არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "ინოვაციური საქართველო” საქართველოს საინოვაციო პოლიტიკის მონახაზი (რეკომენდაციები საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელებისთვის საინოვაციო პოლიტიკის თაობაზე) წინამდებარე რეკომენდაციები მსოფლიოში, ევროკავშირსა და საქართველოში მიმდინარე საინოვაციო პროცესებისა და ეროვნული საინოვაციო სისტემების კვლევის საფუძველზეა მომზადებული. კვლევა წარმოებდა 2009–2012 წლებში ევროკავშირის, ფონდ ღია საზოგადოებისა და ებერტის ფონდის ხელშეწყობით. კვლევის აუცილებლობა განაპირობა რამდენიმე გარემოებამ: საქართველოში საინოვაციო პოლიტიკის უქონლობამ, რაც არაერთხელ აღნიშნეს ევროკავშირის მისიებმა; კვლევითი და უმაღლესი განათლების სისტემების წარუმატებელმა რეფორმამ; კვლევითი სისტემის უაღრესმა დაკნინებამ; კერძო სექტორში კვლევის უმნიშვნელო მოცულობამ. ეს გარემოებები კითხვის ქვეშ აყენებენ საქართევლოს მიერ გაცხადებულ ევროინტეგრაციას, რადგანაც მკვეთრად არ შეესაბამებიან ევროკავშირის პრაქტიკას. კითხვის ქვეშ დგება საქართველოში ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდის გრძელვადიანი პერსპექტივა. რეკომენდაციებში საქართველოში საინოვაციო პოლიტიკის მონახაზია მოცემული. მთავარი ღონისძიებებია:
ეროვნული საინოვაციო პოლიტიკის შესახებ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება და მიღება.
საინოვაციო პოლიტიკის ერთ-ერთ უმაღლეს სახელმწიფო ამოცანად აღიარება.
ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ინოვაციების ეროვნული საბჭოს შექმნა.
ქვემოთ მოგვყავს იმ საკითხების ჩამონათვალი, მოკლე განმარტებებით, რომელსაც სტრატეგიული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს (ჩამონათვალი ამომწურავი არაა):
1. საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარება
კვლევითი სისტემის განვითარება. ბოლო წლებში ამ საკითხის საჯარო განხილვამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა. ამის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ისაა, რომ კვლევითი სისტემა არ იხილებოდა ქვეყნის ინოვაციური განვითარების კონტექსტში. გასათვალისწინებელია, რომ განათლებასთან დაკავშირებული ფუნქციის გარდა, კვლევით სისტემას სხვა ფუნქციებიც გააჩნია: სიახლეების შექმნის და ეკონომიკაში გადაცემის; ქვეყნის გარეთ შექმნილი სიახლეების მონიტორინგისა და მათი ადაპტირების; ქვეყნის მართვის საინფორმაციო უზრუნველყოფის. დასადგენია: კვლევითი და მასთან გათანაბრებული საქმიანობის თანამედროვე განსაზღვრება; მისი ორგანიზაციული და სამართლებრივი ფორმები; ძირითად მონაწილეთა უფლებები, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში; ხელისუფლების ყველა შტოსა და ყველა უწყების პასუხისმგებლობა კვლევითი საქმიანობის გაფართოების მიმართ. კვლევითი სისტემა უნდა იყოს დაცული ხელისუფლების ცვლასთან დაკავშირებული რისკებისგან. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში უნდა დაიგეგმოს კვლევის მოცულობის ზრდა და მისი სხვა ინდიკატორების თანდათანობითი გაუმჯობესება სათანადო პროგნოზების საფუძველზე. ასე თუ არ გაკეთდა, საქართველო სულ უფრო დაშორდება ევროკავშირს, რომელიც, მიუხედავად კრიზისისა, მკვეთრად ზრდის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (ჰორიზონტი 2020) დაფინანსებას. აგრეთვე, ქართველ მეცნიერებს მომავალში გაუჭირდებათ ჩარჩო პროგრამის კონკურსებში მონაწილეობა.
კვლევის განვითარება კერძო სექტორში. ზრდის სწორი ორიენტირების დადგენის შემთხვევაში, კვლევის ზრდას საჯარო სექტორში მოყვება კვლევის ზრდა კერძო სექტორშიც. საწარმოებს
1