3 minute read
საქართველო-ისრაელის ხვალინდელი დღე - განათლებიდან მაღალი დონის კავშირებამდე - Diplomat Magazine
განათლების სფეროში ახალგაზრდების ხელშეწყობა და ისრაელისა და ებრაელი ხალხის განვლილი გზის შესახებ ცნობიერების ამაღლება „ისრაელის სახლის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი იციკ მოშე მიიჩნევს, რომ მხოლოდ განათლებით, ობიექტური ინფორმაციის მიღებით შესაძლებელია წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა. ამიტომ გადაწყვიტა „ისრაელის სახლმა“ ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს კავშირების გაღრმავებისთვის ენერგია საქართველოს ახალ თაობაში ჩაედო. ამ მიზნით, ორგანიზაციის თაოსნობით, საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში გაიხსნა ისრაელის კაბინეტები, რომლებიც აღჭურვილია მონიტორებით, სადაც ებრაელი ხალხის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, ჰოლოკოსტის, ალიისა და ისრაელის სახელმწიფოს მიერ ბოლო ათწლეულებში მიღწეული წარმატებების ამსახველი კადრები გადის. შუშის სპეციალურ დაფებზე კი მოთხრობილია ისრაელის ისტორია ებრაელთა მამამთავრიდან, აბრაამიდან დღემდე. ცალკე დაფაზე განთავსებულ მონიტორზე გადის სარა ბენ შემეშის ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეოკადრები და ტექსტი. ოთხ უნივერსიტეტში ისრაელის მხარდაჭერით ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია; ტარდება ებრაულ თემატიკაზე სტუდენტური ნაშრომების კონკურსი. გამარჯვებულები ისრაელის სახლს და სარა ბენ შემეშის ფონდს მიჰყავს ისრაელში, სადაც ქართველი ახალგაზრდები ხვდებიან ისრაელელ თანატოლებს, ეცნობიან ისრაელის ჯარს, სტუმრობენ იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმს - იად ვაშემს, შეხვედრებს მართავენ ისრაელის უნივერსიტეტებში, ხვდებიან პარლამენტის - ქნესეთის წევრებს.
„ისრაელის სახლი“ ხშირად მასპინძლობს ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც შემდეგ საჯარო ლექციებს კითხულობენ აღნიშნულ უნივერსიტეტებში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდა ყოფილი თავდაცვის და ამჟამად ეკონომიკის მინისტრი ამირ ფერეცი, რომელმაც წაიკითხა ლექცია ისრაელის სახელმწიფოს შექმნაზე, ჰოლოკოსტის ისტორიაზე, მის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და ისრაელ-არაბულ ურთიერთობებზე. მან უპასუხა სტუდენთა კითხვებსაც. „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ისრაელის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავიდ ბიტანი. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. საქართველოს უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს სტუდენტებს შეხვდნენ და ლექციები წაიკითხეს ქნესეთის ყოფილმა ვიცესპიკერმა ხილიკ ბარმა და ჰოლოკოსტის მსხვერპლის შთამომავალმა და კომუნიკაციების ლექტორმა ავიტალ ზალმანოვიჩ-კარასომ. 2019 წელს „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტს ისრაელის ქნესეთის დელეგაციაც ეწვია. მის შემადგენლობაში იყვნენ მმართველი პარტია ლიქუდის ერთერთი ლიდერი, ქნესეთში კოალიციის ხელმძღვანელი დავიდ ბიტანი, ქნესეთის ყოფილი ვიცესპიკერი ნავა ბოკერი, ქალაქ რიშონ ლეციონის ვიცემერი იოსი ხამამი, ცნობილი ანალიტიკოსი არიელ ბულშტეინი და მმართველი პარტია „ლიქუდის“ რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელები. დელეგაციის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის შეთავაზებით, ხელი მოაწერა ე.წ. სტოკჰოლმის დეკლარაციას, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჰოლოკოსტის სწავლებას უკავშირდება. მანვე უნივერსიტეტის სპეციალურ წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში ისრაელის სახლის მხარდაჭერით, ებრაული კვლევების სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაციას და თეოდორ ჰერცლის სახელობის აუდიტორიის გახსნას დაესწრო ხილიკ ბარი. აუდიტორიაში, რომელიც სემინარებსა თუ ლექციებს მასპინძლობს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ებრაელთა განვლილ გზას, მოისმინოს და წაიკითხოს მათი ისტორია.
Advertisement
უახლოეს მომავალში დაგეგმილია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარბაზის გახსნა, სადაც პირველ ლექციას ისრაელში აღიარებული პოლიტიკური მოღვაწე, ისრაელ-არაბული სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი ავტორი ხილიკ ბარი წაიკითხავს თემაზე: "გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის ახალი რეალობა". ხილიკ ბარი შარშან შემოდგომით, თბილისში ვიზიტისას შეხვდა
სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ხონელიძეს. რექტორი მას ესაუბრა წიგნზე, რომელზეც მუშაობს და გაუზიარა საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა, საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.
„ისრაელის სახლმა“ ისრაელში მოქმედი საგანმანათლებლო ორგანიზაციის, სარა ბენ შემეშის ფონდის მხარდაჭერით თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნა ებრაული ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკისთვის ფონდმა ისრაელში შეიძინა რამდენიმე ასეული წიგნი ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. წიგნების თემატიკაა ისრაელის უძველესი და თანამედროვე ისტორია, სიონიზმი, იუდაიზმი, თეოლოგია, ისრაელის საგარეო პოლიტიკა, ებრაული ენის სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლების სახელმძღვანელოები და ა.შ. დაგეგმილია ისრაელიდან კიდევ 500-ამდე წიგნის შემოტანა და აგრეთვე ისრაელში საქართველოზე წიგნადი ფონდის შექმნა.
ტრადიციულად, ყოველწლიურად „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, რომელშიც ძირითადად უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობენ. ორგანიზაცია ერთმანეთს აკავშირებს ქართველი და ისრაელელ ახალგაზრდებს. „ისრაელის სახლმა“ თბილისში უმასპინძლა ახალგაზრდების ჯგუფის „ისრაელის ახალგაზრდა ელჩები“ და ქართველი სტუდენტების შეხვედრას. 2019 წელს ისრაელის კვირეულის ფარგლებში „ისრაელის სახლში“ გაეროს ახალგაზრდული პროექტის წარმომადგენლები შეხვდნენ მეოცე მოწვევის ქნესეთის ვიცესპიკერს, ხილიკ ბარს, ისრაელში მოქმედ ორგანიზაცია EAJC-ის სახალხო დიპლომატიის მიმართულების ხელმძღვანელს, ანალიტიკოს არიელ ბულშტეინს. შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლები ისრაელიდან და საქართველოდან, აგრეთვე
სხვა ქვეყნების, კერძოდ, პაკისტანის, ლიბანის, მალაიზიის, პანამის, ყაზახეთის, ჰოლანდიის ახალგაზრდობის ლიდერები და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები. შეხვედრის თემა იყო „მშვიდობა ცენტრალურ აღმოსავლეთში“. „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, ორგანიზაციის სწორება ახალგაზრდებსა და განათლებაზე ქვეყნებსა და ხალხებს შორის ხვალინდელი წარმატებული თანამშრომლობის საწინდარია. ამასთან, მხოლოდ განათლებით შეიძლება დაიძლიოს ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც სხვადასხვა დროს ვლინდება ანტისემიტიზმის, იუდოფობიის სახით. ამ საქმეში სამოქალაქო საზოგადოების, სწორად ინფორმირებული ახალგაზრდობის დროულ რეაქციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ისრაელის სახლმა“ შექმნა სახალხო დიპლომატიის გზით საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის წარმოდგენის მოდელი. ეს მოდელი, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია და ქვეყნის საკეთილდღეოდ მისი გამოყენება ყველას შეუძლია.