6 minute read
ისრაელისა და საქართველოს ინტერესების ლობირება მესამე სექტორის გზით
ფოტოზე: Isaac Herzog & Irakli Kobakhidze
თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნების ურთიერთობები და საზოგადოების მდგრადი განვითარება წარმოუდგენელია არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე. მათი როლი დღითიდღე იზრდება შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებში და ეს ბუნებრივიცაა, რადგან არასამთავრობო სექტორი ის პლატფორმაა, სადაც მაღალ პროფესიონალურ ცოდნაზე დაყრდნობით ყალიბდება საზოგადოებისა და სახელმწიფოების ინტერესებზე ორიენტირებული ხედვები, მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოებს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში. ამიტომ ცივილიზებულ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს არასამთავრობოების, მათ შორის საერთაშორისო არასამთავრობოების, პარტნიორულ როლს. თავის მხრივ, აღნიშნული სექტორის საქმიანობა აძლიერებს სახელმწიფოს პოტენციალს შინ თუ გარეთ - საერთაშორისო ასპარეზზე. და ეს ხდება არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის - სახალხო დიპლომატიის წყალობით. მეტიც, არასამთავრობო სექტორი ყველა სფეროს აქცევს სახალხო დიპლომატიის მექანიზმად, რომლის ეფექტიანობაში ეჭვი დღეს ვერავის შეაქვს.
Advertisement
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც მესამე სექტორის როლს განსაკუთრებით ზრდის, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების პარალელურად, სხვადასხვა სფეროში (პოლიტიკა, ბიზნესი, კულტურა...) გავლენიან აქტორებთან დამოუკიდებელი თანამშრომლობაა. ასეთი კავშირები თითქმის თავისუფალია ფორმალური, დიპლომატიურ-პროტოკოლური ჩარჩოებისგან, რაც ქმნის ნდობაზე დამყარებულ საქმიან გარემოს და პრობლემათა გადაჭრის ქმედით ბერკეტს.
თუ განვითარებულ დასავლურ საზოგადოებაში მესამე სექტორი უკვე დიდი ტრადიციის მატარებელია, პოსტსაბჭოთა სივრცეში, შეიძლება ითქვას, ახალი ფეხადგმულია, თუმცა უდავოა, უკვე ასრულებს პოზიტიურ როლს. საქართველოში ერთ-ერთი პირველი ასეთი ორგანიზაცია - საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა 25 წლის წინათ, რთულ 90-იან წლებში შეიქმნა. ორგანიზაცია პირველივე დღიდან ჩაება დამოუკიდებელ საქართველოსა და ისრაელს შორის პირველი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ბიზნესპალატა დააარსა ისრაელის მოქალაქემ, იციკ მოშემ, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირში მსოფლიო ებრაული სააგენტოს პირველი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი სხვა საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელმძღვანელობდა ისრაელის სახელმწიფოს ფინანსური დახმარების კამპანიას. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ორი ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებაზე. მის აქტივშია ათეულობით მასშტაბური ღონისძიება, საქართველოში ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან მოზიდული მრავალმილიონიანი ინვესტიცია, საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. მოგვიანებით იციკ მოშემ დააარსა კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ისრაელის სახლი“, რომელიც მუშაობს სახალხო დიპლომატიის გზით საქართველოში ისრაელის წარმოდგენასა და ქვეყნებს შორის სახელმწიფოებრივი კავშირების ხელშეწყობაზე. "ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან უნდა გვახსოვდეს, ისრაელის სახელმწიფო არ ეკუთვნის რომელიმე ერთ ოფიციალურ პირს, პარტიის აქტივისტებს ან პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს. უნდა გავაძლიეროთ მოხალისეობრივი საქმიანობა მესამე სექტორის მეშვეობით, ადეკვატურად ვუპასუხოთ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, გადავარჩინოთ ის", - ამბობს იციკ მოშე, რომელიც 30 წელზე მეტია, მუშაობს ისრაელს გარეთ სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ფორმატში მისი საქართველოში საქმიანიობა კი ამ ქვეყნის ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან დაახლოებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს პირველი კავშირები სწორედ მესამე სექტორის საშუალებით, კერძოდ მსოფლიო ებრაული სააგენტოს (სოხნუთის) გზით დაიწყო. 1990 წელს თბილისში გაიხსნა საბჭოთა კავშირში სოხნუთის პირველი წარმომადგენლობა და მას სათავეში ჩაუდგა ისრაელის მოქალაქე იციკ მოშე. პირველი ოფიციალური თანამშრომლობა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობასთან წარმატებით შედგა. 1991 წელს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირობებში საგარეო საქმეთა მინისტრ გოგი ხოშტარიას უშუალო მონაწილეობით სოხნუთის წარმომადგენლობამ აკრედიტაცია გაიარა. 1991 წელს ქართული პერიოდიკა თითქმის ერთხმად აღნიშნავდა, რომ სოხნუთის საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად მუშაობდა მსოფლიო ებრაელობასთან და ისრაელთან საქართველოს დასაკავშირებლად. „ჯერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუში კი იციკ მოშე აცხადებდა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ოფიციალური პირები დაინტერესებულნი არიან, სოხნუთმა მათი ინტერესები წარმოადგინოს ორმხრივი თანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, კულტურა, განათლება და მრავალი სხვა.
1991 წელს ქართული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კი იციკ მოშე სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზეც საუბრობდა და მიუთითებდა, რომ „საჭიროა, სათანადოდ შეფასდეს ამა თუ იმ არხის შესაძლებლობები, დადგინდეს ორივე მხარის საერთო ინტერესები და მოხდეს ამ კავშირების სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანა. თუ ეს დროზე არ მოხდება, სახალხო დიპლომატიასაც შეუძლია რეალიების დამახინჯება და ილუზიების შექმნა“. საქართველოში გამომავალ გაზეთ სახალხო განათლებასთან (1991 წ.) ინტერვიუში იციკ მოშე ამბობდა, რომ „არსებობს გულთბილი კავშირები ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელობასა და საქართველოს შორის. სასურველია, მოინახოს გზები, რათა ეს კავშირები გავრცელდეს ისრაელისა და მთელი მსოფლიოს „არაქართველ ებრაელებზე“. საქართველოში მსოფლიო ებრაელობის პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტი იციკ მოშეს თხოვნითა და სოხნუთის ორგანიზებით 1991 წლის ზაფხულში შედგა. სოხნუთის საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა ბარუხ გურმა თბილისში ჩამოიყვანა ებრაული წარმოშობის სამხრეთ აფრიკელი მილიარდერი, მეტალურგი მენდელ კაპლანი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე. იმავე წლის აგვისტოში, ასევე სოხნუთის ორგანიზებით, თბილისს ეწვივნენ ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელი სიმხა დინიცი, ებრაული წარმოშობის კანადელი ბიზნესმენი ჩარლზ ბრონფმანი, სოხნუთის საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი ბარუხ გური და ებრაული სააგენტოს იმიგრაციისა და აბსორბციის დეპარტამენტის დირექტორი არნონ მანტვერი. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, გაეღრმავებინათ საქმიანი კავშირები საქართველოს მთავრობასთან. „ვიზიტის მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ ამით მოხდება საქართველოს წარდგენა მსოფლიოს წინაშე, რაც დღეს ძალზე გვჭირდება“ – წერს იმდროინდელი ქართული პრესა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ საგარეო უწყების ხელმძღვანელი გიორგი (გოგი) ხოშტარია, სოხნუთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იციკ მოშე. პირველი ოფიციალური შეხვედრაც საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა. გოგი ხოშტარიამ სტუმრებს განუცხადა, რომ საქართველო მზადაა, გვერდში დაუდგეს სოხნუთს და ასევე, უწყება მოწადინებულია, ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს. დელეგაციას მომდევნო შეხვედრა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ჰქონდა. შეხვედრის მონაწილე იციკ მოშე იხსენებს, რომ პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ სოხნუთის ხელმძღვანელს სიმხა დინიცს სთხოვა, დაწყებულიყო ისრაელთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე მოლაპარაკება. საპასუხოდ დინიცი მასპინძელს დაჰპირდა, რომ თხოვნას ისრაელის მთავრობას გააცნობდა და მთავრობის პოზიციასაც შეატყობინებდა. რამდენიმე დღეში მოსკოვში დაიწყო ცნობილი პუტჩი (1991 წლის 18 აგვისტო), რამაც ვითარება საქართველოშიც დაძაბა. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრიდან თითქმის ერთ კვირაში ისრაელიდან არსებობდა ზეპირი პასუხი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების მზაობაზე, მზარდი შიდა დაძაბულობის გამო, საქართველოში ამისთვის უკვე აღარავის ეცალა.
90-იანი წლებიდან ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობის 80 პროცენტი უკვე იციკ მოშეს მიერ დაარსებული საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატასა (1996 წ) და „ისრაელის სახლის“ (2013 წ) აქტივობებზე მოდის. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აგრეთვე „ისრაელის სახლის“ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კერძოდ, 2016 წლიდან „ისრაელის სახლი” არის ევროპული ალიანსი ისრაელისთვის (EAI) პარტნიორი ორგანიზაცია. EAI-ის ფორუმები ის პლატფორმაა, სადაც ისრაელის სახლი ისრაელის ჰასბარაზე, ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან მეგობარი ქვეყნების კავშირის გაღრმავებაზე მუშაობს. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებით, ორგანიზაცია 2017 წელს გახდა ევროპის საბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) წევრი და საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს. AEPJსთან თანამშრომლობით, კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ჰასბარას კამპანიის შემადგენელი ნაწილი გახდა - ტურისტულ დატვირთვასთან ერთად ისრაელის სახლმა მას ებრაული ცნობიერების ამაღლების ფუნქცია შესძინა. „ისრაელის სახლი" თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ამერიკულ ისრაელის მხარდამჭერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, როგორიცაა AIPAC და J STREET. ორივე ორგანიზაცია აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწევა. “ისრაელის სახლის“ მოწვევით, დიდი ალიის 25 წლის იუბილეზე თბილისს ესტუმრა J STREET-ის წარმომადგენელი. მან რუსთაველის თეატრში გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და შემდეგ „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ბიზნესფორუმები, ისრაელისა და საქართველოს ხელისუფლებათა წარმომადგენლების შეხვედრები, 2015 წელს თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი ისრაელში, მისი შეხვედრები ისრაელის ბიზნესწრეებთან, იერუსალიმის მერთან, ლექცია თელ ავივის უნივერსიტეტში და ა. შ., ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების ფორმატში წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით, 2004 წელს აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ამერიკის წამყვანი 21 ებრაული ორგანიზაციის ლიდერებთან მსოფლიო ებრაელობის ლიდერთა პრეზიდიუმთან. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საბჭოთა ებრაელების საკითხზე მომუშავე ამერიკული ორგანიზაციების გაერთიანება, ამერიკის წამყვანი ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტების კონფერენცია (Conference of Presidents ), ამერიკის ებრაელთა კომიტეტი, ბნე ბრითი ებრაელთა მომსახურების უძველესი ორგანიზაცია, ამერიკის ებრაელთა კონგრესი, ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული გამავრცელებელი კომიტეტი და ა.შ. 1991 წლის შემდეგ ეს იყო მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს დაკავშირების უკვე მეორე, უფრო მასშტაბური შემთხვევა. შეხვედრაზე არაერთხელ ითქვა, საქართველო იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც კარი გაუღო ებრაულ სააგენტოს და აგრეთვე ჯოინთმაც საბჭოთა სივრცეში სწორედ საქართველოდან დაიწყო საქმიანობა.
Conference of Presidents არის პოლიტიკურად და ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ჯგუფი ამერიკაში, რომლის ლობირებით ხშირად სარგებლობს ისრაელის ხელისუფლება აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობაში. ამ ჯგუფთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაც მიზნად ისახავდა საქართველოს ლობირებას. ამასთან, ეს იყო საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის თანამშრომლობის სამკუთხედის შეკვრა და გაძლიერება. სამმხრივ ურთიერთობებში ახალი ნაბიჯები გადაიდგა ისრაელში ირაკლი კობახიძის 2017 და 2019 წლის ვიზიტებისას. 2019 წლის ვიზიტისას „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით ის შეხვდა არაერთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, მათ შორის მსოფლიო ებრაული სააგენტოს (სოხნუთის) ხელმძღვანელს, იცხაკ ჰერცოგს. ცნობილმა პოლიტიკოსმა იცხაკ ჰერცოგმა მას ორგანიზაციის ოფისში უმასპინძლა. ირაკლი კობახიძე ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდა. აღინიშნა, რომ სოხნუთთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთვის, ფაქტობრივად, გახდება ახალი ფორმატი ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობაში.