკომენდაციებს. ახლა როგორ შეაფასებდით? რომელ სფეროებში ხედავთ გაუმჯობესებას და სად გაქვთ შემდგომი პროგრესისა და გაუმჯობესების იმედი?
დიახ, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ რამდენიმე თვის წინ, მთელი პროცესის დასაწყისში. ახლა ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ევროკომისია ამზადებს გაფართოების შესახებ პირველ მოხსენებას საქართველოს შესახებ. საქართველო უკვე გაფართოების ქვეყანაა უკრაინასთან, მოლდოვასთან და დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანასთან ერთად. ეს ანგარიში 35 თავისგან შედგება და მოიცავს 12 პრიორიტეტის განხორციელების მდგომარეობის შეფასებას.
სურათი არაერთგვაროვანია, ზოგიერთ პრიორიტეტში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, ზოგი კი შემდგომ მუშაობას მოითხოვს. ერთი დადებითი ასპექტია ის, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა აშკარად ემხრობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. თუმცა, უარყოფითი მხარეა საქართველოში კომპრომისის კულტურის არარსებობა. ჩემი მოსვლის დღიდან მოვუწოდებ ხელისუფლებას იყოს ინკლუზიური და იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს მონაწილეობა მიიღონ 12 პრიორიტეტის განხორციელებაში.
ანალოგიურად, მე მოვუწოდე ოპოზიციას, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ხელისუფლებასთან და დაეხმრონ თავიანთი იდეებით. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის ჯერ კიდევ არის ერთიანობის ნაკლებობა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ევროინტეგრაცია ეროვნულ პრიორიტეტად დაისახოს.
ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება და საბოლოო გადაწყვეტილებას შემდგომ ნაბიჯებზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დეკემბერში მიიღებს. პირადად მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო წარმატებული იქნება კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებას ეკისრება. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ უახლოეს თვეებში საქართველომ რაც შეიძლება მეტ პროგრესს მიაღწიოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში და შექმნას საქართველოს პოზიტიური იმიჯი და აღქმა ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ საქართველოს შესახებ პოზიტიური აღქმის შექმნის მნიშვნელობა და ქვეყანაში კარგი ამბების გაჩენის აუცილებლობა?
დიახ, ნამდვილად არის საქართველოდან კარგი ამბების გატანის საჭიროება. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში საქართველო ნეგატიური მიზეზებით მოხვდა მსოფლიო ყურადღების ქვეშ, რაც უნდა შევცვალოთ. ეს იყო ჩემი გზავნილი ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის პოლიტიკურ ელიტასთან. გადამწყვეტია, რომ დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შევქმნათ. ქვეყნის პოზიტიური აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში აუცილებელია საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის. ჩვენ უნდა გამოვყოთ 12 პრიორიტეტში მიღწეული პროგრესი და ვაჩვენოთ საქართველოს ერთგულება ევროპული ღირებულებების, დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი. ამით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ხელსაყრელი გარემო და გავზარდოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები. მნიშვნელოვანია პოზიტიურ მოვლენებზე ფოკუსირება და ერთობლივი მუშაობა ევროპულ არენაზე საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენისთვის.