3 minute read

წიგნი „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“, ისრაელის უნიკალური გამოცდილება და საქართველოს როლი

2017 და 2019 წლებში ისრაელში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე, სხვა საკითხებთან ერთადგაეცნო ისრაელის დიასპორასთან მუშაობის გამოცდილებას. საბჭოთა კავშირიდან ალია და „რკინის ფარდის" საბოლოო დაცემა სიონიზმის ისტორიის ბრწყინვალე თავია. ამ კამპანიის ერთ-ერთი ლიდერია იციკ მოშე, რომელიც ემსახურებოდა ამ კეთილშობილურ საქმეს.

ისრაელის უახლესი ისტორია, რომელიც დიდი წარმატებებისა და განვითარების სიმბოლოა, ვერ დაიწერებოდა, რომ არა ებრაელი ხალხის დაუოკებელი ლტოლვა სიონიზმის იდეების ხორცშესხმისკენ. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაწყებულმა დიდმა ალიამ - ებრაელთა მასობრივმა დაბრუნებამ ისტორიულ სამშობლოში თითოეულ ებრაელს საშუალება მისცა, თავისი წვლილი შეეტანა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში. დიდი ალია დღესაც ცოცხალი წარსულია და გავლენას ახდენს ისრაელის საზოგადოების ფორმირებაზე. ეს გზა არ ყოფილა მარტივი, ამიტომ ამ ეპოპეის გმირები ებრაელი ხალხის ნამდვილი ნაციონალური ნიშანსვეტები არიან. სწორედ ამ მოვლენებზე მოგვითხრობს ისრაელის გამომცემლობა „ცამერეთის“ მიერ გამოცემული დოკუმენტური ნარკვევი „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ (ავტორი - გიორგი ბერნშტეინი). წიგნში დოკუმენტურ მასალებსა და დიდი ალიის ორგანიზატორი მსოფლიო ებრაული სააგენტოს (სოხნუთი) პირველი წარმომადგენლის საბჭოთა კავშირში, იციკ მოშეს, მოგონებებზე დაყრდნობით მოგვითხრობს დღემდე გაუხმაურებელი ფაქტების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ ბოლო 30 წლის მოვლენებში მთავარ მოთამაშეთა შორის საქართველო არ ყოფილა ცენტრალური ქვეყანა, დიდი ალიის შემთხვევაში სწორედ ის გახდა საკვანძო ადგილი, საიდანაც ბიძგი მიეცა ალიის ისტორიულ პროცესსა და ჰასბარას - ისრაელის წარმოდგენას მის ფარგლებს გარეთ. დიდი ალიის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოცემაში „Georgia, Israel & World Jewry“ სოხნუთის ხელმძღვანელი ნათან შარანსკი წერს, რომ საქართველო იყო პირველი, რომელმაც ვარშავის პაქტის ქვეყნებს შორის უმასპინძლა ებრაული სააგენტოს პირველი წარმომადგენლობის ოფისს.

Advertisement

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისრაელის წინაშე ალიასთან ერთად იდგა ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების საკითხიც. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების კვალდაკვალ იდგმებოდა პირველი ნაბიჯები ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით. თავდაპირველად ეს მისია სოხნუთის წარმომადგენლობამ არაფორმალურად ზედმიწევნით შეასრულა და ეს ყველაზე უკეთ საქართველოს მაგალითზე გამოჩნდა. სოხნუთის ეგიდით მსოფლიო ებრაელობის ლიდერების ერთ-ერთი პირველი საქმიანი ვიზიტი პოსტსაბჭოთა სივრცეში სწორედ საქართველოში შედგა. მათ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ უმასპინძლა და საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივი ურთიერთობების პირველი კონტურებიც გამოიკვეთა. წიგნში აღწერილია აგრეთვე 1990 წლის შემოდგომაზე იციკ მოშეს მიერ პირველად საბჭოთა კავშირში საერთაშორისო ებრაული ორგანიზაცია ებრაელ სტუდენტთა მსოფლიო კავშირის (WUJS) წარმომადგენლობის გახსნისა და თბილისში, ასევე პირველად საბჭოთა კავშირში, ებრაული კონგრესის ჩატარების ისტორია. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენების დასაწყისი რკინის ფარდის მიღმა, სადაც ებრაელობას ასევე პირველად მიეცა საშუალება, ხმამაღლა ელაპარაკა ალიის აუცილებლობაზე, ისრაელის მხარდაჭერასა და სამშობლოსთან პირდაპირ კონტაქტებზე. გამოცემაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უპრეცედენტო ფაქტს - სოხნუთის წარმომადგენლობების გახსნას მუსლიმანურ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და შუა აზიის რესპუბლიკებში, რასაც მოჰყვა რუსეთში სოხნუთის ქსელის შექმნა და მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რეპატრიაციის გააქტიურება. აღსანიშნავია, რომ დიდი ალიის მიმდინარეობაში აქტიურად იყო ჩართული აგრეთვე კიდევ ერთი ისრაელის სამთავრობო ორგანიზაცია

- ნათივი. წიგნში მოთხრობილია იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც ხშირად გამოხატული იყო ფუნქციათა დუბლირებით სოხნუთსა და ნათივს შორის, რომელსაც შემდეგ ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობებიც დაემატა. მათ ფუნქციათა ურთიერთგადაკვეთის შედეგად გაჩენილი ურთიერთდაპირისპირების დღემდე ნაკლებად ცნობილი პერიპეტიები ამ გამოცემით პირველად გახმაურდა. აი, რას წერს წიგნის შესახებ მსოფლიო ებრაული სააგენტოს ამჟამაინდელი ხელმძღვანელი იცხაკ ჰერცოგი: “საბჭოთა კავშირიდან ალია და "რკინის ფარდის" საბოლოო დაცემა სიონიზმის ისტორიის ბრწყინვალე თავია. ამ კამპანიის ერთ-ერთი ლიდერია ბატონი იციკ მოშე, რომელიც ემსახურებოდა ამ კეთილშობილურ საქმეს. მას სამუშაო შეხვედრები ჰქონდა ხაიმ ჰერცოგთან, ისრაელის სახელმწიფოს მეექვსე პრეზიდენტთან და ებრაული სააგენტოს მაშინდელ თავმჯდომარესთან, სიმხა დინიცთან. ბევრ მოღვაწესთან ერთად ისინი მუშაობდნენ ებრაელი ხალხის ისტორიის ერთ-ერთ დიდებულ თავზე“.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ნაწილი მიძღვნილია ისრაელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა მსოფლიო ებრაელობის ზრუნვა ისრაელზე, ფინანსური დახმარება და ჰასბარა - ისრაელის მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის ახსნაგანმარტება, სახალხო დიპლომატიის გზით ისრაელის წარმოდგენა საზღვარგარეთ; მოთხრობილია იციკ მოშეს მიერ საქართველოში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ისრაელელ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა შეფასებით, ჰასბარას ერთგვარ მოდელად იქცა. „ისრაელის სახლი“ ისრაელის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს და ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის კონცეფციის ქვაკუთხედია ჰასბარა და ორმხრივი კავშირების პროფესიონალური ლობირება. ახლა დღის წესრიგში დგას ამ მოდელის სხვა ქვეყნებში გადატანის საკითხი. წიგნში „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ ქართველი მკითხველი, როგორც ითქვა, აღმოაჩენს დიდ ალიაში საქართველოს განსაკუთრებულ როლს, რაც განპირობებული იყო ებრაული საკითხისადმი ამ ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით. ამის გარდა, გაეცნობა იმ უნიკალურ გამოცდილებასა და მეთოდოლოგიას, რომელსაც ისრაელი და ებრაული ორგანიზაციები იყენებდნენ დიასპორასთან მუშაობაში. სწორედ ამ მეთოდოლოგიით შეძლო ისრაელის სახელმწიფომ მსოფლიოში გაფანტული ებრაელობის სამშობლოში თავმოყრა და მათი აქტიურად ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში.

დიდი ალიის ერთერთი ორგანიზატორი იციკ მოშე დარწმუნებულია, რომ ისრაელის ეს უნიკალური გამოცდილება დღეს საქართველოს ძალიან გამოადგება და „ისრაელის სახლი“ ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. 2017 და 2019 წლებში ისრაელში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე, სხვა საკითხებთან ერთად გაეცნო ისრაელის დიასპორასთან მუშაობის გამოცდილებას. სოხნუთის მოდელზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და ორგანიზაციის თავმჯდომარემ იცხაკ ჰერცოგმა იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშეც მონაწილეობდა. იციკ მოშე ამ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ 30 წლის წინათ საბჭოთა და შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში სოხნუთის მუშაობის მაგალითი საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება. წიგნს „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ ამ მხრივაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

Itsik Moshe

This article is from: