5 minute read
"გაზელ ფაინანსის" წარმატების ისტორია ნათია ჯანელიძისგან
ევრაზიის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება გამოწვევებით სავსე პროცესია, თუმცა, „გაზელ ფაინანსის“ პროფესიონალი გუნდი ნებისმიერ გამოწვევას წარმატებით უმკლავდება და ზრდას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი სულ რამდენიმე წელია, ოპერირებს, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და მალე, უკრაინის მიმართულებით გაფართოებასაც გეგმავს.
როგორია „გაზელ ფაინანსის“ კონცეფცია, რა სირთულეებს აწყდებიან ბაზარზე და როგორ ახერხებენ თანხის სწორად დაბანდებასა და ინვესტორების ნდობის მოპოვებას, ამის შესახებ „დიპლომატი“ კომპანიის საინვესტიციო დირექტორს და თბილისის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია ჯანელიძეს ესაუბრა.
Advertisement
„გაზელ ფაინანსს“ იმ დროს შევუერთდი, როცა ფონდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ვმუშაობდით ინვესტორებთან, რომ თანხა მოგვეზიდა და ფონდი შექმნილიყო. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი, იმიტომ, რომ იქამდე, როცა ვმუშაობდი საბანკო სექტორში, ჩემი მთავარი ამოცანა იყო თანხის სწორად დაბანდება, კომერციული მოგების მოტანა და სხვა თანმხლები პროცესები, იქნება ეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, დარგის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ. მაგრამ არ მქონია ინვესტორებთან მუშაობის და თანხის მოზიდვის გამოცდილება, როცა შენ ყიდი არა მარტო შენს იდეას, შენს პროდუქტებს, შენს აზრს, რომლითაც ამ ინვესტორს უნდა მოუტანო მოგება, არამედ პოპულარიზაციას უწევ შენს ქვეყანას, რატომ უნდა განახორციელოს ინვესტიცია მაინცდამაინც ამ ქვეყანაში, მაინცდამაინც ამ პროექტში. ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი, იმიტომ, რომ საქართველოში იქამდე ასეთი ტიპის ფონდი არ არსებობდა. შესაბამისად, ეს პროცესი იყო რთული, საინტერესო, მაგრამ ბევრის მომცემი ჩემთვის.
დღეს შეიძლება, ითქვას, რომ „გაზელ ფაინანსი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი, იმიტომ, რომ ჩვენ დაახლოებით ორმოც კომპანიაში ჩავდეთ ინვესტიცია, განვახორციელეთ 60-მდე ტრანზაქცია, 14 კომპანია გვაქვს წარმატებით დახურული, რაც გულისხმობს იმას, რომ გაიზარდნენ ეს კომპანიები, მოიზიდეს დაფინანსების სხვა რესურსი და გადავიდნენ განვითარების ახალ ეტაპზე და მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რაც არსებობის შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში შეხვდა ფონდს, საქართველოში ჩვენ არ გვქონია ერთი წარუმატებელი პროექტიც კი.
თქვენ ხართ პირველი და, თუ არ ვცდები, ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც საინვესტიციო ფონდს უდგას სათავეში, თუმცა, იქამდე მუშაობდით საბანკო სექტორში, ცნობილ კომპანიებში და უცებ მოგიწიათ ახალი კომპანიის ნულიდან შექმნა. როგორ შეძელით ეს?
პირველობაზე აქცენტი არ მიყვარს, ეს ყველაფერი ძალიან ორგანულად მოხდა, მეამაყება, რომ ამ კომპანიაში დაარსების დღიდან ვმუშაობ და სავიზიტო ბარათის დაბეჭდვიდან, თითოეული თანამშრომლის შერჩევით დამთავრებული, რომლებიც დღეს „გაზელის“ ოჯახის წევრები არიან, ყველაფერში მაქვს ჩემი წვლილი და ძალისხმევა ჩადებული. ჩემთვის, პიროვნულად, თითოეული ამ ეტაპის გავლა იყო ძალიან საინტერესო. თუმცა, რაც ყველაზე მეტად მეამაყება, არის ის, რომ უცხოელ ინვესტორებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დავანახვეთ, რომ საინვესტიციო ფონდის მოდელი წარმატებით მუშაობს საქართველოში, რაც საწინდარი უნდა იყოს სხვა მსგავსი ფონდების წარმოქმნისა, რომ საქართველოში განვითარდეს კაპიტალის ბაზრები და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების შექმნა სწორედ ერთ-ერთია საწინდარია ამისთვის.
რა არის ის გამოწვევები, რასაც საქართველოში საქმიანობის პირობებში ხვდებით და როგორ უმკლავდებით მათ?
რისკების ორი კატეგორიაა: ერთი – რომელზეც ვერ ზემოქმედებ, და მეორე – რომლის შეფასება, და შემცირება შეგიძლია. მაგალითად, რეგიონის ადგილმდებარეობას ვერ შევცვლით, კონფლიქტური რეგიონია და როცა საინვესტიციო კუთხით მუშაობ, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამას ემატება შიდა არასტაბილურობა. თუმცა, ინვესტორთან მუშაობისას უნდა დაანახვო, რომ ეს რისკები არათუ უგულებელყოფილი, არამედ გათვითცნობიერებული და შეფასებული გაქვს.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ დიდი ინვესტორები დააინტერესოს, ამავე დროს, საქართველოს ძალიან სჭირდება უცხოური ინვესტიცია, იმიტომ, რომ ჩვენ ბუნებრივი რესურსით მდიდარი ქვეყანა არ ვართ, შესაბამისად, მზა ფორმულა უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისა ალბათ უნდა იყოს ქვეყნის მიმზიდველობა ადგილმდებარეობის, იაფი მუშახელის, ხელსაყრელი ბიზნესგარემოს და სხვა ბენეფიტების წინ წამოწევა, რომ მსხვილმა კომპანიებმა მოინდომონ დიდი ინვესტიციის გაკეთება საქართველოში, მიუხედავად ქვეყნის მცირე ზომისა, და პროდუქცია, თუ სერვისი, საქართველოდან გაიტანონ ექსპორტზე. საქართველო უნდა დაინახონ, როგორც ჰაბი მათი ბიზნესისთვის და არა მორიგი პოტენციური ბაზარი, რომელიც, როგორც აღვნიშნე, სიმცირის გამო, არცთუ მიმზიდველია.
როგორია ფონდის უახლოესი გეგმები?
მალე გაკეთდება მეორე ფონდი, ალბათ მიმდინარე წლის განმავლობაში, და ვფიქრობთ მესამე ქვეყნად დავიმატოთ უკრაინა და იმედი გვაქვს, იქ არსებული სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ყოველ შემთხვევაში, ინვესტორებისგან არის მზაობა, რომ დავეხმაროთ უკრაინულ ბიზნესს. იყო საუბარი მოლდოვაზეც, გვინდა, რომ შევკრათ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნები. უფრო გრძელვადიან გეგმებზე თუ ვიმსჯელებთ, მოვიაზრებთ შუა აზიის ქვეყნებს.
უახლოეს გეგმებში შედის კონფერენცია ლიდერი ქალებისთვის, რომელიც დაგეგმილია ოცდაშვიდ მარტს. მთავარი სპიკერი იქნება რეიჩელ ქაითი, ის არის ფლეთჩერის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, საკმაოდ ცნობილი პიროვნება ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. ასევე ველოდებით ამერიკის ელჩს და საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მოწვეულ სპიკერებს, და იქნება რამდენიმე საინტერესო პანელი, რომელზეც ასევე გვყავს მოწვეული ქართველი და უცხოელი ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა სექტორიდან. ძირითადი აქცენტი იქნება ქალების მმართველობაზე, იქნება ეს ფინანსურ სექტორში, თუ ზოგადად, და ძალიან საინტერესო სხვადასხვა დისკუსიას ველოდებით ამ მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი პანელისტი იქნება ჩვენი კოლეგა უკრაინიდან, რომელიც გაუძღვება ჩვენს საქმიანობას უკრაინაში, როდესაც იქ ფონდს შევქმნით.
ლიდერ ქალებზე საუბრობდით და აუცილებლად მინდა, გკითხოთ იმ თვისებებზე, რომლებიც დაგეხმარათ, მოსულიყავით მმართველ პოზიციამდე.
ეს არის ბევრი თვისების ერთობლიობა, სტანდარტულად პასუხისმგებლობა, მიზანმიმართულება, შრომისმოყვარეობა, სიახლისკენ სწრაფვა, ამბიციურობა, მოსმენის კულტურა, გამომუშავებული თვითდაჯერებულობა, რომელიც მოდის ბევრი სწორად გაკეთებული საქმით, სხვაგვარად მოსული თვითდაჯერებულობა, უბრალოდ, ყეყეჩობაა. როცა დროის დეფიციტი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩემთვის, ძალიან მეხმარება ის, რომ ვისწავლე, მივიღო მარტივ ჭეშმარიტებად, თუ მარტივი რამ მუშაობს, ესე იგი, ის სულელური სულაც არაა – მოკლედ რომ ვთქვათ, don’t overthink. ამასთან კავშირშია პრინციპი – „ნუ გახდი კარგს საუკეთესოს მტრად“. პროცესები ხშირად ისე სწრაფად მიდის, რომ პერფექციონიზმის დრო არაა. თუ შედეგი დამაკმაყოფილებელია რიგ შემთხვევაში, არ უნდა დაკარგო დრო მის სრულყოფამდე მიყვანამდე და უნდა განაგრძო წინ სვლა. ასევე გამოვყოფდი იმას, რომ მიყვარს ჭკვიანი ადამიანები და არ განვეკუთვნები იმ ტიპის მენეჯერს, რომელიც იმის შიშით რომ თავად არ დაიჩრდილოს, ჭკვიან ადამიანებს უფრთხის ან ჩრდილში ამყოფებს. ვამაყობ ჩვენი გუნდის თითოეული წევრით. სხვათაშორის, არაერთი ქალი ლიდერი გვყავს მოწინავე პოზიციაზე, კერძოდ, ფონდის ფინანსური დირექტორი და ასევე ESG და მდგრადი განვითარების დეპარტამენტს ქალები ხელმძღვანელობენ. ინვესტორებთან მუშაობისას გადამწყვეტია, მოიპოვო მათი ნდობა, ნდობის მოპოვება ხდება შენი პიროვნული და პროფესიონალური თვისებებით, პიროვნული ნდობა კი მოდის წესიერად და სწორად გაკეთებული საქმით.
რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებიც დღეს არიან თავიანთი კარიერის საწყის ეტაპზე, რა უნდა გააკეთონ, რომ საკუთარი თავის, საკუთარი პოტენციალის ბოლომდე რეალიზება შეძლონ?
ისწავლონ და განვითარდნენ მუდმივად, თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი და მოითხოვონ ის, რაც ეკუთვნით; არ დანებდნენ გამოწვევებს, ნებისმიერი რამ, რაც არ გამოვა, უნდა იყოს გამოცდილების მომტანი, რომ ახალი მოტივაციით განაგრძონ წინსვლა.