4 minute read

"ისრაელის სახლის" გეგმის წარდგენა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

დიდი ხანია ისრაელ-არაბული კონფლიქტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამ საკითხზე მოლაპარაკებები სხვადასხვა დროს სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს. 2013 წელს ამ პროცესს, ქნესეთის სამშვიდობო კომისიის მიწვევით, შეუერთდა “ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე. ისრაელის პარლამენტთან არსებული კომისია, რომელსაც პარლამენტის ვიცესპიკერი ხილიკ ბარი ხელმძღვანელობდა, იყო მრავალპარტიული და მიზნად ისახავდა ფორმულის „ორი ქვეყანა - ორ ერს“ ლობირებას. ამ იდეას იზიარებს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც. ამ ფორმატში აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობს ისრაელ-არაბული ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებები. ქნესეთის სამშვიდობო კომისიამ 2013 წლის ოქტომბერში შეხვედრა რამალაში გამართა და მას პალესტინის ავტონომიის მეთაური აბუ მაზენი და არაბული მხარის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. რამალაში სამშვიდობო მისიით ჩავიდა 15 პარლამენტარი და ხუთი საერთაშორისო წარმომადგენელი. შეხვედრას ესწრებოდა ათობით ჟურნალისტი ისრაელიდან და მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებიდან. შეხვედრაზე სამშვიდობო ფორმატში რამდენიმე საკითხი განიხილეს. იციკ მოშემ, როგორც ქნესეთის მოწვეულმა სტუმარმა, ისრაელ-არაბეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი დასვა. მანვე მხარეებს “მშვიდობის მარკეტინგის” წარმოებისკენ მოუწოდა. მანვე მხარეებს “მშვიდობის მარკეტინგის” წარმოებისკენ მოუწოდა. იციკ მოშემ კომისია დაარწმუნა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი საერთაშორისო ფორუმი საქართველოში უნდა ჩატარდეს.

“ჩვენ წინაშეა ისტორიული და ღრმაფესვებიანი დავა. ამიტომაც საჭიროა ფრონტალური შეხვედრები და ლობირება ყველა დონეზე. საჭიროა ახსნა-განმარტება განათლების სისტემაში, ასევე მშობლებთან, რომლებიც ზრდიან მომავალ თაობას. ამ ყველაფერს „მშვიდობის მარკეტინგი” ჰქვია. ახლო აღმოსავლეთი რთული რეგიონია და იქ ურთულესი პერიოდია. მშვიდობის მიღწევა - ესაა ის, რისი დატოვებაც მომავალი თაობისათვის შეგვიძლია. ამიტომაც, მშვიდობის მიღწევის მცდელობისათვის დამაბრკოლებელი არც დღევანდელი საომარი პერიოდია. მშვიდობისათვის იბრძვიან მტრებთან და არა -მეგობრებთან”, - განუცხადა მედიას იციკ მოშემ. მისივე თქმით, დღეს გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ; აღინიშნა, რომ პრაქტიკულად, ორივე მხარე მზადაა ფორმულისთვის „ორი ქვეყანა - ორი ერისთვის“. შეხვედრაზე პალესტინის ავტონომიის მეთაურმა აბუ მაზენმა დაგმო ტერორიზმი და აღნიშნა, რომ ეს ისრაელიდან რამალაში ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა იყო. აბუ მაზენმა აღნიშნა, რომ ალბათ ეს ბოლო შანსია მშვიდობის და სასურველია, რომ დავანგრიოთ კედლები და შევქმნათ ხიდები. მას შემდეგ რაც მედიას აცნობეს ისრაელ-არაბული კონფლიქტის საკითხზე საერთაშორისო მედიაკონფერენციის ჩატარების შეეხებ, იციკ მოშემ აღნიშნა, რომ მას სურს, საქართველომ უმასპინძლოს კონფერენციას როგორც ნეიტრალურმა მხარემ. ამ საერთაშორიოსო მედიაფორუმის დავოსში ანდა თბილისში გამართვის საკითხი გახდა სადავო თემა. მაგრამ იციკ მოშე იმედს გამოთქვამდა, რომ არჩევანი თბილისზე გაკეთდებოდა. 2014 წლის აპრილში საქართველოში ვიზიტისას ქნესეთის ვიცესპიკერმა ხილიკ ბარმა საქართველოში ისრაელის ელჩთან, იაუვალ ფუქსთან, და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელთან, იციკ მოშესთან, ერთად შეხვედრა გამართა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, სადაც იციკ მოშემ ოფიციალურად დასვა სამშვიდობო საკითხზე თბილისში საერთაშორისო მედიაკონფერენციის ჩატარების საკითხი. მან პრემიერ ღარიბაშვილს აღუთქვა, რომ ორგანიზებას გაუკეთებდა საქართველოში 70-ამდე გავლენიანი მედიასაშუალების წარმომადგენელთა ჩამოყვანას, რომლებიც კონფერენციის პარალელურად საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებსაც გააშუქებდნენ. თბილისში სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების საკითხი იციკ მოშემ ქნესეთში სამშვიდობო კომისიის სხდომაზეც დასვა. „მჯერა, რომ ჟენევის, კემპ-დევიდის, ოსლოსა და მადრიდის შემდეგ თბილისში საერთაშორისო პრესის კონფერენციის ჩატარება საქართველოსთვის იქნება კიდევ ერთი შანსი, მსოფლიო მედიამ უშუალოდ იხილოს საქართველო, გაიცნოს ის, როგორც სამშვიდობო პროცესის შუამავალი და მასპინძელი“, _ განაცხადა იციკ მოშემ. თბილისში დაბრუნების შემდეგ იციკ მოშემ საქართველოს იმჟამინდელ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მშვიდობის საკითხებზე საერთაშორისო პრესის კონფერენციის ჩატარების ინიციატივით მიმართა.

