9 minute read
ახალი ეტაპი ქართულ-ყაზახურ ურთიერთობებში: თანამშრომლობა პროგრესისათვის - Diplomat Magazine
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მოწმეც ცოტა ხნის წინ გავხდით, საქართველოსა და ყაზახეთის მსხვილი კომპანიების შეხვედრა გახლდათ, სადაც შეხვედრის მონაწილე 8-ვე კომპანიამ (Halyk Bank Georgia, Batumi Oil Terminal, Rompetrol Georgia, AIR ASTANA representative in Georgia, Wagon GK, Parmigiano Group, Georgian Partners) ხელი მოაწერა მემორანდუმს ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურულ-სოციალურ ცხოვრების სფეროში ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. გაერთიანების შექმნის მთავარი მიზანია გაერთიანების წევრებისთვის - საქართველოს ტერიტორიაზე მომუშავე ყაზახური კომპანიებისთვის / ინვესტორებისთვის, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკაში მომუშავე ქართული კომპანიებისთვის / ინვესტორებისთვის, სამართლებრივი, ინფორმაციული და მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ორივე ქვეყნის ინტერესების პოპულარიზაცია და საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
„თანამედროვე რეალიები გვკარნახობს თავის პირობებს. მაგრამ თუ გავერთიანდებით, ჩვენ შეგვიძლია, ყველა სირთულეს გავუმკლავდეთ. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ღრმა ისტორიული ფესვები და მჭიდრო თანამშრომლობა. მემორანდუმის ხელმოწერა არა მხოლოდ განამტკიცებს, არამედ კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს თანამშრომლობას.” - საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი.
Advertisement
გაერთიანების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე აღნიშნული იდეის თანაავტორსა და მემორანდუმის ხელმომწერს, ინვესტიციების მართვის კომპანია „ჯორჯიან პარტნერსის“ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჯახუტაშვილს, ვესაუბრეთ.
რამდენად მნიშვნელოვანია COVID-19-ის პირობებში საქართველოსთვის, ისევე, როგორც ყაზახეთისთვის აღნიშნული თანამშრომლობა?
ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო პანდემიამდეც, მნიშვნელოვანი არის პანდემიის დროსაც და მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც, რადგან საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის საჯარო, კერძო და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის სწრაფად განვითარებას. ნებისმიერ დროს აუცილებელია, რომ პრობლემები დროულად და ეფექტურად წყდებოდეს, რისთვისაც სასიცოცხლოა ორმხრივ ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია. აი, მაგალითად მიმდინარე პერიოდში ყაზახეთში მძიმე ეპიდემიური მდგომარეობაა და სჭირდებათ დახმარება სამედიცინო მეთოდოლოგიაში საუკეთესო პრაქტიკასა და აღჭურვილობაში, რასაც მხოლოდ სახელმწიფოები ვერ უზრუნველყოფენ და ამაში უკვე ერთვება ადამიანური ურთიერთობები, მეგობრობა, ბიზნეს პარტნიორობა და ა.შ. თვალსაჩინო მაგალითია, რომ ქართველმა ბიზნესმენმა სასუნთქი მოწყობილობის 10 კომპლექტი გადასცა ყაზახეთის საელჩოს. გამოსათქმელად 10 მცირე რიცხვია, თუმცა დასაფიქრებელია, რომ 10 აპარატს 10 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია დღე-ღამეში. მშვიდობიან დროს ხალხებს შორის კეთილსაიმედო პარტნიორობას მივყავართ ხალხებს შორის სიყვარულამდე, მეგობრობამდე და მძიმე პერიოდებში ასეთი ურთიერთობების სიმრავლე ხდება სიმშვიდისა და გადარჩენის საფუძველი.
როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებების მომტანი იქნება საქართველოს სოციალურ-კულტურული ცხოვრებისთვის ყაზახეთის მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობა?
მოცემული გაერთიანებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყაზახურ-ქართული ურთიერთობის მესამე ეტაპი იწყება: პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნით თარიღდება, როცა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა სამხრეთ კავკასიიდან ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი ოჯახი (ყივჩაღები ერთ-ერთი ყაზახური ტომია). დავით აღმაშენებლის ამ ნაბიჯის მიზანი ქართული ჯარის გაძლიერება იყო, რომ გაელაშქრა იმდროინდელ დამპყრობლებზე, რაც შესანიშნავად გამოუვიდა და პირველად ისტორიაში გაადიდა და გაამთლიანა საქართველო. ყივჩაღები ლაშქრობების შემდეგაც დარჩნენ საქართველოში და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურებოდნენ. მეორე ეტაპი 2006 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო აქტიურად შეუდგა ეკონომიკურ რეფორმირებას, სწორედ მაშინ ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, გვერდში დასდგომოდა ახალ, დასავლური მიმართულებით მიმავალ გზაზე დამდგარ საქართველოს. ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით მოუწოდა ყაზახურ საჯარო და კერძო კომპანიებს საქართველოში აქტიურად ინვესტიციების წარმოებისკენ. მართლაც, ყაზახური პირდაპირი ინვესტიციები იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინვესტიციები, რომლებიც არ იყო მეზობელი ქვეყნებიდან (რომლებსაც ისედაც ჰქონდათ სტრატეგიული საჭიროებები ჩვენს ტერიტორიაზე და ამ მიზნით ახორციელებდნენ გარკვეულ ინვესტიციებს) და მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საინვესტიციო გარემოს. 14 წლის განმავლობაში პირდაპირი ყაზახური ინვესტიციები 450 მილიონ აშშ დოლარს ასცდა. სამწუხაროდ, მოცემული პერიოდისთვის ორივე ქვეყანა ახალბედა მოთამაშე იყო კაპიტალისტურ და გლობალურ ეკონომიკაში, ამიტომ არცერთს ინდივიდუალურად არ ჰქონდა შესაბამისი მუშაობის გამოცდილება დაგროვებული და ინვესტიციების უმეტესობა გამოდგა ფინანსურად წარუმატებელი, რამაც გარკვეულწილად გავლენა იქონია ახალი ინვესტიციების შემოდინებაზე, თუმცა მატერიალური ზარალის მიუხედავად, საბედნიეროდ, დაგროვდა გამოცდილება, რომელიც ფასდაუდებელია მომავალი თანამშრომლობების წარმატებისთვის. მესამე ეტაპი სწორედ მსხვილ ყაზახურ კომპანიებთან თანამშრომლობით დაგროვებული ორმხრივი გამოცდილების სისტემატიზაციისა და გამოყენებაში გავრცელებით იწყება. ამ მიზნით იქმნება არაკომერციული, ორმხრივი, ყაზახურ-ქართული გაერთიანება. ამასთან ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობაში ძალიან ბევრი გამოუყენებელი შესაძლებლობა არსებობს ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი კვლევა და განვითარება, რაც შედეგად ორივე ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და შესაბამისად თითოეულ ქვეყანას საშუალებას მისცემს, უფრო სტაბილურად იზრუნოს საკუთარი ხალხების კეთილდღეობაზე.
რას გვეტყვით ქართული საწარმოების ყაზახეთის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რომელ სფეროებს წარმოადგენს საწარმოები, რომლებიც ყაზახეთის ბაზარზე შევა?
სანამ ყაზახეთის ეკონომიკის მიმზიდველობაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო მისი გეოგრაფიული მნიშვნელობა. ყაზახეთი მდებარეობს შუა აზიის ცენტრში, რომელსაც ესაზღვრება რუსეთი, ჩინეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და კასპიის ზღვა. ის არის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყანა აბრეშუმის მარშრუტისა, რაც მას ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს აზია-ევროპის დამაკავშირებელ ჯაჭვში და ლოგისტიკის კუთხით ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკა მსოფლიოში სიდიდით მე-9 ქვეყანაა ტერიტორიების მხრივ, სადაც ძირითადი რესურსი ნავთობია და ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი გამწევი ძალაც ეს არის, თუმცა თითქმის ყველანაირი წიაღისეული რესურსი გააჩნია, ხოლო მარცვლეულის წარმოების მსოფლიო ლიდერებშია. მოგეხსენებათ, უკვე ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები არის ძალიან საინტერესო ქართული ბიზნესისთვის, რადგან საქართველო ნავთობის და ხორბლის იმპორტზე სრულად დამოკიდებული ქვეყანაა. ამასთან ხორბლის მთლიანი იმპორტის 90% რუსეთიდან მარაგდება, შესაბამისად, ყაზახეთი მხოლოდ ამ მიმართულებითაც საინტერესო ქვეყანაა ქართული ეკონომიკისთვის. თუმცა ყაზახეთიც განვითარებადი ქვეყანაა, სადაც მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, საკვების წარმოება, ტურიზმი, ფინანსური სექტორი, კომუნიკაციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკის სექტორები ამოუწურავი შესაძლებლობის მქონეა, რომლებშიც საქართველოს წარმომადგენლებს შეუძლიათ საქმიანობის განვითარება და საკუთარ კეთილდღეობასთან ერთად ყაზახეთის ხალხსაც დაეხმარებიან საექსპორტო და იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქციის წარმოებით, სამუშაო ადგილების შექმნითა და ეკონომიკაში შეტანილი გადასახადების გზით. მაგალითისთვის უნდა ვახსენოთ სამი ძირითადი ინვესტიცია ყაზახეთში, რომელშიც ქართველი ინვესტორები მონაწილეობენ: ახალი ავტომატიზებული ფეროშენადნობი ქარხანა, რომელიც გასულ წელს Karaganda Ferro-alloy Plant YDD Corporation-ის მიერ გაიხსნა. ეს არის სრულიად ახალი ინვესტიციის დონე ყაზახეთის ინდუსტრიაში და ის მიზნად ისახავს რესპუბლიკის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. კომპანიის მიერ წარმოებული მთავარი პროდუქტი არის მაღალი ხარისხის Ferrosilicon (FeSi75), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს ფოლადის წარმოებასა და შენადნობებში. მეორე ინვესტიცია არის ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა და მოდერნიზაცია, რომელიც ასევე გაიხსნა ყარაგანდაში. ეს პროექტი ინოვაციურია, რადგან იგი გულისხმობს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლის უნიკალურობა ისაა, რომ გამდიდრების პროცესი გავლენას არ ახდენს რეგიონის გარემოზე, რადგან მთელი პროცესი მიმდინარეობს შიდა სივრცეში, სადაც წყლის გასუფთავების აუზების მრავალი ადგილი არ არის საჭირო. მესამე ძალიან საინტერესო შემთხვევა არის NEYCO, fintech კომპანია, რომლის სახელიც გამომდინარეობს mo (ney + co)-ისგან და მისიაა ტრადიციული და კრიპტო ვალუტის შექმნა. 2020 წელს NEYCO დარეგისტრირდა ყაზახეთში და დაიწყო ოპერირება Astana International Financial Center (AIFC)-ის ქვეშ.
რომელი სფეროებით არიან დაინტერესებულნი ყაზახეთის მსხვილი კომპანიები საქართველოში?
უპირველესად, საქართველო მნიშვნელოვანი და საინტერესოა ლოგისტიკის კუთხით, რადგან ყაზახეთის მსგავსად საქართველოც ისტორიული აბრეშუმის გზის შემადგენელი მარშრუტია და შუა აზიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია შავ ზღვაში და შემდგომ მსოფლიო წყლებში მოსახვედრად. გარდა ლოგისტიკისა, საქართველო ძალიან საინტერესო, ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა ევროპასთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამო. ამ მიზეზით ყაზახური წარმოებები, რომლებსაც ესაჭიროებათ ევროპისა თუ ჩინეთის ბაზარზე საკუთარი ნაწარმის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სწორედ საქართველოში მათი პროდუქციის ნაწილის წარმოებითა და გადასახადის გარეშე ექსპორტით შეეძლებათ სარეალიზაციო ბაზრებზე კონკურენტების ჩანაცვლება. ასევე, ზემოთ ვახსენეთ, რომ საქართველო ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა, თუმცა მოგეხსენებათ, ქვეყანაში 6000-ამდე სხვადასხვა ზომის მდინარეა, რაც განახლებადი ენერგიის წარმოების პერსპექტივით ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად აქცევს რეგიონში, თუმცა კაპიტალის სიმწირის გამო ჯერ ეს პოტენციალი აუთვისებელია და ელოდება ინვესტორებს, რაც ყაზახური ენერგოკომპანიებისთვის საინტერესო მიმართულებაა. ყაზახეთს ასევე ესაჭიროება საკვები პროდუქციით, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებით მომარაგება, რაც მათთვის საჭიროებაა, ხოლო საქართველოსთვის საექსპორტო პროდუქციის შესაძლებლობაა. საინტერესოა ასევე ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო ბიზნესის, კომუნიკაციების, ჯანდაცვის სექტორში მოქმედი ყაზახური ძლიერი ჯგუფებისთვის, რადგან საქართველოს პატარა სამომხმარებლო ბაზრის მიუხედავად, მას ხელსაყრელი მდებარეობა აქვს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ოპერირების გამარტივებით საშუალო ზომის სამომხმარებლო ბაზართან გამარტივებულ წვდომას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ შესაძლებლობები ორივე ქვეყანაში ბევრია, რასაც უფრო სიღრმისეული კვლევა-ძიება სჭირდება და შემდეგ უკვე ხელშეწყობა, რომ ნაპოვნი შესაძლებლობები განახორციელოს კერძო სექტორმა ხელისუფლებების დახმარებით.
ზემოაღნიშნულის კარგი მაგალითებია:
• ჯორჯიან პარტნერსი - ეს არის კერძო მცირე და საშუალო ინვესტიციების მართვის კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ეს ახალი სახელია, რომელიც ამ გამოცემაში ჟღერდება პირველად, თუმცა თავად ორგანიზაცია 7 წელია, ოპერირებს „კაპიტოლ მენეჯმენტის“ სახელით. 2013 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა მართვაში ავიღეთ ყაზახური ინვესტიციებით შემდგარი პორტფელი, რომელიც დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის აქტივებს მოიცავდა და ფარავდა რამდენიმე სექტორს (უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, გადამუშავება და ა.შ.). იმ დროისთვის პორტფელი ფაქტობრივად გაკოტრებული იყო და კრიზისული მართვა სჭირდებოდა. ჩვენ თავი გავართვით ამ გამოწვევას და ამჟამად ვმართავთ 150 მილიონი აშშ დოლარის აქტივებს, რომელიც არაერთი ყაზახი ინვესტორის საკუთრებაა. ჩვენ ვართ მათი ადგილობრივი პარტნიორები, ამიტომაც ავირჩიეთ ახალი სახელი „ჯორჯიან პართნერს“, თუმცა ჩვენ არ ვართ კომპანიების მოწილეები, უბრალოდ ჩვენ მათი ინტერესების დაცვით ვზედამხედველობთ კომპანიების საოპერაციო გუნდებს და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მაჩვენებლები, რითაც საბოლოოდ იზრდება აქტივების ღირებულება.
• ხალიკ ბანკი საქართველო, ყაზახეთის ხალიკ ბანკის შვილობილი კომპანია, საქართველოს საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთს“, რომელიც ხალიკ ბანკი საქართველოს 100%–იან წილს ფლობს, აქვს წარმატებული განვითარების 95-წლიანი ისტორია და ყაზახეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ გთავაზობთ საბანკო მომსახურების სრულ ასორტიმენტს - საცალო და ბიზნეს სესხებს, საბანკო გადახდის ბარათებს, ანაბრებს, ფულად ანგარიშსწორებას, ფულად გზავნილებს, დისტანციურ საბანკო მომსახურებებს და ა.შ. ბანკი ხელს უწყობს შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ფერმერებისთვის და მწარმოებლებისათვის საქართველოში.
• 2008 წლის თებერვალში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ შეიძინა სს „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილმა კომპანიამ სს „ყაზტრანსოილმა“. შპს ბათუმის ნავთობტერმინალს აქვს ექსკლუზიური მენეჯმენტის უფლებები შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 100%-იან წილთან მიმართებაში. მიღწეული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციიდან გამომდინარე აუცილებელია საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, საერთაშორისო და უწყებათაშორისი სტანდარტების გათვალისწინება, სს „ყაზტრანსოილ“ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნებს; ახორციელებს ფართომასშტაბიან გარემოსდაცვით საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი გავლენის ისტორიული და მიმდინარე ფაქტორების შემსუბუქებას; შრომითი უფლებების დაცვა და უსაფრთხოება მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია; უზრუნველყოფს ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის, აგრეთვე მათი გადამუშავებული პროდუქტების ტრანსპორტირებას, გადაზიდვას, შეძენასა და რეალიზაციას. ყაზტრანსოილი აგრეთვე ქმნის ახალ კონკურენტუნარიან ობიექტებს და ახდენს არსებული ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას.
• კომპანია Rompetrol Georgia (KazMunaiGas მართვის კომპანია) დაარსდა 2005 წელს და ფუნქციონირებს ქსელის 76 ბენზინგასამართი სადგური. გარდა ბენზინგასამართი სადგურების ქსელისა, კომპანია ასევე მონაწილეობს ნავთობპროდუქტების საბითუმო ვაჭრობაში, ბათუმის პორტში მდებარე საწვავის საცავში, აგრეთვე თბილისის ნავთობის საცავისგან, რომელიც მთლიანად მოდერნიზებულია საცავის სიმძლავრის გასაზრდელად. კომპანია თავისი მომხმარებლებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორც ბაზრის ლიდერი პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით.
• Parmigiano Group არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე კომპანიას შემდეგი მისიით: მრავალი ადამიანის ცხოვრება უფრო კომფორტული, მყუდრო და გემრიელი გახადოს. ისინი მართავენ რესტორნებს, ჯანსაღი კვების ადგილზე მიტანის სერვისებს, მთელი დღის განმავლობაში საკვების შეკვეთებს, კვების მომსახურებასა და სწრაფი კვების მომსახურებას, რომელიც ყაზახეთში 80 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. Parmigiano Group არის რესტორნების მენეჯმენტის კომპანია, დაარსდა 2012 წელს. იგი ფოკუსირებულია საკუთარი რესტორნების წამოწყებასა და განვითარებაზე ყაზახეთში სხვადასხვა კონცეფციების პოპულარიზაციისთვის. Parmigiano Group-ის მისია წარმოადგენს ევროპული მიდგომის დანერგვას რესტორნების ბიზნესში. საერთო ფაქტორი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, არის მუშაობის მაღალი ხარისხი ყველა ეტაპზე და დეტალები, რომლებიც გვხვდება დიზაინში, მშენებლობაში, ინტერიერის დიზაინსა და ტექნოლოგიების განვითარებაში და, რა თქმა უნდა, კომპანიის თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმის დონეზე. თბილისში უკვე ფუნქციონირებს ჯგუფის პირველი რესტორანი.
• AlimWay არის კომპანია, რომელიც დაარსდა საქართველოში 2019 წელს, ოპერირებს მოგზაურობის ინდუსტრიაში. AlimWay აწყობს სხვადასხვა ინდივიდუალურსა და ჯგუფურ ტურს. AlimWay–ის ერთ–ერთი პრიორიტეტია ბიზნესტურიზმი, რომელიც ემყარება საქმიანი მოგზაურობისა და კორპორაციული სერვისების ორგანიზებას. კომპანია საკუთარ თავზე იღებს საერთაშორისო სამგზავრო ფორუმების, კონგრესების, კონფერენციების, გამოფენების, საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებების, სამეცნიერო ექსპედიციების ორგანიზებასა და კორპორაციული ტურების ჩატარებას - სემინარები, ტრენინგები. საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობები არაერთი სერვისის შეთავაზების შესაძლებლობას იძლევა. უნიკალური კლიმატური პირობების გათვალისწინებით ყაზახეთის ტურიზმი საქართველოში შეიძლება გახდეს ძალიან პერსპექტიული. ზაფხულში სანაპიროა საინტერესო, ზამთარში კი სათხილამურო კურორტები, ხოლო საქართველოს კურორტებზე სანატორიუმის სერვისებით სარგებლობა მთელი წლის განმავლობაში არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ასევე საინტერესო იქნება ყაზახეთის მონახულება უზარმაზარი ტერიტორიების სანახავად, სადაც შეგიძლიათ, ნახოთ მთები, სტეპები და ყაზახეთის ულამაზესი ზღვა. ეს ყველაფერი დიდი პოტენციალია ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
თუ იგეგმება თანამშრომლობის გაფართოება და მისი წევრი კომპანიების რაოდენობის გაზრდა.
თავად მემორანდუმის გაფორმების მიზანი არის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმოება, რაც ითვალისწინებს ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარე ძირითადი საქმიანობის, სტრატეგიის, სტრუქტურის, მართვის მოდელის, ბიუჯეტისა და სხვა საჭირო გეგმების შექმნას. აღნიშნულის ბაზაზე მომზადდება ორგანიზაციის წევრების მატების, მათი ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ორგანიზაციის ოფიციალურად რეგისტრაცია.
როდიდან დაიწყება მემორანდუმით განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმა და რა იქნება შემდეგი პროცესები?
უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს მომდევნო 6 თვის განმავლობაში ანუ დეკემბრის ბოლოსთვის დაასრულოს მემორანდუმით განსაზღვრული სამუშაოები და ორგანიზაციამ შეძლოს სრულყოფილად ფუნქციონირების დაწყება 2021 წლის იანვრიდან.