4 minute read
ჰოლოკოსტი და ქართული რეაქცია ანტისემიტიზმზე
„ისრაელის სახლმა“ წელს 27 იანვარი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა. პირველი ღონისძიება თბილისში, „ისრაელის სახლში“ ჩატარდა, რომელიც ისრაელიდან ჩართვით გახსნა ქნესეთის წევრმა, აბსორბციისა და დიასპორის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დავიდ ბიტანმა. ხსოვნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები საქართველოს ოთხი უნივერსიტეტიდან, ებრაული თემის წევრები, უფლებადამცველები, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე, საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან - გენერალური მენეჯერი გიორგი ჯიჯიაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ. მისი თქმით, ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელი არ არის მხოლოდ სტატისტიკა, თითოეული ებრაელისთვის ესაა 6 მილიონი ანდერძი, ხსოვნა და ფიქრი მომავალზე.
Advertisement
"ისრაელის სახელმწიფოს აღდგენიდან სულ რამდენიმე ათწლეულში ავაშენეთ წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ სანთლით ვეძებთ მათ, ვინც ხელი გამოგვიწოდა დევნილობისა და დიდი კატასტროფის - ჰოლოკოსტის წლებში. მათ ჩვენც ვუწვდით ხელს მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა იციკ მოშემ. მან ისაუბრა სერგი მეტრეველზე, რომელიც ისრაელის მიერ აღიარებულია „მართალად“ და იერუსალიმის მემორიალურ მუზეუმში - იად ვაშემში უკვდავყოფილია მისი სახელი.
“ისრაელის სახლის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეტი ცოდნის მიცემა ახალი თაობისთვის. ამ მიზნით, ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია, გავხსენით ისრაელის კაბინეტები, ტარდება სტუდენტური ნაშრომების კონკურსები. გამარჯვებული სტუდენტები მიგვყავს ისრაელში, ჰოლოკოსტის მუზეუმში. მხოლოდ ცოდნითა და ერთმანეთის უკეთესად გაცნობით შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი კავშირების აშენებას“, - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, ქართულ-ებრაული ურთიერთობები ის კაპიტალია, რომელიც უნდა ემსახუროს მომავლის კონკრეტულ გეგმებს, შენებას და არა - წარსულზე ლაპარაკს.
"ისრაელის სახლის" თაოსნობით, ქნესეთმა და იად ვაშემმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი ქართველ შინდლერზე, სერგი მეტრეველზე. 2020 წელს „ისრაელის სახლმა“ ონის მერიასთან და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით ონში გახსნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და სერგი მეტრეველის მემორიალი. ღონისძიებას ონიდან სიტყვით მიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავიდ ჩიკვაიძემ, რომელსაც ებრაელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გულზე ეკეთა დავიდის ვარსკვლავი. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომავალში ონმა უმასპინძლოს ჰოლოკოსტის ხსოვნის ღონისძიებას. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა, მალხაზ სონღულაშვილმა, ისაუბრა ანტისემიტიზმისა და იუდოფობიის ისტორიაზე. მისი თქმით, ასეთი სენი სათავეს იღებს მაშინ, როდესაც იწყება განსხვავებულის მიუღებლობა. მან გაიხსენა ბიბლიური ესთერის შესახებ თქმულება, რომლის მიხედვით, სპარსეთში ებრაელები მხოლოდ იმიტომ ამოხოცეს, რომ ისინი იყვნენ სხვები, არასპარსელები, განსხვავებულები. „ჰოლოკოსტი წარსულია და მისი შეცვლა არ შეგვიძლია. მასზე ფიქრითა და ანალიზით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა. შემწყნარებლობაზე და ანტისემიტურ გამოვლინებების მხილების აუცილებლობაზე ისაუბრა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრმა, მაკო ღავთაძემ. ის ერთერთი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინათ მაღალი რანგის სასულიერო პირების ანტისემიტურ ქადაგებებს გამოეხმაურა და ანტისემიტური გამოსვლების შეწყვეტა მოითხოვა. ხსოვნის საღამო გაგრძელდა საქართველოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად თბილისშია ბაზირებული. უნივერსიტეტში „ისრაელის სახლი“ აპირებს ისრაელის სახელობის საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. დაიწყება აგრეთვე ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლებაც. ღონისძიებაში ისრაელიდან ჩაერთო ქნესეთის ყოფილი ვიცესპიკერი ხილიკ ბარი. მან „ისრაელის სახლს“, უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ზურაბ ხონელიძეს მადლობა გადაუხადა ასეთი ღონისძიებისთვის. სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა ჰოლოკოსტის გახსენების აუცილებლობაზე და დასძინა, რომ ებრაელი ხალხის განვლილი გზა მსოფლიოსთვის სამაგალითოა და ცივილიზებულმა საზოგადოებამ არასოდეს უნდა დაუშვას ჰოლოკოსტი, რომელიც იყო გენოციდი. ღონისძიებაზე ზუმით ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გია მიქელაძე, რომელმაც სოლიდარობა გამოხატა ებრაელი ხალხის მიმართ. ორივე ღონისძიებაზე ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა, ქრისტი ჯაფარიძემ, ებრაულად შეასრულა ისრაელის ჰიმნი, „ოქროს იერუსალიმი“ და „ელი ელი“.
იმ დღესვე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა. „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები სანთლების დანთებით დასრულდა. საღამოს „ისრაელის სახლის” ხელმძღვანელობა თბილისის სინაგოგაში ხსოვნის შეკრებას დაესწრო და ჰოლოკოსტზე და ებრაულ იდენტობაზე ისაუბრა. წელს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უჩვეულო ვითარებაში აღინიშნა. რამდენიმე კვირით ადრე ორმა სასულიერი პირმა ქადაგებისას მკვეთრად გამოხატული ანტისემიტური და იუდოფობიური განცხადებები გააკეთა, რასაც ქართული საზოგადოებისა და განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორის მკვეთრი რეაგირება მოჰყვა. მაღალი რანგის სასულიერო პირების ანტისემიტიზმს სოციალურ ქსელში მყისიერად გამოეხმაურნენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლები, თეოლოგები და უფლებადამცველები. მათ მომხდარი მკაცრად დაგმეს და საქართველოს საპატრიარქოსგანაც იგივე მოითხოვეს.
ანტისემიტურ ქადაგებებს გამოეხმაურნენ საქართველოში ისრაელის საელჩო და ისრაელში საქართველოს საელჩო. აღსანიშნავია, რომ ისრაელში საქართველოს ელჩმა კი მაღალი რანგის სასულიერო პირის მკვეთრად გამოხატულ ანტისემიტურ ქადაგებაში ანტისემიტიზმი ვერ დაინახა და მას „ცილისწამება“ უწოდა. სხვადასხვა სასულიერო პირის ანტიებრაულ ქადაგებას მყისიერად გამოეხმაურა „ისრაელის სახლი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, და ანტისემიტიზმის ამ კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირება სთხოვა. „ახლა ყველაზე ცუდი პრობლემის წაყრუება იქნება და ეს შეუძლია გააკეთოს მან, ვისაც არ ადარდებს ხალხთა
შორის ურთიერთობები თუ ქვეყნის იმიჯი. ამიტომ „ისრაელის სახლი“ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობით, მოხდეს ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებზე დროული და ადეკვატური რეაგირება. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ საქართველოს ხელისუფლების თანადგომას. მეტიც, მისი პოზიცია ურყევია ისეთი სენის მიმართ, როგორიცაა ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივება“, - ნათქვამია იციკ მოშეს წერილში. 27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ, იციკ მოშე ანტისემიტიზმის ზოგიერთი ფაქტის გამოვლინებაზე ესაუბრა მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, იაკობ ხაგუელს. როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, სასულიერო პირების ანტისემიტიზმზე ქართულ მესამე სექტორს, თეოლოგებს და საერთოდ, საზოგადოებას ჰქონდა ადეკვატური რეაქცია. მომხდარი ობიექტურად გაშუქდა რამდენიმე სატელევიზიო არხის საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემებში. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ქართული საზოგადოების რეაქცია შედარებულია ვატიკანის კათოლიკური ეკლესიის დეკლარაციასთან „ნოსტრა ეტატე“, რომელიც მკაცრად გმობს ანტისემიტიზმს.
იციკ მოშეს თქმით, ანტისემიტიზმისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში ასეთი ერთსულოვნება, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში იშვიათია. იციკ მოშემ მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან ოფიციალური წერილიც მიიღო. იაკობ ხაგუელი წერს, რომ ის მხარს უჭერს იციკ მოშეს ამაყ პოზიციას და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. „ანტისემიტურ განცხადებებზე თქვენი რეაქცია და საკითხის ფართოდ გაშუქება მედიის წინაშე გულს სიამაყით გვივსებს და გვაჩვენებს ანტისემიტურ მოვლენებთან ბრძოლის სწორ გზას“, - ნათქვამია მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელის წერილში. იაკობ ხაგუელმა და იციკ მოშემ იერუსალიმში გამართეს სამუშაო შეხვედრა ანტისემატიზმის წინააღმდეგ. მანვე მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, უფლებადამცველებსა და თეოლოგებს ანტისემიტიზმზე დროული რეაგირებისთვის.