Advertisement

Discussions in Ramallah

იციკ მოშეს განცხადებით, ასეთი ღონისძიება მნიშვნელოვანი იქნება იმ კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებისათვის, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, ის აღნიშნული პრობლემებით დაინტერესებული ყველა მხარისათვის სასარგებლოდ იქნება. „საქართველოში კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს „მშვიდობის მარკეტინგს“, რაც აუცილებელი პირობაა ამ ურთულეს პროცესში“, - განუცხადა მედიას იციკ მოშემ და დასძინა: „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და იგი მსოფლიო მედიისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა, ამიტომ უპრიანი იქნება, საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას სწორედ საქართველომ უმასპინძლოს”. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა გარემოების გამო საქართველოში აღნიშნული მედიაკონფერენციის ჩატარება ვერ მოხერხდა, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს, და ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ხილიკ ბარის, თაოსნობით 2018 წლის მარტში ცენტრალურ აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის საკითხზე სასაუბროდ თბილისში ჩამოვიდნენ ბრიტანული ორგანიზაცია „Forward Thinking”-ის წარმომადგენლები და ისრაელის ქნესეთის დელეგაცია, ქნესეთის წევრებისა და პოლიტიკის ექსპერტების შემადგენლობით. 15-კაციანი დელეგაციის შეხვედრები არაფორმალურ გარემოში, მედიისთვის ძირითადად დახურულ გარემოში წარიმართა. მოლაპარაკებებში ჩაერთო ქართული მხარეც, რათა ხაზი გაესვა საქართველოს პოზიციისთვის, რომ ქვეყანა მზადაა, ხელი შეუწყოს მშვიდობას რეგიონში და მომავალშიც უმასპინძლოს მსგავსი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებს. ისრაელის წარმომადგენლობით დელეგაციას ქნესეთთან მოქმედი სამშვიდობო კომისიის ხელმძღვანელი, ისრაელის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს ძლიერი ლობისტი ხილიკ ბარი ხელმძღვანელობდა. „საქართველო საინტერესოა არა მარტო ტურისტული თვალსაზრისით, არამედ გლობალური პოლიტიკის საკითხებზე სამსჯელოდ სასურველი ადგილია“, _ განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ხილიკ ბარმა.

დახურულ შეხვედრაში, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, მონაწილეობდა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თედო ჯაფარიძე. როგორც მან აღნიშნა, ამ შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით სამშვიდობო მოლაპარაკებების პარამეტრების განსაზღვრა. არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ხილიკ ბარმა აღნიშნა, რომ საქართველო, კერძოდ მისი დედაქალაქი, შესაძლებელია მომავალში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ცენტრად იქცეს, ვინაიდან განვითარების თვალსაზრისით აქ ყველანაირი პირობა არსებობს. თბილისში არაფორმალური შეხვედრის შემდეგ იციკ მოშემაც ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოამზადა ეკონომიკური სამშვიდობო გეგმა. ეს იყო მის მიერ ქნესეთთან არსებული სამშვიდობო კომისიის პირველ სხდომაზე წარდგენილი პროექტის კორექტირებული ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის გარანტიების ქვეშ, მდიდარი არაბული სამყაროსა და მსოფლიო ებრაელობის ინვესტიციების განხორციელებას ღაზას სექტორში. ეს სათავეს დაუდებდა მხარეებს შორის ნდობას, რაც, თავის მხრივ, გააადვილებდა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. იმის მიუხედავად, რომ ღაზას სექტორთან მშვიდობის მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა, ისრაელის მხარე სხვადასხვა დონეზე ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ტერორისტებისგან მომდინარე საფრთხე მაქსიმალურად შეამციროს. ამ საკითხში მნიშვნელოვანია ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა ისრაელის მიმართ. „ისრაელის სახლი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ პროისრაელურ ორგანიზაციათა შორის ერთ-ერთია, რომელმაც ღაზას სექტორიდან ისრაელზე თავდასხმების პარალელურად თბილისში, საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით, ისრაელის სოლიდარობის არაერთი ხალხმრავალი აქცია გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ მსოფლიოს არ ეცოდინება ობიექტური ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოს შესახებ. „ისრაელის სახლის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ესაა - ადგილობრივი თუ საერთაშორისო პლატფორმების (ფორუმი, მედიაკონფერენცია, შეხვედრები ექსპერტებთან...) მეშვეობით აწარმოოს ჰასბარას - ისრაელის საგარეო სამშვიდობო პოლიტიკის ახსნა-განმარტების კამპანია.

Peace talks in Georgia

This article is from: