4 minute read

ბარუხ გური - სამშობლოში დაბრუნების შემოქმედი

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი ერთგვარი ათვლის წერტილია ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობაში. დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში საბჭოთა კავშირიდან ებრაელების გაყვანის ოპერაციისთვის ისრაელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა სივრცის პროფესიონალურად ცოდნა. ამ საქმეში მთავარი მისია მსოფლიო ებრაულ სააგენტოს ეკისრებოდა.

ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო საბჭოთა კავშირში ებრაული სააგენტოს აქტივობებისათვის მყარი ნიადაგის შექმნა. ამიტომ სოხნუთის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა შესაბამისი პროფესიონალური განყოფილება, რომელიც სოხნუთის სახელით შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ყოველგვარი ცალკეული ფილიალისა თუ წარმომადგენლობის, პარტიული ნიშნით შერჩეული ადამიანებისა თუ სხვა რომელიმე სიონისტური მოძრაობის კერძო ინტერესების გარეშე. სოხნუთის ხელმძღვანელობას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ თვით ებრაული სათვისტომოების წიაღში იყო რამდენიმე ისეთი გარემოება, რომელიც სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებდა. სოხნუთის წარმომადგენლები გაგზავნილნი იყვნენ ისეთ სათვისტომოებში, რომლებიც ბოლო ორი თაობის განმავლობაში საერთოდ დახურული იყო უცხოელებისთვის და, რაც მთავარია, დახურული იყო თანამედროვე ებრაული იდეოლოგიისა და სულისკვეთების შეღწევისთვისაც. ამიტომაც სოხნუთის ემისრებს, როგორც სიონიზმის გავრცელების პიონერებს სსრკ-ში, განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეეძლოთ მთელი საბჭოთა კავშირის ებრაელობაზე.

Advertisement

1989 წლის ივნისში სოხნუთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მენდელ კაპლანმა, და სოხნუთის ხელმძღვანელმა, სიმხა დინიცმა, მიიწვიეს პროფესორი ბარუხ გური, რომელსაც თავი უნდა გაერთმია საბჭოთა ალიასთან დაკავშირებული ახალი ამოცანისთვის. ბარუხ გური, ცნობილი სოვეტოლოგი, ლონდონში, ისრაელის საელჩოში მუშაობდა და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ პრობლემატიკას კურირებდა. 1989 წლის ოქტომბერში მან სოხნუთის ხელმძღვანელობას წარუდგინა თავისი პროგრამა, რომლის მთავარი არსი იყო მოქნილი და ყველა ებრაული ორგანიზაციის კოორდინირებული მუშაობა საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელ რთულ და ცვალებად რეალობაში, რათა თავიდან აეცილებინათ ზედმეტი რესურსების ხარჯვა. მალე გური დაინიშნა ახლად შექმნილი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, რომელიც კურირებდა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის საქმეებს და იყო სოხნუთის ხელმძღვანელის, სიმხა დინიცის, უშუალო დაქვემდებარებაში. პროფესორ გურის მთავარი გეგმა მოიცავდა ოთხ უმთავრეს მიზანს: ებრაული იდენტობის გაძლიერება, ებრაული აღზრდის პროისრაელური მეთოდოლოგიის შემუშავება, ებრაული ეროვნული მოძრაობის განვითარება და ისრაელში ალიის წახალისება. ამ მიზნების განხორციელებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, მათ შორის ებრაული ენის სწავლების მიზნით სკოლების დაარსება და ახალგაზრდებისათვის ზაფხულისა და ზამთრის ბანაკების ორგანიზება, ასევე სასურველი იქნებოდა სხვადასხვა სემინარის, სეკულარული თუ რელიგიური დღესასწაულების დროს დიასპორული თუ კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისგან ახალი ლიდერების მომზადება.

ალიის წარმართვაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ისრაელის სახელმწიფო ორგანიზაცია “ნათივს”, რომელიც საბჭოთა ებრაელობის

უფლებებსა და რეპატრიაციაზე მუშაობდა. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ პროცესი მოსკოვიდან უნდა დაწყებულიყო ადგილობრივი ებრაელი აქტივისტების მონაწილეობით. სოხნუთის ტაქტიკა კი ითვალისწინებდა დიდი ალიის დაწყებას საქართველოდან და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან ისრაელის წარმომადგენლების ორგანიზებით. მათ საბჭოთა ებრაელობაში ებრაული სული კიდევ უფრო უნდა გაეღვივებინათ და რეპატრიაციის პროცესიც ისრაელის მიერ უკვე აპრობირებული მეთოდით წარემართათ. სოხნუთში ასევე კარგად ჰქონდათ გააზრებული ის ტენდენცია, რაც 80-იანი წლების ბოლოს ვითარდებოდა საბჭოთა კავშირში, კერძოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის გარდაუვალობა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა სოხნუთის ხელმძღვანელობის 1989 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის მითითება იყო, სოხნუთს მუშაობა საქართველოდან დაეწყო. ნათივისა და სოხნუთის განსხვავებული ხედვები საფუძვლად დაედო ამ ორი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის კონკურენციასა და ფუნქციათა დუბლირებას ალიის პროცესში. უფრო მოგვიანებით, საბჭოთა სივრცეში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნამ კონკურენცია კიდევ უფრო გაამძაფრა. თავი იჩინა სამივე ორგანიზაციის ფუნქციების ურთიერთგადაკვეთის შედეგად გაჩენილმა დაპირისპირებამ, რომლის განმუხტვაშიც ისრაელის ხელისუფლება ჩაერთო. საბჭოთა კავშირში ებრაული სააგენტოს პირველი წარმომადგენელი იციკ მოშე ამბობს, რომ ნათივის სოხნუთთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ექვს საბჭოთა რესპუბლიკაში (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) სოხნუთის ტრიუმფით შესვლაც გახდა. მანამდე კი, სოხნუთის ორგანიზებით, 1990 წლის შემოდგომაზე თბილისში საბჭოთა ებრაელობის კონგრესის ჩატარებამ, ადგილობრივ მთავრობებთან საქმიანმა კონტაქტებმა ნათივი ერთგვარ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ძლიერი და საკმაოდ ფესვგადგმული ორგანიზაცია საბჭოთა სივრცეში. ნათივისა და სოხნუთის ურთიერთობაში შედარებით განსხვავებული იყო დსთ-ში ნათივის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ავი იდანის მმართველობის წლები. სწორედ მაშინ მოხერხდა არაერთი ერთობლივი ნაბიჯის გადადგმა.

იციკ მოშე ასევე იხსენებს საბჭოთა ალიის დაჩქარების საკითხში უთანხმოებას ნათივის წარმომადგენლებთან. ამ უკანასკნელთ მიაჩნდათ, რომ ებრაელთა მასობრივი რეპატრიაცია მოკლე ვადებში შეუძლებელი იყო და ამას დრო სჭირდებოდა. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ 1990-1991 წლებში საბჭოთა ალიამ რამდენიმე ასეულ ათასს გადააჭარბა და ეს მოხდა სოხნუთის ოფიციალური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობის, სწრაფი რეაგირების, არასტანდარტული და პრინციპული მოქმედების საფუძველზე. იციკ მოშეს შეფასებით, მიუხედავად შიდა გაუგებრობებისა, კონკურენციამ მხოლოდ დადებითი როლი შეასრულა. სოხნუთს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისრაელს, ალიის დაწყების მიუხედავად (1989-1992 წწ), ჯერ კიდევ არ ჰქონდა საელჩოები, ბევრი ფუნქციის საკუთარ თავზე აღება მოუწია. ერთ-ერთი იყო სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების ორგანიზება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან. სწორედ სოხნუთის ორგანიზებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა პროფესორ ბარუხ გურის ლექცია თემაზე: „ისრაელი, საქართველო, საბჭოთა კავშირი და ალია“. ლექციის ბოლოს ქართველმა მეცნიერებმა, დამსწრე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის ებრაელებმა დიდი ოვაციებით გამოხატეს აღფრთოვანება. მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა ანდრია აფაქიძემ კი აღნიშნა, რომ იმის გარდა, რომ ბარუხ გურს ცოდნასთან ერთად აქვს სიმამაცე, რაც ხშირ შემთხვევაში აკლიათ საბჭოთა მეცნიერებს. დიდი მეცნიერის ანდრია აფაქიძის ამ სიტყვებს სიამაყით იმეორებდნენ ლექციაზე დამსწრე ებრაელები. აღსანიშნავია ბარუხ გურის განსაკუთრებული ნდობა და დამოკიდებულება სოხნუთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იციკ მოშესადმი. ის პირადად ეცნობოდა საბჭოთა რესპუბლიკებში იციკ მოშეს საქმიანობას და მხარს უჭერდა მის ხშირ შემთხვევაში არასტანდარტულ, გაბედულ ნაბიჯებს, რაც ზოგჯერ ნათივთან თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. როგორც ბარუხ გურისა და პირადი მასწავლებლის, დავიდ ბენ იოსებისადმი მიძღვნილ წიგნში იციკ მოშე იხსენებს, ის ორიენტირებული იყო ალიის ეფექტიანად წარმართვასა და ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებაზე, რასაც ბარუხ გური ძალიან აფასებდა. სოხნუთის მიერ გაწეულ კოლოსალურ საქმიანობაში გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული როლიც და დრომ დაადასტურა გადაწყვეტილების სისწორე, რომ საქართველოდან დაწყებულიყო სოხნუთის მუშაობა. მოგვიანებით, როდესაც სოხნუთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უკვე რუსეთში ჩაეტარებინა ალიის 20 წლისადმი მიძღვნილი კონგრესი, მიუხედავად ისრაელსა და რუსეთის ფედერაციას შორის სრულფასოვანი ურთიერთობებისა, ვერ მოხერხდა ღონისძიების გამართვა. ალიის საიუბილეო თარიღს თბილისმა უმასპინძლა. იციკ მოშეს შეფასებით, საკუთარი მოქალაქეების დაბრუნების ბარუხისეული და სოხნუთისეული გზა უნიკალურია და ეს საქართველოსაც გამოადგება.

This article is from: