6 minute read
Sophie Villy-ის მეორე სამშობლო, საერთაშორისო მუსიკალური კარიერა და საქველმოქმედო საქმიანობა
ქართველ-უკრაინელი მუსიკოსი სოფი ხუციშვილი (იგივე Sophie Villy) უკვე ერთი წელია საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს ომისგან მიყენებული ტრავმების დავიწყებასა და სახელოვნებო განვითარებაში ეხმარება. საქველმოქმედო აქტივობების პარალელურად კი შემოქმედებით ზრდას განაგრძობს და საერთაშორისო მსმენელს ახალ-ახალი სიმღერებით ანებივრებს. როგორ მოვიდა პირველი აღიარება და რა გზავნილები აქვს მსოფლიოსთვის მის ახალ სიმღერას, სოფი ვილი „დიპლომატს“ უყვება:
დედით უკრაინელი ვარ, მამით ქართველი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვიზრდებოდი, უკრაინაში ყოველ წელს ვსტუმრობდი ბაბუას, რომელთანაც მთელ ზაფხულს ვატარებდი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მუსიკალური კარიერაც უკრაინაში დაიწყო. როცა, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, არსებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლის გასაგრძელებლად უკრაინაში გავემგზავრე, პარალელურად კი, ჩემი საავტორო მუსიკის უკვე საჯაროდ შესრულება დავიწყე. იქ გავიცანი უკრაინელი მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც 2009 წელს ბენდი Backstage ჩამოვაყალიბე. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერებს 14 წლიდან ვწერდი, ჩემი შემოქმედება ფართო აუდიტორიას ამ ბენდთან ერთად გავაცანი.
Advertisement
საინტერესოა, როგორი იყო გზა პირველ აღიარებამდე?
როცა მარტო ხარ ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც კიევი ან ნიუ-იორკია, სხვანაირად იწყებ აზროვნებას, უფრო მომართული ხარ და ამ დროს მეტი შესაძლებლობა იხსნება. მახსოვს, პირველ ეტაპზე ხშირად დავდიოდი ცნობილ კლუბში ჯემ სესიებზე, ვეცნობოდი მუსიკოსებს და ჩემს სიმღერებსაც ვაცნობდი. ერთ-ერთი ასეთი სესია ჩემი საავტორო მუსიკით გავხსენი, სადაც ცნობილმა უკრაინელმა მუსიკოსმა, DIEZEL- მა წარმადგინა აუდიტორიასთან. შეიძლება ითქვას, რომ ეს საღამო ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. შემდეგ იყო მოწვევები სხვადასხვა ღია თუ დახურულ ღონისძიებებზე. მათ შორის იყო დღევანდელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის Kvartal 95. მოგვიანებით ჩვენი ბენდი დაიშალა და მუსიკოსები სხვადასხვა მიმართულებით წავედით. მაშინ დავიწყე ფიქრი სოლო კარიერაზე და ასე შეიქმნა სასცენო სახელი Sophie Villy. 2011 წელს გამოვუშვი პირველი ალბომი Mother Fish, რომელსაც მოყვა მოწვევები ისეთი ფესტივალებიდან როგორიცაა Fall Arts Festival ფლორიდაში და SXSW ოსტინში. ამერიკაში ყოველწლიურმა ტურმა, ახალ სცენებზე მიღებულმა გამოცდილებამ და მსხვილ რადიოსადგურებში (KEXP, KCRW, BBC2) სისტემატურმა როტაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე. ჩემთვის უმთავრესია ბოლომდე, გულით ვაკეთო ის, რაც მიყვარს, მაცოცხლებს და ერთგული დავრჩე ჩემი საოცარი მსმენელის, რომელიც 11 წელია მომყვება და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
რამდენიმე წელია, რაც მუსიკალურ კარიერასთან ერთად საგანმანათლებლო სფეროშიც ხარ. რას მოიცავს ამმხრივ შენი საქმიანობა?
უკვე 5 წელია, რაც თბილისში თავისუფალი შემოქმედებითი სივრცე, SOULSCOPE დავაარსე, სადაც ბავშვები არაფორმალური გზით ეცნობიან როგორც მუსიკას, ისე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს და არამარტო. პირველ რიგში, ალბათ საკუთარ თავს ეცნობიან ამ ყველაფრის გავლით, რადგან ხელოვნება ყველაზე უნივერსალური გასაღებია საკუთარი თავის ძიების პროცესში. ამასთან ერთად, SOULSCOPE ერთგვარი თერაპიული სივრცეც არის, სადაც სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ ბავშვებთან ერთად. ხშირად ვეხებით სწორედ იმ თემებს, რაც ბავშვებს განსაკუთრებულად აწუხებთ. იქნება ეს ბულინგი, თუ სხვა სახის კონფლიქტი თანატოლებთან. ვსხდებით წრეზე და ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია. ბავშვები იხსნებიან, ჩნდება ნდობა ერთმანეთის მიმართ და სწავლობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ჯანსაღ კომუნიკაციას, რაც უმნიშვნელოვანესია მათ პიროვნული ზრდისთვის. საზოგადოებაში კომუნიკაციის არქონის გამო ჩნდება დღეს უამრავი პრობლემა და კონფლიქტი. “Soul Food” - სულის საზრდო - ესე შეარქვეს თვითონ ბავშვებმა ამ სივრცეს, რადგან მაქსიმალურად მათ ინტერესებზე და მიზნებზე მორგებული და მშვიდი გარემოა.
მრავალფეროვანი აქტივობები (მუსიკის შექმნის და ჩაწერის სესიები, ფაქტობრივად ყველა სახის მუსიკალური საკრავის პრაქტიკული გამოყენება და ა.შ.) ბავშვს აძლევს სრულიად თავისუფალი ექსპერიმენტის და ცდის შესაძლებლობას, მოსინჯოს, გაერკვიოს და შემდეგ გადაწყვიტოს რა მოსწონს და ნამდვილად რისი კეთება სურს. როდესაც მოსწავლეებს მუსიკალურ ეპოქას ან არტისტს ვაცნობ, ყოველთვის ვუყვები მაშინდელ პერიოდზე და ისტორიულ კონტექსტზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შეძლონ კრიტიკული შეფასება, ჰქონდეთ საკუთარი აზრი სხვადასხვა მოვლენაზე და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ კარგ მოქალაქეებად.
უნდა აღინიშნოს, რომ არც შენს როლს ივიწყებ მეორე სამშობლოს მიმართ და უკვე ერთი წელია, უანგაროდ ეხმარები ომისგან დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს. მოგვიყევი ამის შესახებ.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ისეთი განცდა მქონდა, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მათ შორის ჩემმა შემოქმედებამ. მახსოვს, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი. ეს მდგომარეობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მერე მივხდი, რომ რაღაც სასარგებლო უნდა გამეკეთებინა დაზარალებული ხალხისთვის. მაშინ გადავწყვიტე, რომ SOULSCOPE-ში მომეწვია ის უკრაინელი ბავშვები, რომელთა ოჯახებსაც ომის გამო მოუხდათ ქვეყნის დატოვება. ამ საქმეში თავიდანვე ჩაერთნენ ჩემი თბილისში მცხოვრები უკრაინელი მეგობრებიც - მსახიობი ნატალი ვორონიუკი და კინო პროდიუსერი მარია მოსკალენკო. ერთმა სამსახიობო ოსტატობის სეანსები დანერგა, მეორემ შემეცნებითი ჩვენებები და ერთობლივი ძალებით დავიწყეთ ბავშვებთან მუშაობა. ვუმასპინძლეთ ბავშვებს, რომლებსაც ახალი დატოვებული ჰქონდათ ბუჩა, მარიუპოლი თუ რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა უკრაინული ქალაქები. სტრესისგან ბავშვები საკუთარ თავში იყვნენ ჩაკეტილი და ჰქონდათ აგრესია მიმდინარე მოვლენების მიმართ. ზოგიერთი კი, საერთოდ არ ლაპარაკობდა. მათთან ნელ-ნელა დავიწყეთ საუბარი და ყველანაირად ვეცადეთ, რომ დავხმარებოდით სროლისა თუ განგაშის სირენების ხმა დაევიწყებინათ. უკრაინულად ვესაუბრებით ყველაფერზე, რაზეც თავად ისურვებენ საუბარს და საშუალებას ვაძლევთ ხატვით თუ სხვა აქტივობებით გადმოსცენ საკუთარი განცდები. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, მათთვის მყუდრო და დაცული გარემო შეგვექმნა, სადაც დაცულად იგრძნობდნენ თავს და შეძლებდნენ მიყენებული სტრესის დავიწყებას.
სულ ახლახანს გამოუშვი ახალი სიმღერა Blackout და მუსიკალური ვიდეო, რომელიც ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მოგვიყევი, როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი და რა მესიჯებს ატარებს როგორც უკრაინელი, ისე მსოფლიო მსმენე ლისთვის?
სიმღერა Blackout ნოემბერში დაიწერა, სწორედ მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთმა პირველი მძიმე დარტყმები და ნამდვილი დაბნელება მოახდინა. მახსოვს, მაშინ ჩემს მეგობრებს ველაპარაკებოდი, რომელთაგან ნაწილს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი საუბრისას, მეგობარი მიყვებოდა, რომ უკვე ერთი კვირაა ყველანაირი კომუნიკაციის, გათბობის და ელექტრო ენერგიის გარეშე იყვნენ დარჩენილი პატარა ბავშვებით. სიმღერა ამ დიალოგიდან წამოსულ სათქმელს ამბობს. მივხვდი, რომ სანთლებით, ლამპებით და თერმოსებით ყველანაირ Blackout-ს გავუძლებთ, ოღონდ საბჭოთა ჭაობში აღარ დავბრუნდეთ. ეს სიმღერა თან მანიფესტია და თან ლოცვა, მის ფინალში კი იმედი ჩანს, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ ბოროტებაზე. ვიდეო ბაპტისტურ ტაძარშია გადაღებული, სადაც მრავალი სანთელი ჩანს. თითოეული მათგანი ომის შედეგად დაღუპული ბავშვისა და გმირების სიმბოლოა. პროექტზე ჩემთან ერთად იმუშავეს კინემატოგრაფისტებმა - დიტო დეკანოსიძემ და გიორგი მაკარი გოგოლაძემ. ჩემთვის პატივია, ასეთ ნიჭიერი მეგობის ყოლა და მათთან თანამშრომლობა.
და ბოლოს, გვითხარი რას ნიშნავს შენთვის გქონდეს ორი სამშობლო?
საქართველოსა და უკრაინის მიმართ სიყვარული ჩემთვის გენეტიკური კოდივით არის. როდესაც უკვე დავიმკვიდრე თავი როგორც მუსიკოსმა, სიმღერების ტექსტებში, სცენიდან თუ მედიის საშუალებით, ყოველთვის მქონდა საუბარი ჩემს ორ სამშობლოზე. სულ ვცდილობდი, კიდევ უფრო ახლოს გამეცნო ერთმანეთისთვის ორი ქვეყნის კულტურა. მიხარია, რომ ქართველებს და უკრაინელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ და ეს ყოველთვის იგრძნობა. სხვათა შორის, ამ ორი ქვეყნის ისტორიაშიც ბევრი პარალელია. მათ ახლაც აერთიანებთ ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიები და საერთო მტერი. ამაზე ღიად საუბარი თუ პროტესტის გამოხატვა კი, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის არტისტებისთვის, რადგან ჩემი აზრით, ხელოვნებისა და პოლიტიკის გამიჯვნა არის ყველაზე არასწორი რამ, რაც შეიძლება არტისტმა ან საზოგადოებამ დაუშვას. პირველ რიგში იმიტომ, რომ არტისტი იგივე მოქალაქეა, რომელსაც უამრავი ადამიანი უსმენს. ამასთან ერთად, როცა შენს ქვეყანაში თუ გლობალურად ხედავ ომს, სიძულვილს და მსხვერპლს, წარმოუდგენლად მიმაჩნია არტისტი ამან არ შეაწუხოს და ამ ყველაფრის მიღმა გააგრძელოს კარიერა.