2 minute read

საპატიო კონსულის ინსტიტუტი - მორგებული საქართველოსა და ისრაელის ინტერესებზე - Diplomat Magazine

"ისრაელის სახლის" მრავალ ინიციატივათა შორის ერთ ერთია საპატიო კონსულის ინსტიტუტისთვის მეტი ფუნქციის მინიჭება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი იციკ მოშე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საპატიო კონსულების აქტიურად ჩართვა ჰასბარას კამპანიაში, ქვეყნის იმიჯზე ზრუნვასა და ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ვინაიდან საამისოდ ამ ინსტიტუტს აქვს ყველა საჭირო მექანიზმი. საპატიო (უშტატო) კონსული - ეს არის პირი, რომელსაც წარდგენილ ქვეყანაში ეკისრება დიპლომატიური საქმიანობა, მაგრამ ასრულებს რამდენიმე საკონსულო ფუნქციას. როგორც წესი, ისინი არიან საქმიანი წრეების წარმომადგენლები და ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მთავრობასთან ასრულებენ შუამავლის როლს. სასურველია, საპატიო კონსულებს ჰქონდეთ კარგი იმიჯი, ფინანსური რესურსი და გავლენა. ისინი საკონსულო ფუნქციის შესრულებისთვის არ იღებენ რამე ანაზღაურებას და მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე. საპატიო კონსული თავისივე ხარჯით უწევს ორგანიზებას სხვადასხვა ღონისძიებას (საქმიანი, სავაჭრო, კულტურული, სპორტული), შესაბამისად, საპატიო კონსულს ეკისრება ქვეყნის პოლიტიკის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მის და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული ურთიერთობის განვითარების ფუნქცია. მასვე შეუძლია სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხების ლობირება.

საპატიო კონსულის ინსტიტუტის სამართლებრივი მდგომარეობა განსაზღვრულია ვენის 1963 წლის კონვენციით და ყველა სახელმწიფოში რეგულირდება შესაბამისი დებულებით. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 25-წლიანი და „ისრაელის სახლის“ თითქმის ათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, იციკ მოშემ ოფიციალურად დასვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის საპატიო კონსულის ინსტიტუტისთვის უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭების საკითხი. მასვე მიაჩნია, რომ იგივე უნდა გააკეთოს საქართველომაც და ეს წაადგება სახელმწიფოს ინტერესებს. „ისრაელის სახლის“ ინიციატივის მიხედვით, უნდა გაძლიერდეს ქვეყნის საპატიო კონსულების როლი ჰასბარასა და იმიჯზე ზრუნვაში. ეს მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გაორმაგებულია ისრაელისადმი მტრულად განწყობილი ირანის ძალისხმევა, განმარტოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და პოპულარიზება გაუკეთოს ქვეყანას. ასე, მაგალითად, ირანის საელჩომ არაერთხელ გაუწია ორგანიზება ქართველი ჟურნალისტების ვიზიტს ირანში. ვიზიტის მიზანი ირანის დადებითი კუთხით წარმოჩენა იყო. პალესტინის ადმინისტრაციამ კი დააფინანსა ქართული მედიის წარმომადგენელთა ჩაყვანა რამალაში. მიზანი ამ შემთხვევაშიც იგივე იყო. ჰასბარაში საპატიო კონსულების ჩართვის იდეა ითვალისწინებს პირადი ხარჯებით შესაბამისი კამპანიის წარმოებას ადგილსამყოფელ ქვეყანაში.

Advertisement

„ისრაელის სახლის“ პროექტის უნიკალურობა ისიცაა, რომ, ერთი მხრივ, მოიცავს პროფესიონალურ ლობისტიკას და ამასთან, მის მიერ წარმოებული ჰასბარას კამპანია მხოლოდ ორგანიზაციის ხარჯებით მიმდინარეობს და არ აწევს ტვირთად ისრაელის სახელმწიფოს. ეს შესაძლებელი გახდა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის ხანგრძლივი გამოცდილების, მსოფლიო ებრაელობაში გავლენიან ფიგურებთან მჭიდრო კონტაქტებისა და ბიზნესსაქმიანობის წყალობით. საქართველოში უკვე შვიდი წელია ხორციელდება „ისრაელის სახლის“ პილოტური პროექტი და მასში ჩართულია ისრაელიდან 15ამდე პარლამენტარი სხვადასხვა წამყვანი პარტიიდან. იციკ მოშეს თქმით, პილოტური პროექტის ზოგიერთი დეტალი შესაძლოა საქართველოში, როგორც მეგობარ ქვეყანაში, არ იყოს აქტუალური, მაგრამ საპილოტე ვარიანტი პროექტის საბოლოოდ ჩამოყალიბების მიზნით მაინც ხორციელდება. საპატიო კონსულებთან დაკავშირებული ინიციატივის ნაწილია ინვესტიციების მოზიდვის ვალდებულებაც. იციკ მოშე იხსენებს ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილებას, როდესაც თითქმის ყველა ინსტიტუტი თუ გავლენიანი კერძო პირი მონაწილეობდა ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში. „საქართველოს ეკონომიკის წინსვლის გასაღები მისივე საელჩოების და საპატიო კონსულების ხელშიცაა“, - ამბობს „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს და განსაკუთრებით საპატიო კონსულებს უნდა დაევალოთ მათ ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვა ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან. მისი გათვლებით, ას საპატიო კონსულს და საელჩოებს შეუძლიათ წელიწადში 1 მლრდ დოლარის მოზიდვა საქართველოში. ამისთვის საჭიროა საშუალოდ 2 თვეში ერთი ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში, რაც ძალიან მარტივია, როდესაც სახელმწიფოს მონიჭებული აქვს ასეთი სტატუსი. თუ საპატიო კონსული ამ დავალებას ვერ შეასრულებს, მას უნდა შეუწყდეს შესაბამისი სტატუსი.

ისრაელის პარლამენტში (ქნესეთი) სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები და ევროპული ორგანიზაციები წლებია აქტიურად თანამშრომლობენ „ისრაელის სახლთან“ და მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის მიერ შექმნილი ჰასბარას და ორმხრივი კავშირების ხელშეწყობის მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია. მათ არაერთხელ დასვეს „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლობების გახსნის საკითხი 100 ქვეყანაში, სადაც ორგანიზაცია ისრაელს სახალხო დიპლომატიის გზით წარმოადგენს. იციკ მოშეს აზრით, ეს მოდელი უნივერსალურია და გამოადგება საქართველოსაც, განსაკუთრებით, თუ საპატიო კონსულებს ვალდებულებად განესაზღვრებათ გარკვეული აქტივობები. მნიშვნელოვანია საპატიო კონსულების მუშაობა მისი და ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობებთან და ისეთი საკითხების ლობირება, რომლებიც მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

This article is from: