11 minute read

დიდი ალია და საქართველოსთან დაკავშირებული გაუხმაურებელი მოვლენები - Diplomat Magazine

ალია - ებრაელთა დაბრუნება სამშობლოში, ისეთივე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ებრაელი ხალხის ისტორიაში, როგორიც 1948 წელს ისრაელის ახალი სახელმწიფოს შექმნა. ჰოლოკოსტის შემზარავი ტრაგედია კარგი მაგალითი იყო, თუ რამდენად დაუცველი იყო ებრაელობა, ამიტომ ისრაელის სახელმწიფოს მამების ერთ-ერთი მიზანი მსოფლიოში გაფანტული ებრაელობის დაბრუნება გახდა. ებრაელობას რეპატრიაციაში თითქმის არცერთ ქვეყანაში არ შეჰქმნია ისეთი პრობლემები, როგორიც საბჭოთა კავშირში. საბჭოთა რკინის ფარდის მიღმა დარჩენილები უშედეგოდ ითხოვდნენ ისრაელში დაბრუნების უფლებას, თუმცა კომუნისტური რეჟიმი მათ რეპრესიებით პასუხობდა. 90-იანი წლების დასაწყისამდე მხოლოდ რამდენიმე ათასმა ებრაელმა მოახერხა ქვეყნის დატოვება. ნამდვილი შემობრუნება საბჭოთა კავშირში „პერესტროიკის“ დაწყებას მოჰყვა. გორბაჩოვის შედარებით ლოიალურმა მმართველობამ საბჭოთა ებრაელობას ალიის იმედი ჩაუსახა, ისრაელის ხელისუფლებამ კი დაიწყო მოქმედება. განსხვავებით ევროპული თუ აფრიკული რეპატრიაციისგან, საბჭოთა ალია ყველაზე მასშტაბური და ტექნიკურადაც ყველაზე რთული უნდა ყოფილიყო. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ საბჭოთა კავშირს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა კარგა ხნის შეწყვეტილი ჰქონდა. 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელმძღვანელობა ჯერ არბილებს რეპრესიულ წნეხს და შემდეგ საბოლოოდ თანხმდება საბჭოთა ებრაელობის ქვეყნიდან გასვლას. რეპატრიაციის მისია ებრაულ სააგენტოს (სოხნუთი, JAFI) უნდა ეტვირთა.

1989 წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველად საქართველოში იხსნება პირველი საერთაშორისო ებრაული ორგანიზაცია ებრაელ სტუდენტთა მსოფლიო კავშირი (WUJS) და შემდეგ ებრაული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლობა. იწყება დიდი ალიაც. ეს ისტორიული მოვლენა ისრაელში მილიონამდე ებრაელის დაბრუნებით აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში სიონისტური მოძრაობა არასოდეს შეწყვეტილა. მიუხედავად ებრაელობისადმი რეპრესიული რეჟიმის სასტიკი მოპყრობისა, გარკვეული ჯგუფები ან პიროვნებები ხელისუფლებისგან გამუდმებით ითხოვდნენ საბჭოთა კავშირიდან წასვლის უფლებას, რაზეც უარს იღებდნენ. XX საუკუნის 70-80იან წლებში გაჩნდა ტერმინი „ოტკაზნიკი“, რომელიც აღნიშნავდა საბჭოთა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ხელისუფლებისგან მიიღეს უარი ისრაელში „ასვლაზე“. 1987 წელს „ოტკაზნიკებმა“ ლენინგრადში უკვე ხალხმრავალი აქციაც გამართეს, რომელიც შემდეგ საბჭოთა ოფიციოზმაც გააშუქა. ციხეებიდან გათავისუფლდნენ ე.წ. სიონის ტუსაღები, ცნობილი საბჭოთა სიონისტები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს შეთითხნილი ბრალდებებით ციხეებში ჰყავდა მომწყვდეული.

Advertisement

საბჭოთა ებრაელობის ქვეყნიდან გასვლის უფლების მიღებაზე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედუარდ შევარდნაძესთან, გამართულ მოლაპარაკებებს იხსენებს ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ შიფთერი, რომელიც 1985-1992 წლებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის ასისტენტი იყო. ქართველი დიპლომატისთვის, თედო ჯაფარიძისთვის, მიწერილ წერილში შიფთერი აღნიშნავს, რომ „ოტკაზნიკებთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებები უშუალოდ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიმდინარეობდა. 1987 წელს იგი შეეცადა, შევარდნაძე დაერწმუნებინა, რომ ქვეყნიდან გამგზავრების მსურველისთვის უფლების არმიცემა ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების და იმ შეთანხმების უხეში დარღვევაა, რომელზეც საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა ხელი მოწერილი. დიპლომატი ხაზს უსვამს ედუარდ შევარდნაძის დამოკიდებულებას პრობლემური საკითხებისადმი და მიუთითებს, რომ შევარდნაძემ დიდი როლი შეასრულა მშვიდობისა და თავისუფლების გზაზე. და მართლაც, შიფთერის საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში „ოტკაზნიკების“ ნაწილმა მიიღო ვიზა ქვეყნის დასატოვებლად.

საბჭოთა ებრაელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის საქმეში ედუარდ შევარდნაძის ღვაწლი განსაკუთრებით აღსანიშნავია. თავად ედუარდ შევარდნაძე თავის წიგნში „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“ წერს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს პირველ პირად ყოფნის დროს მოუხდა ისეთ, იმ დროისთვის რთულ პრობლემასთან შეჯახება, როგორიც ებრაელთა ისრაელში „ასვლა“ იყო. „საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა მაშინ ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა ებრაელთათვის ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებაში... მე მაშინ ათეული ებრაელის სამშობლოში გამგზავრებას შევუწყვე ხელი. ეს იყო საბჭოთა კავშირიდან ისრაელში „ასვლის“ დასაწყისი“ – წერს შევარდნაძე და იხსენებს ისრაელის პრემიერმინისტრის, ეჰუდ ბარაკის, მიერ მისთვის ნათქვამს: „ჩვენ მუდამ გვემახსოვრება, რომ თქვენ ითამაშეთ ცენტრალური როლი ყოფილი საბჭოთა კავშირის რკინის ფარდის გახსნაში და ებრაელებს მიეცით ისრაელში ამოსვლის საშუალება“. ებრაელთა საკითხი იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც 1989 წლის თებერვალში მოსკოვში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან მსოფლიო ებრაული კონგრესის პრეზიდენტმა, ედგარ ბრონფმანმა, ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელმა, სიმხა დინიცმა, და სოხნუთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მენდელ კაპლანმა, გამართეს. ეს იყო პირველი და უპრეცედენტო მაღალი რანგის პლატფორმა, სადაც კრემლმა ოფიციალურ დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ებრაელობის წარმომადგენელს და ამით აღიარა ებრაელი ერის თვითმყოფადობისა და მისი სუვერენული უფლების – ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის მიზანშეწონილობა. შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა. მსოფლიო ებრაელობის ლიდერებმა საბჭოთა მთავრობისგან მიიღეს ქვეყანაში „სოხნუთის“ შესვლაზე თანხმობა, ხოლო პირადად ედუარდ შევარდნაძისგან ზეპირი მითითება, რომ მსოფლიო ებრაულ სააგენტოს მუშაობა დაეწყო საქართველოდან, როგორც ებრაელობისადმი ყველაზე ლოიალური რესპუბლიკიდან.

ვიზიტის შემდეგ დინიცმა აუწყა ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელობას, რომ „ებრაულმა სამყარომ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რა ამოცანა იდგა მის წინაშე საბჭოთა კავშირში. ებრაელთა ცხოვრება იქ რევოლუციის ზღვარზეა, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს შექმნას თუ შეედრება. ებრაულმა სააგენტომ უნდა გამოიყენოს ეს დრო, რათა დაანახოს საბჭოთა კავშირის ებრაელობას, თუ რა არის ისრაელი. მაშინდელ მსოფლიო ებრაელობას აერთიანებდა ერთი მიზანი – ებრძოლათ სსრკ-იდან ალიისთვის. ამის ნათელი დამადასტურებელი ნიშანი იყო ისრაელსა და მსოფლიოში მიმდინარე მრავალმილიონიანი აქცია – მიმართვა საბჭოთა ხელისუფლებისადმი – „გაუშვი ჩემი ხალხი!“ (LET MY PEOPLE GO). სოხნუთის ხელმძღვანელობას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ თვით ებრაული სათვისტომოების წიაღში იყო რამდენიმე ისეთი გარემოება, რომელიც სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებდა. სოხნუთის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ვალდებულნი იყვნენ, ემოქმედათ დიდი სიფრთხილით, თითოეული საზოგადოების უნიკალური კულტურის პატივისცემით და პრაქტიკულად, თითოეული ადგილობრივი ებრაული თემის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით. 1989 წლის ივნისში მენდელ კაპლანმა და სიმხა დინიცმა მიიწვიეს ცნობილი სოვეტოლოგი, პროფესორი ბარუხ გური, რომელსაც თავი უნდა გაერთმია საბჭოთა ალიასთან დაკავშირებული ახალი ამოცანისთვის. ებრაელთა რეპატრიაციის ორგანიზებისთვის საჭირო იყო, ისრაელს საბჭოთა სახელმწიფოსთან ჰქონოდა ოფიციალური კონტაქტები. პირველი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირში შევიდა და 1989 წელს საქმიანობა საქართველოდან დაიწყო, იყო ებრაელ სტუდენტთა მსოფლიო კავშირი (WUJS). ნიშანდობლივია, რომ ედგარ ბრონფმანთან შეხვედრაზე შევარდნაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მსოფლიო ებრაელობას, მათ შორის სოხნუთსა და WUJS-ს, მუშაობა დაეწყო საქართველოდან, ებრაელობის მიმართ ყველაზე ლოიალური რესპუბლიკიდან. საქართველოში (საბჭოთა კავშირში) WUJS-ის შესვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ისრაელისა და საერთაშორისო მედიაში. ისრაელიდან ებრაელ სტუდენტთა საერთაშორისო კავშირს საქართველოში წარმოადგენდა WUJS-ის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი იციკ მოშე, რომელმაც თბილისის წარმომადგენლობის გახსნამდე საქართველოდან ისრაელში წაიყვანა ოთხი ახალგაზრდა მთელი მსოფლიოს ებრაელ ახალგაზრდებთან შეხვედრის მიზნით. „ოთხივე სტუდენტი დაბრუნდება თავიანთ ქვეყანაში WUJSის წარმომადგენლის თანხლებით, რათა მათ გაუწიონ შესაბამისი დახმარება მსოფლიო ებრაულ სტუდენტურ ორგანიზაციას ახლად დაარსებული და უაღრესად მნიშვნელოვანი ფილიალის ჩამოყალიბებაში“ – წერს გაზეთი “იედიოთ ახრონოთი” 1989 წლის აგვისტოში. სტუდენტების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1989 წლის შემოდგომაზე, იციკ მოშემ თბილისში გახსნა მსოფლიო ებრაული სტუდენტური ორგანიზაციის (WUJS) პირველი ფილიალი საბჭოთა კავშირში. უკვე WUJS-ის თბილისში გახსნის შემდეგ, 1990 წლის დასაწყისში ებრაელ სტუდენტთა მსოფლიო კავშირმა ისრაელში ჩაატარა 21-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც პირველად მონაწილეობდნენ დელეგატები საბჭოთა კავშირიდან, კერძოდ კი საქართველოდან. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა რესპუბლიკა იყო, კონგრესზე ისრაელისა და აშშ-ის დროშების გვერდით აღიმართა დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა. როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები იხსენებენ, ეს იყო სოლიდარობის გამოხატვა საქართველოში და საერთოდ, საბჭოთა კავშირში არსებული ეროვნული მოძრაობის მიმართ, ვინაიდან საბჭოეთის მასშტაბით მიმდინარე პროცესები იმედს უსახავდა

Yitzhak Rabin and Itsik Moshe

Meeting of representatives of Sokhnut and president Zviad Gamsakhurdia

ებრაელობასაც. ებრაელ სტუდენტთა საერთაშორისო კავშირი იყო პირველი ტესტი სსრკ-ში, რომელმაც შედეგი გამოიღო. მალე ორგანიზაციამ დაიწყო მზადება საბჭოთა ებრაელი ახალგაზრდობის პირველი კონგრესისთვის, რომლისთვისაც თბილისს უნდა ემასპინძლა. მანამდე კი ისევ საქართველო და ისევ პირველი წარმომადგენლობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ამჯერად უკვე ებრაული სააგენტოსი.

საბჭოთა კავშირში სოხნუთის პირველი ნაბიჯები საქართველოდან იწყება. ამ ქვეყანაში, სადაც ებრაული ემიგრაცია ორ ათეულ საუკუნეზე მეტს ითვლის, ებრაელობისადმი ყოველთვის ტოლერანტული დამოკიდებულება იყო. 1969 წლის 6 აგვისტოს გაეროს გაეგზავნა საქართველოში მცხოვრები 18 ებრაელი ოჯახის წერილი თხოვნით, ზემოქმედება მოახდინონ საბჭოთა ხელისუფლებაზე, რომ მათ მიეცეთ ისრაელში წასვლის საშუალება. ეს იყო საბჭოთა კავშირში ალიისთვის შექმნილი პირველი დოკუმენტი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე 1971 წელს დაიწყო საქართველოდან ებრაელთა მასობრივი ალია და არსებული მონაცემით, 1981 წლისთვის ისრაელში რამდენიმე ათასი ქართველი ებრაელი გადასახლდა. 1989 წლის საკავშირო აღწერის თანახმად, საქართველოში ცხოვრობდა 30 ათასზე მეტი ებრაელი. ებრაელ სტუდენტთა საერთაშორისო კავშირის ღია საქმიანობის შემდეგ ბარიერები არ უნდა შეჰქმნოდა უკვე ალიაზე ოფიციალურად მუშაობას. ისრაელში დაიწყეს ფიქრი საბჭოთა კავშირში სოხნუთის შესვლაზე, რომელსაც სამშობლოში ებრაელთა დაბრუნებისთვის ორგანიზება უნდა გაეწია. 1990 წლის დასაწყისში სოხნუთის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირში სოხნუთის პირველი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციაზე არჩევანი შეაჩერა საქართველოში დაბადებულ ისრაელის მოქალაქეზე, 29 წლის იციკ მოშეზე, რომლის სახელსაც უკვე უკავშირდებოდა WUJS-ის შეყვანა სსრკ-ში. არჩევანი იციკ მოშეზე გაკეთდა არა იმიტომ, რომ ის საქართველოში იყო დაბადებული, არამედ იყო ისრაელიზებული ახალგაზრდა, რომლის სახელსაც უკავშირდებოდა ისრაელის მასშტაბით რამდენიმე პროისრაელური აქციის ორგანიზება. ებრაული სააგენტოს იმიგრაციისა და აბსორბციის დეპარტამენტის იმჟამინდელი გენერალური დირექტორი არნონ მანტვერი დიდი ალიის დაწყებაზე აღნიშნავდა, რომ ალიის სულის ჩამდგმელებმა – იციკ მოშემ და მისნაირებმა უდიდესი როლი შეასრულეს ალიის წარმატებაში. ალიის დაწყებაში საქართველო გახდა ცენტრალური ადგილი. 1990 წლის მარტში სოხნუთის ოფიციალური წარმომადგენელი იციკ მოშე თბილისში ჩავიდა, დაიწყო მუშაობა ებრაელობასთან, აცნობდა მათ ისრაელს და უყვებოდა ალიის მნიშვნელობაზე. გაიხსნა ივრითის შემსწავლელი კურსები. იციკ მოშე იხსენებს, რომ კომუნისტური რეჟიმის დასუსტების ფონზე მან მალევე შეძლო საერთო ენის გამონახვა საბჭოთა საქართველოს ოფიციალურ პირებთან. იციკ მოშემ დაამყარა კონტაქტები დედაქალაქის მერთან და მის ადმინისტრაციასთან, სკოლების ხელმძღვანელებთან, მედიის წარმომადგენლებთან და, რაც მთავარია, ყველა ამ ქმედებას ის ასრულებდა, როგორც ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენელი. როდესაც სოხნუთის წარგზავნილმა საქართველოს ხელისუფლების წინაშე დასვა ებრაული სააგენტოს წარმომადგენლობის გახსნის საკითხი, მიუხედავად მისდამი პირადი დადებითი განწყობისა, ხელისუფლება ორ წყალს შუა აღმოჩნდა. თბილისში უჭირდათ მოსკოვის გარეშე გადაწყვეტილების მიღება, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის, ზეპირი მითითება. წარმომადგენლობის გახსნამდე იციკ მოშემ გარკვეული პესიმისტური მესიჯები მიიღო ებრაული დიასპორის ლიდერებისგანაც. „ღამე არ მეძინა, ვინაიდან სოხნუთის წარმომადგენლობის გახსნის ჩაშლა ნიშნავდა ებრაელების დაბრუნების დიდი გეგმის ჩავარდნას. ვითარება სწრაფ მოქმედებას ითხოვდა. დილით დავურეკე ერთერთ გავლენიან ფუნქციონერსა და წამყვანი გაზეთის „სახალხო განათლების“ მთავარ რედაქტორს, პროფესორ აპოლონ სილაგაძეს და თბილისის მერთან, ირაკლი ანდრიაძესთან შეხვედრაში დახმარება ვთხოვე. ჩემი გათვლა იყო, მოსკოვიდან შესაბამისი ინსტრუქციის მიღებისთვის დამესწრო და ადგილობრივი ხელისუფლება დამეთანხმებინა წარმომადგენლობის გახსნაზე. მინდოდა, სოხნუთი ოფიციალურ შენობაში განთავსებულიყო“ – იგონებს იციკ მოშე. გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქტორი, პროფესორი აპოლონ სილაგაძე, რომელიც კულუარული ინფორმაციით, პრემიერობისთვის ემზადებოდა, ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც საქართველოში სოხნუთის წარმომადგენლისადმი კეთილგანწყობას არ მალავდა. პროფესორ სილაგაძის შუამავლობით თბილისის მერთან, ირაკლი ანდრიაძესთან, შეხვედრა იმავე დღეს გაიმართა და შეთანხმებასაც მიაღწიეს. გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც საქართველოში ებრაული სააგენტო ბინას დაიდებდა თბილისის მერიის შენობაში. ასე აღმოჩნდა ებრაული სააგენტოს პირველი წარმომადგენლობა საბჭოთა კავშირში სახელმწიფო უწყების შენობაში, საბჭოთა უშიშროების სამსახურის ოფისის გვერდით.

1990 წლის მიწურულს, საქართველოს სათავეში ეროვნული მოძრაობის ლიდერების მოსვლის შემდეგ, სოხნუთის წარმომადგენლობამ აკრედიტაცია გაიარა, თუმცა მანამდე საქართველოს ხელისუფლებისგან უკვე ჰქონდა თანხმობა საქმიანობის დაწყებაზე. „გვესმოდა, რომ ისრაელი შეიძლებოდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გამხდარიყო“ – იხსენებს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია და დასძენს, რომ მათი მმართველობისას ალიას ჰქონდა მაქსიმალური ხელშეწყობა. საბოლოოდ, 1989-2005 წწ.-ში ისრაელში საცხოვრებლად საქართველოდან სულ 22,589 კაცი წავიდა. ასობით ებრაელი ამ წლებში საცხოვრებლად გადავიდა აგრეთვე ევროპაში, აშშ-ში, კანადაში. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირში ებრაული ახალგაზრდული მოძრაობების აქტიურობამ წარმოშვა საბჭოთა კავშირის ებრაული ახალგაზრდული კონგრესის ჩატარების იდეა. კონგრესი 1990 წლის სექტემბერში სოხნუთისა (JAFI) და ებრაელ სტუდენტთა მსოფლიო კავშირის (WUJS) პატრონაჟით თბილისში ჩატარდა. მას დელეგატები საბჭოთა კავშირის 46 ქალაქიდან ესწრებოდნენ. საქართველოში სოხნუთის წარმომადგენელი იციკ მოშე იხსენებს, რომ იმ დღეს თბილისის ცენტრალურ გამზირზე გამოჩდნენ ებრაელები კიპათი და მანქანები ისრაელის დროშებით. ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, მოსკოვის მოთხოვნით, საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის აპარატიდან სოხნუთში შევიდა ზარი და მოითხოვეს დაგეგმილი კონგრესის გაუქმება. ეს იყო საბჭოთა რეჟიმის პირველი სიგნალი, გაგზავნილი ისრაელის წარმომადგენლისადმი, რომ თამაშის წესებს აქ „სხვა“ კარნახობდა. ისრაელის პრეზიდენტი ხაიმ ჰერცოგი კი კონგრესისადმი მისასალმებელ თავის სიტყვაში აღნიშნავს, რომ „დიდი და შესანიშნავი უფლებაა, იყო საბჭოთა კავშირში სიონიზმის გზის გამკვალავი, მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის სტუდენტური განყოფილების ეგიდით“.

ალიის საკითხების მოგვარების პარალელურად საქართველოში სოხნუთის წარმომადგენელი ისრაელის დიპლომატიის საქმესაც აკეთებდა. ბარუხ გურის, ჩარლზ ბრონფმანის და მენდელ კაპლანის თანხლებით ჩატარებულ შეხვედრებზე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ დაარწმუნა ისინი, რომ საბჭოთა კავშირში ისრაელის საელჩოს გახსნამდე სოხნუთს, ერთი მხრივ, ადგილობრივი ებრაული თემი ალიისთვის მოემზადებინა, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონის ლიდერებთან მრავალმხრივი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დონის კონტაქტები დაემყარებინა და ემუშავა მათთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. საქართველოში მსოფლიო ებრაელობის პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტი იციკ მოშეს თხოვნითა და სოხნუთის ორგანიზებით 1991 წლის ზაფხულში შედგა. სოხნუთის საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა ბარუხ გურმა თბილისში ჩაიყვანა ებრაული წარმოშობის სამხრეთ აფრიკელი მილიარდერი, მეტალურგი მენდელ კაპლანი, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრმა თენგიზ სიგუამ უმასპინძლა. პრემიერთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. იმავე წლის აგვისტოში, ასევე სოხნუთის ორგანიზებით, თბილისს ეწვივნენ ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელი სიმხა დინიცი, ებრაული წარმოშობის კანადელი ბიზნესმენი ჩარლზ ბრონფმანი, სოხნუთის საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი ბარუხ გური და ებრაული სააგენტოს იმიგრაციისა და აბსორბციის დეპარტამენტის დირექტორი არნონ მანტვერი. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო,

Meeting of Israeli friendship group

გაეღრმავებინათ საქმიანი კავშირები საქართველოს მთავრობასთან. „ვიზიტის მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ ამით მოხდება საქართველოს წარდგენა მსოფლიოს წინაშე, რაც დღეს ძალზე გვჭირდება“ – წერს ქართული პრესა. პირველი ოფიციალური შეხვედრაც საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა. გოგი ხოშტარიამ სტუმრებს განუცხადა, რომ საქართველო მზადაა, გვერდში დაუდგეს სოხნუთს და ასევე უწყება მოწადინებულია, ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს. „მოსკოვს საქართველო-ისრაელის ურთიერთობები არ გაუხარდებოდა. ისრაელისთვის არასოდეს გვითხოვია დამოუკიდებელი საქართველოს აღიარება, რადგან არ გვინდოდა მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, თუმცა ორჯერ ორივით ნათელი იყო, რომ ერთ-ერთი ნამდვილი მოკავშირე ისრაელი უნდა ყოფილიყო“ – ამბობს დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო უწყების პირველი ხელმძღვანელი და დასძენს, რომ პრეზიდენტ გამსახურდიასგან ჰქონდა მითითება, მჭიდრო კონტაქტები დაემყარებინა წამყვან ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან. დელეგაციას მომდევნო შეხვედრები პრემიერ თენგიზ სიგუასთან და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ჰქონდა. ბრონფმანმა საქართველოს მთავრობას ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანაში მხარდაჭერა აღუთქვა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სტუმრები მიიღო დასავლეთ საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთში. შეხვედრის მონაწილე იციკ მოშე იხსენებს, რომ პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ სოხნუთის ხელმძღვანელს სიმხა დინიცს სთხოვა, დაწყებულიყო ისრაელთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე მოლაპარაკება. საპასუხოდ დინიცი მასპინძელს დაჰპირდა, რომ თხოვნას ისრაელის მთავრობას გააცნობდა და მთავრობის პოზიციასაც შეატყობინებდა. რამდენიმე დღეში მოსკოვში დაიწყო ცნობილი პუტჩი (1991 წლის 18 აგვისტო), რამაც ვითარება საქართველოშიც დაძაბა. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრიდან თითქმის ერთ კვირაში ისრაელიდან არსებობდა ზეპირი პასუხი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების მზაობაზე, მზარდი შიდა დაძაბულობის გამო საქართველოში ამისთვის უკვე აღარავის ეცალა.

1993 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე წერილს უგზავნის სოხნუთის ხელმძღვანელს, სიმხა დინიცს და პროფესორ ბარუხ გურთან ერთად საქართველოში ეპატიჟება. ე. შევარდნაძე წერილში აღნიშნავს, რომ ებრაულმა სააგენტომ საქართველოში თავდაუზოგავად იშრომა არა მხოლოდ ებრაელობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მისი სამომავლო კავშირების განმტკიცებისთვის როგორც ისრაელთან, ისე მსოფლიო ებრაელობასთან. ედუარდ შევარდნაძე მადლიერებას გამოხატავდა აგრეთვე სოხნუთის საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელისადმი და მიუთითებდა, რომ ბარუხ გურმა დიდი შემართება გამოიჩინა სოხნუთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის წამოწყებაში. გაზეთ “ხადაშოთის” ცნობით, ერთ-ერთ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა განაცხადა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ იციკ მოშეს საქართველოში ისრაელის ოფიციალურ წარმომადგენლად იხილავდა. ამასთან დაკავშირებით იციკ მოშეს უშუალო ხელმძღვანელს, ბარუხ გურს, თავისი მოსაზრება ჰქონდა. ის ამბობდა, რომ სოხნუთში მუშაობის მასშტაბიდან და იციკ მოშეს საქმიანობის ფართო არეალიდან გამომდინარე ელჩის ჩარჩოებში მისი მოქცევა მიზანშეწონილი არ იქნებოდა. საქართველოში ებრაული სააგენტოს წარმატებამ სოხნუთის ხელმძღვანელობას უბიძგა, გაეფართოვებინა სააგენტოს მოქმედების არეალი საბჭოთა კავშირში.

1990 წლის ზაფხულისთვის იციკ მოშე სოხნუთის საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელისგან, ბარუხ გურისგან იღებს დავალებას, წარმომადგენლობა გახსნას აზერბაიჯანში. ამ ქვეყანაში მანამდე არცერთი ოფიციალური ისრაელელი წარმომადგენელი არ იყო ნამყოფი. ბაქოში ჩასულმა იციკ მოშემ საბჭოთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰუსეინ აღა სადიხოვს, შესთავაზა, რომ აზერბაიჯანის სოხნუთის წარმომადგენლობა თბილისის წარმომადგენლობის დაქვემდებარებაში ყოფილიყო, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მინისტრისთვის. სადიხოვის წინადადება იყო, აზერბაიჯანში სოხნუთს ჰყოლოდა დამოუკიდებელი წარმომადგენლობა და ბაქო თანახმა იყო, ის გახსნილიყო. სოხნუთის ოფისი მალევე გაიხსნა ბაქოში და მან ბინა დაიდო სახელმწიფო უწყების შენობაში. 1990 წლის ზაფხულში “ჯერუსალემ პოსტი” წერდა, რომ იციკ მოშემ აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლისგან მიიღო სპეციალური მიმართვა, სადაც არის ხაზგასმული აზერბაიჯანის თხოვნა სოხნუთის ხელმძღვანელის, სიმხა დინიცისადმი, რომ გაიხსნას ებრაული სააგენტოს წარმომადგენლობა მუსლიმურ აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში შესვლა სოხნუთისთვის ნამდვილად იყო ისტორიული მოვლენა, ვინაიდან ეს იყო პირველი ისლამური ქვეყანა, სადაც ებრაული სააგენტო იწყებდა მუშაობას. იციკ მოშეს ხელმძღვანელობით სოხნუთმა მომდევნო წელს სოხნუთის წარმომადგენლობები გახსნა შუა აზიის რესპუბლიკებსა და რუსეთის ფედერაციაში და დაიწყო საბჭოთა მასშტაბური ალიის შეუქცევადი პროცესი. თუმცა ებრაელთა რეპატრიაციის პარალელურად, სოხნუთის წარმომადგენლობები იყო პირველი რგოლი ისრაელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჯერ საბჭოთა და შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს.

This article is from: