2 minute read

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - ფანჯარა ევროპაში, ინტერვიუ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, ირაკლი ქარქაშაძესთან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფლობს ქვეყნის ყველა აეროპორტს, ხოლო ამ ეტაპზე მართავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის, როგორც ბიზნესის განვითარებაზე. მისი მიზანია ქართული საავიაციო სექტორი კომერციულად მიმზიდველი გახადოს ადგილობრივი და უცხოური ავიაკომპანიებისა და ინვესტორებისთვის. ამ ინტერვიუში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საუბრობს აეროპორტების როლზე საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, მიმდინარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მგზავრთა მოძრაობის ტენდენციებზე, მდგრადობის საკითხებსა და აეროპორტების მართვისას არსებულ გამოწვევებზე. გვიზიარებს მის ხედვას დარგის სამომავლო განვითარების შესახებ.

შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოს აეროპოტების გაერთიანების როლის შესახებ საქართველოს საავიაციო სექტორში?

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფლობს საქართველოს ყველა აეროპორტს და მართვას სამი საერთაშორისო აეროპორტიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტია და მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივ აეროპორტებს. ქვეყნის ყველა აეროპორტში ვახორციელებთ საქმიანობას საავიაციო უშიშროების მიმართულებით, ასევე ზედამხედველობას ვუწევთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიას.

ჩვენი როლი სცდება ტექნიკურ ფუნქციონირებას; ორიენტირებული ვართ ქართული საავიაციო ბაზრის, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისა და ინვესტორების მოზიდვაზე. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდეს წამყვანი რეგიონის ეკონომიკაში, იყოს არამხოლოდ აეროპორტი არამედ, დიდი ეკონომიკური ფონის შემქმნელი, ჩვენი მიზანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩამოვაყალიბოთ, როგორც კარიბჭე ევროპისკენ, რაც უზრუნველყოფს საქართველოს კავშირს მსოფლიოსთან.

როგორ უწყობს ხელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მართული აეროპორტები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას?

ევროკონტროლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ლიდერობს საჰაერო მიმოსვლის აღდგენით და უსწრებს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას. საქართველოს აქვს ღია ცის პოლიტიკა 32 ქვეყანასთან და უვიზო რეჟიმი 100-მდე სახელმწიფოსთან. საერთაშორისო მგზავრთნაკადის კუთხით, ბოლო 5 წელიწადში საშუალოდ, 22 %-იანი ზრდა ფიქსირდება. 2021 წლიდან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა 13 ახალი ევროპული და 10 ახალი აზიური მიმართულებით.საქართველოს აეროპორტების მომსახურების არეალი 12 მლნ ადამიანს ავტომობილით 6 საათიანი მგზავრობის მანძილზე მოიცავს. ჩვენი აეროპორტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ბიზნესურთიერთბების. ტურიზმისა და ტვირთების გადაზიდვის ხელშეწყობაში. ისინი, ასევე ხელს უწყობენ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ადგილობრივი აეროპორტები ეხმარებიან შიდა  ტურიზმის სტიმულირებას. ეს არის სრულად სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროექტი, რომლის ადმინისტრირებასაც ჩვენ, აეროპორტების გაერთიანება ვახდენთ. ქვეყნის შიდა აეროპორტებიგვთავაზობენ  9-10 საათიანი საავტომობილო გზისთითქმის 35 წუთიდან 50 წუთამდე ფრენის ალტერნატივებს. გარდა ამისა, აეროპორტების გაერთიანება არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი იმერეთის, სვანეთისა და რაჭის რეგიონებში. ჩვენ გვაქვს გეგმები გავაფართოვოთ  ოპერირების არეალი და განვავითაროთ მეტი აეროპორტი  ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

გაქვთ თუ არა კონკრეტული გეგმები აეროპორტის ინფრასტრუქტურის სხვა რეგიონებში გაფართოების შესახებ?

სულ მალე თელავის აეროპორტი გადმოცემის პროცედურები დასრულდება.  დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ შიდა ფრენებს, რომლებიც დააკავშირებს თელავს სხვა რეგიონებთან, როგორიცაა ბათუმი, მესტია, ქუთაისი და ამბროლაური. ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კახეთის კიდევ უფრო განვითარებას.

რა ფაქტორები ხდის თქვენი მენეჯმენტის ქვეშ არსებულ აეროპორტებს მიმზიდველს მოგზაურებისთვის?

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა  შესაძლებლობას გვაძლევს, ვპოზიციონირდეთ, როგორც მთავარი საავიაციო ცენტრი რეგიონში, რომელიც მოიზიდავს ტრანზიტულ მგზავრებს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ადგილობრივი ავიაკომპანიის ხელშეწყობით, საერთაშორისო ფრენების კავშირების გაზრდით და საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, ხელს შეუწყობს ქართული ავიაციის განვითარებას. ჩვენი მიზანია საქართველოს აეროპორტები გახდნენ დამოუკიდებელი ეკონომიკური მამოძრავებელი ძალა თავიანთ რეგიონებში და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

სანამ ამ თემას კიდევ უფრო განვავრცობთ, მოდით ვისაუბროთ თქვენს კარიერულ ზრდაზე და იმაზე, თუ რითი მიგიზიდათ ავიაციამ? როგორი იყო მანამდე თქვენი გამოცდილება?

ჩემი კარიერა ავიაციას დიდი ხნის წინ დაუკავშირდა. პარიზის SKHEMA ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მაგისტრატურის დასრულების შემდეგ  საქართველოში დაბრუნებისთანავე მუშაობა   ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ საავიაციო ბიზნესგანვითარების მიმართულებით დავიწყე. შემდეგ ვმუშაობდი კერძო სექტორში, ასევე ავიაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ავიაციის სფეროში 10 წლამდე პრაქტიკული გამოცდილება მაქვს. იმდენად მოვიხიბლე და გავითავისე ავიაცია, რომ გადავწყვიტე ამ მიმართულებითაც მიმეღო უმაღლესი განათლება. ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამამ (MBA) საავიაციო მენეჯმენტის მიმართულებით უდიდესი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვა.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორობამდე  ვმუშაობდი ქუთაისის მერის მოადგილედ, სადაც შევიძინე ღირებული გამოცდილება ქალაქის განვითარებისთვის აეროპორტების მნიშვნელობის გააზრების საქმეში. მომწსრე ვარ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ზრდის და ეტაპობრივი განვითარების, სადაც  კვირაში მხოლოდ რამდენიმე რეისი სრულდებოდა და ახლა  კვირაში  საშუალოდ 120 რეისზე მეტი ხორციელდება. სიამაყით მავსებს ის განცდა, თუ როგორ იქცა აეროპორტი ქვეყნის წამყვან ტურისტულ ცენტრად, რომლისთვისაც 2023 წელი ისტორიული და რეკორდული იქნება.  წელს ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით.  მაქვს პატივი, შემოვიტანო ჩემი დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა, რათა დავეხმარო საქართველოს აეროპორტებს და საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებს საქართველოში ავიაციის განვითარებისათვის ჯანსაღი, ბიზნესზე ორიენტირებული გარემოს შექმნაში.

მოდით განვიხილოთ აეროპორტში  მგზავრთა ნაკადის დინამიკა. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ბოლო ტენდენციები ან ცვლილებები მგზავრთა მოძრაობაში?

ბოლო წლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სწრაფი ზრდა განიცადა და დღეს, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია ევროპაში.  5 წლის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ საშუალო წლიური ზრდის ტემპი დაახლოებით30%-ით. ACI EUROPE-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დასახელებული იყო ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად 2018 და 2019 წლებში. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც 5 მლნ-ზე ნაკლებ მგზავრს ემსახურებიან.

  წელს, 6 თვის ჭრილში, 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის შთამბეჭდავი 83%-იანი ზრდა გვაქვს. ეს მეტწილად  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის Wizz Air-ის მიერ სამი საჰაერო ხომალდის ბაზირების დამსახურებაა, ხოლო წლის ბოლომდე მეოთხე ბაზირებული ხომალდიც დაემატება. რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში  ერთდროულად ავიაკომპანიის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.  მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე, საშუალებას იძლევა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა. მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა 6 თვის ჭრილში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებმაც, რომლებიც ყოველწლიურად აჭარბებენ პროგნოზირებულ ციფრებს. 6 თვეში, ჯამურად ქვეყნის ყველა აეროპორტში  მგზავრთნაკადი სრულად აღდგა. მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 6 თვეში 1,565,760 მგზავრს მოემსახურა. ზრდის ამ ტენდენციებმა გამოიწვია დისკუსიები ამბიციურ პროექტებზე, როგორიცაა თბილისის ახალი აეროპორტის განვითარება.

ანუ, განიხილავთ ახალი აეროპორტის აშენებას?

დიახ, ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ. საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროსთან და ჩვენთან თანამშრომლობით, შეიმუშავა წარმატებული სტრატეგია, რამაც გამოიწვია რეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდა და ამ კუთხით დიდი ინტერესი. შედეგად, მიმდინარეობს დისკუსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების პოტენციური მასშტაბური პროექტის შესახებ. პროექტი ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია, თუმცა უახლოეს მომავალში ველოდებით საინტერესო განცხადებებს.

რა გეგმები ან სტრატეგია აქვს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მგზავრებისთვის სერვისების გასაუმჯობესებლად?

ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ ჩვენს აეროპორტებში არსებულ სერვისებსა და ობიექტებს, ვეძებთ გზებს მგზავრთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ვესწრებით საავიაციო ფორუმებს, რათა შევისწავლოთ საუკეთესო გამოცდილება და დავნერგოთ ინოვაციური პრაქტიკა. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით ჩავატარეთ სარესტორნო მომსახურების აუქციონი და უახლოეს მომავალში ქუთაისში გვექნება ძალიან კარგი ქართული რესტორანი, რომელიც მგზავრებს საკმაოდ მაღალ სტანდარტებს და სერვისს შესთავაზებს. ვმუშაობთ ისეთი სერვისების დანერგვაზე, როგორიცაა ავტომატური რეგისტრაცია, e-gate-ბი და VIP ლაუნჯი. ჩვენ ასევე რეგულარულად ვაახლებთ უსაფრთხოების სისტემებს, რათა უზრუნველვყოთ შემოწმებისა და ჩასხდომის პროცესი. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე სისტემებისა და სერვისების დანერგვაზე, რომლებიც სარგებელს მოუტანს საავიაციო ინდუსტრიას.

არის თუ არა რაიმე მიმდინარე ან დაგეგმილი ინფრასტრუქტურის განვითარება ან განახლება საქართველოს აეროპორტებში?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ახალი პარკინგის ადგილის მშენებლობა დავიწყეთ. ეს პროექტი მიზნად ისახავს თავდაპირველად 600-მდე პარკინგის ადგილის შექმნას, მომავალში გაფართოების შესაძლებლობით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ თვითმფრინავების სადგომების რეაბილიტაციას აეროპორტის ბაქანზე და მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლის დაპროექტება. ამ კონკრეტულ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის საშუალებას მისცემს რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთების გადაზიდვის განვითარებას. გარდა ამისა, ჩვენ მალე დავიწყებთ მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალურ გეგმაზე, რაც უზრუნველყოფს მისი გრძელვადიანი განვითარების შესაბამისობას რეგიონულ საჭიროებებთან. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ საქაერონავიგაციასთან, რათა მოხდეს თვითმფრინავების მართვის ოპტიმიზაცია და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, რა გამოწვევების წინაშე დგახართ აეროპორტების ეფექტიანად მართვისას? და რომელია ის მიღწევა რომელსაც გამოყოფდით?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის კვალიფიციური კადრების უზრუნველყოფა. ამის გადასაჭრელად ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საავიაციო უნივერსიტეტთან და მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ მალე გავაფორმებთ მემორანდუმს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ამ პარტნიორობის საშუალებით ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას, რაც საშუალებას გვაძლევს გავუზიაროთ გამოცდილება და გავაღვივოთ მათი ინტერესი საავიაციო პროფესიის მიმართ. ეს გვეხმარება განვავითაროთ კვალიფიციური სამუშაო ძალა, რათა შევინარჩუნოთ ინდუსტრიის შეუფერხებელი მუშაობა.

ფინანსური სტაბილურობა კიდევ ერთი მუდმივი გამოწვევაა, განსაკუთრებით ავიაკომპანიებისთვის. ჩვენ  ვმუშაობთ მათი ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და მჯერა, რომ ამას ეფექტიანად გავუმკლავდებით.

მიღწევების თვალსაზრისით, მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა ავიაკომპანია Wizz Air-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და უდიდესი ბაზა. მხოლოდ წელს, ჩვენ დავამატეთ მესამე ბაზირებული თვითმფრინავი 1 ივნისს და მივიღებთ მეოთხეს 1 დეკემბერს, რაც გააორმაგებს ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობას ერთი წლის განმავლობაში. ეს არის ავიაკომპანიის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ეს მეტყველებს იმაზე, თუ რა ნდობა და წარმატება მივიღეთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, როგორც რეგიონის სიამაყის წყარო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს არ ეხება მხოლოდ თვითმფრინავებსა და მგზავრთა მოძრაობას; საუბარია ასევე მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ გუნდზე, 350 თანამშრომლისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო ფრენებს და ინარჩუნებენ 24/7 კავშირს ქუთაისსა და ევროპას შორის.

გარდა ამისა, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს თავიანთ რეგიონებში. ეს აეროპორტები უზრუნველყოფენ კავშირს ქვეყნის მთიან რეგიონებთან და ხელს უწყობენ ტურისტულ ინდუსტრიას. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა საქართველო გახდეს მიმზიდველი ადგილი მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვუწევთ კონკურენციას ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ წამყვან რეგიონებს, ქალაქებსა და ქვეყნებს ტურისტული თვალსაზრისით.

რამდენად პრიორიტეტულია მდგრადობა და გარემოსდაცვითი საკითხები თქვენს საქმიანობაში?

დღევანდელი გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, მდგრადობა და გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი აეროპორტები უფრო ენერგოეფექტური გავხადოთ. მაგალითად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნაწილობრივ მუშაობს მზის ენერგიაზე, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება მცირდება 25%-ით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო სერვისის სპეცავტო ტექნიკის 80 % ელექტროა, რაც საგრძნობლად ამცირებს მავნე გამონაბოლქვს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალს აქვს მწვანე გადახურვა, რომელიც უზრუნველყოფს თბოიზოლაციას და აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას გაგრილებისა და გათბობის სისტემებში.

მზის პანელები და ენერგოეფექტურობა ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენს გეგმებში, იქნება ეს ახალი აღჭურვილობის შეძენისას თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. ამჟამად ვსწავლობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სრულად ან ნაწილობრივ მზის ენერგიით აღჭურვის შესაძლებლობას. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მდგრადობისა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფას ჩვენს ყველა აეროპორტში.

დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ ამ სფეროს ზრდა და განვითარება?

10 წლიან პერსპექტივაში, მე ვფიქრობ, რომ საქართველო შეძლებს მოემსახუროს ტრანზიტულ მგზავრთა მნიშვნელოვან რაოდენობას და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ საავიაციო ჰაბებს. ამის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ ავიახაზებსა და აეროპორტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ ჩვენი აეროპორტები მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველსაყოფად და გარემოს ხელშეწყობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ძლიერი ქართული ავიახაზების ჩამოყალიბებას. სწორი სტრატეგიის, განვითარების გეგმებისა და პოლიტიკის განხორციელებით, რომელსაც ამჟამად ამუშავებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მიზნების მიღწევას.

This article is from: