5 minute read
ისრაელის სახლის აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე
2015 წლიდან „ისრაელის სახლმა“ თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო პროებრაულ ორგანიზაციებთან. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ოსლოში მონაწილეობა მიიღო „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI) ფორუმში, სადაც მან „ისრაელის სახლის“ კონცეფცია წარადგინა. „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ ევროპის 23 ქვეყნიდან 30 ათასზე მეტ წევრს ითვლის, მათ შორის 100-ზე მეტი ევროპარლამენტარია. ალიანსი ისრაელის მხარდამჭერი საერთაშორისო ავტორიტეტული გაერთიანებაა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ისრაელთან ევროპის ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავება, საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელისადმი სოლიდარობის მიღწევა, ჰასბარა, ბრძოლა ანტიისრაელური კამპანია BDS-ის წინააღმდეგ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა. ალიანსთან თანამშრომლობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და მისი დელეგაცია საპასუხოდ თბილისსაც ეწვია. 2017 წლის ოქტომბერში კი „ისრაელის სახლმა“ მონაწილეობა მიიღო ალიანსის გენერალურ ასამბლეაში, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქმა ბუქარესტმა უმასპინძლა. ფორუმის შეფასებისას იციკ მოშემ განაცხადა, რომ „ისრაელის სახლის“ კონცეფციამ თავისი პროისრაელურობითა და აქტივობებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
„ისრაელის სახლის“ მოდელის გადატანაზე უკვე არაერთ ქვეყანაში საუბრობენ. ეს კონცეფცია მოწონებულია ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის მიერ, რასაც მოწმობს ისრაელიდან ოფიციალური მრავალპარტიული დელეგაციების სისტემატური ვიზიტები „ისრაელის სახლში“. “განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს მონაწილეობას ევროპული ალიანსის ასამბლეაში – ჩვენ ვართ ნაწილი იმ დიდ მოძრაობისა, რომელსაც საერთშორისო დონეზე ისრაელის მხარდაჭერა და მეგობარი ქვეყნების ისრაელთან თანამშრომლობის გაღრმავება ჰქვია”, - ამბობს იციკ მოშე. 2021 წლის იანვარში ზუმში გამართულ ონლაინკონფერენციაზე EAI-ის წევრებს „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გააცნო „ისრაელის სახლის“ ბოლო აქტივობები ჰასბარას მიმართულებით, რასაც კონფერენციის მონაწილეებისგან დადებითი შეფასებები მოჰყვა.
Advertisement
EAI-ის ხელმძღვანელის, შვეიცარიის პარლამენტის წევრის, კორინა აიხენბერგ-ვალტერის თქმით, ის მიესალმება „ისრაელის სახლის“ საქმიანობასა და პარტნიორობას, ამიტომ გადაწყდა ჰასბარას საერთაშორისო კონფერენციის ერთობლივად ჩატარება. „ისრაელის სახლისა“ და „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI) თანამშრომლობით იგეგმება ჰასბარას საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება. 2017 წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ხელმძღვანელობის უფლება „ისრაელის სახლმა“ მოიპოვა. „ისრაელის სახლმა“ შეიმუშავა საქართველოს ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი, მოამზადა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და საილუსტრაციო მასალა, სპეციალური ბუკლეტი, რომელიც დეტალურად აღწერს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. ამასთან, მისი ხელშეწყობით, ღრმავდება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პროფესიონალური კვლევა, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ახლებური გააზრებაა.
იმავე წელს ლუქსემბურგში გამართულ ფორუმზე „ისრაელის სახლი“, კერძოდ, მისი ხელმძღვანელი იციკ მოშე ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ბორდის წევრი გახდა. ასოციაცია მართავს ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს, რომელიც ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტის ნაწილია. „ისრაელის სახლმა“ მონაწილეობა მიიღო ბარსელონაში გამართულ AEPJ-ის ყოველწლიურ ასამბლეაში, სადაც ასევე გაიმართა „ისრაელის სახლის“ პრეზენტაცია. 2017 წელს „ისრაელის სახლმა“ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ჰოლოკოსტის წლებში ებრაელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის წმინდანებად აღიარებულთა ხსოვნას მიეძღვნა. „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ფორუმზე ისაუბრა ქვეყნებს შორის პირდაპირი კავშირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „ისრაელის სახლის“ მიზანია მეგობარ ქვეყანას წარუდგინოს ნამდვილი ისრაელი, რაც ემსახურება ისრაელის მიმართ სოლიდარული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. იციკ მოშეს თქმით, პოლონეთი კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება აქტუალური გახადო ებრაული თემატიკა, რაც, თავის მხრივ, მიმართულია ისრაელთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ.
„ისრაელის სახლმა“ 2018 წელს მონაწილეობა მიიღო AEPJის ახალი პროექტის - Parallel Traces დაწყებისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასში შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტი Parallel Traces მიზნად ისახავს ურბანულ არქიტექტურაში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კვალის აღმოჩენას, რომელშიც მონაწილეობას მოქალაქეები მიიღებენ. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროპის ისტორიის განუყოფელი ნაწილის - ევროპული ებრაული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით შეიძლება. კერძოდ, ლაპარაკია ფოტოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების შექმნასა და ახალი აპლიკაციის განვითარებაზე. ებრაული მემკვიდრეობის ამსახველი ორიგინალური ციფრული ნამუშევრები, აგრეთვე მნიშვნელოვანი მხატვრული მასალებია, რომლებიც წარმოდგენილი იქნება სპეციალურ გამოფენებზე ევროპის ხუთ ქალაქში. ეს იქნება ტრანსნაციონალური კულტურული და შემოქმედებითი სამუშაოების შედეგი. პროექტის მონაწილე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, სერბია, რუმინეთი, პოლონეთი და საქართველო. აღნიშნული გამოფენა უკვე ჩატარდა თბილისშიც, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს ეწვია ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ხელმძღვანელობა და სტუმრები ევროპის ხუთი ქვეყნიდან. ღონისძიებას დაესწრო, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. გამოფენის გახსნას პირდაპირი ჩართვით ისრაელიდან მიესალმა ქნესეთის წევრი, იმიგრაციის, აბსორბციის და დიასპორის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი. პროექტის - Parallel Traces-ში „ისრაელის სახლის“ მიერ წარდგენილ ფოტონამუშევრებს შორის გაიმარჯვა დინა ოგანოვას და ცოტნე წერეთელის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა. ავტორებმა მიიღეს ფულადი ჯილდო და ევროპის რამდენიმე ქალაქში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის გამოფენაზე დასწრების უფლება.
„ისრაელის სახლის“ ინიციატივით, 2019 წლის მარტში თბილისმა უმასპინძლა ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალურ ასამბლეას. ამასთან დაკავშირებით თბილისს AEPJ-ისა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის 30-ამდე წარმომადგენელი და ისრაელის ქნესეთის ვიცესპიკერი ხილიკ ბარი სტუმრობდნენ. სხდომის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი. სხდომა „ისრაელის სახლის“ ბორდის თავმჯდომარემ იამით მოსკოვიჩმა გახსნა. როგორც გენერალური ასამბლეის გახსნაზე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს „ისრაელის სახლი“ განიხილავს, როგორც საქართველოს სიმდიდრეს და ეფექტიან ინსტრუმენტს ქვეყნის ებრაულ სამყაროსთან კავშირებში. ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი შეიძლება გაფართოვდეს და მან კავკასიის რეგიონი მოიცვას. კერძოდ, ასამბლეის ფარგლებში იციკ მოშე მიმართავს AEPJ-ის, რომ დაარეგისტრირონ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ორი მარშრუტი: 1. ებრაული მემკვიდრეობის კავკასიური გზა, რომელიც დაიწყება იერუსალიმიდან, საქართველოს გავლით დასრულდება კუბაში (აზერბაიჯანი) და მეორე, საქართველო შევიდეს ქაშერი ღვინის მარშრუტში, რომელიც დღეს მოიცავს ესპანეთს, იტალიასა და საფრანგეთს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა და ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ერთერთი ინსტრუმენტია ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობაში. ქნესეთის ვიცესპიკერმა ხილიკ ბარმა ებრაული კულტურული
მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ხელმძღვანელობას შესთავაზა გენერალური ასამბლეის გაისად იერუსალიმში ჩატარება. გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აგრეთვე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქრისტიან ურსემ და AEPJ-ის ხელმძღვანელმა ფრანსუა მოისმა, რომელმაც „ისრაელის სახლის“, როგორც საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის წარმდგენი ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, რომ AEPJ-მ „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობის წარმატებული მოდელი შექმნა და იგი მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის წარმდგენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ამ თანამშრომლობაში ჩართულები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, პარლამენტი და ისრაელის ქნესეთის წარმომადგენლები.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა არის, ერთი მხრივ, მსოფლიოში პროისრაელური გაერთიანებების ერთობლივი ძალისხმევა მზარდი ანტიისრაელური კამპანიების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, „ისრაელის სახლის“ კონცეფციისა და საქმიანობის აღიარება როგორც ისრაელში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის მსოფლიო ებრაელობაში. ესაა მესამე სექტორის განსაკუთრებული როლი ებრაულ და ისრაელთან დაკავშირებულ საკითხებში, რომელიც საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი.