7 minute read

ჰასბარა - ქვეყნის მხარდაჭერის უნიკალური მეთოდი

მსოფლიოში ანტიისრაელური საინფორმაციო ომის, ნეგატიური პროპაგანდისა და ისრაელის დელეგიტიმაციის მცდელობების პირობებში ისრაელის სახელმწიფო და საზოგადოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნებში ისრაელისა და მისი პოლიტიკის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას. „ჰასბარა“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც სახალხო დიპლომატიის გზით ისრაელზე სწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ისრაელის მთავრობის პოლიტიკის ახსნასა და ისრაელის პოპულარიზაციას გულისხმობს. „მე რომ დღეს ვიყო საქართველოში ისრაელის ელჩი, დავტოვებდი თანამდებობას, არა გაეროში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციის გამო, არამედ ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა. ძნელბედობის ჟამს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნები, როგორიცაა ისრაელი და საქართველო, გვერდით დაუდგნენ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სახალხო დიპლომატიის საშუალებით ჩვენი ქვეყნების მცხოვრებთა დაახლოება. ორმხრივი ბიზნესსაქმიანობების გაღრმავება არის საუკეთესო გზა ისრაელსა და საქართველოს შორის მყარი ხიდის აშენებისთვის. ორმა მიმართულებამ – სახალხო დიპლომატიამ და ბიზნესურთიერთობებმა უნდა უკარნახონ ორივე ქვეყნის მთავრობებს, რომ გაუჩნდეთ მეორე მხარის პროფესიონალურად შესწავლის სურვილი და ერთმანეთთან მიმართებაში სტრატეგიულად და ადეკვატურად დაგეგმონ სამომავლო ქმედებები. წარსულისა და დღევანდელ მაგალითებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა არაორდინარულ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები“, – ეს სიტყვები იციკ მოშემ 2012 წლის 3 დეკემბერს მედიასთან განაცხადა. საქმე ეხებოდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ხმათა უმრავლესობით პალესტინის ავტონომიისთვის სტატუსის გაზრდას. გენერალურმა ასამბლეამ პალესტინას არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭა. 67/19 გადაწყვეტილებას 138-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი – მათ შორის საქართველომ. 41-მა თავი შეიკავა, ხოლო ცხრა ქვეყანამ – მათ შორის აშშ-მა და ისრაელმა წინააღმდეგობა გამოხატეს. სწორედ გაეროს გადაწყვეტილება გახდა მთავარი მიზეზი, თუნდაც ისეთ მეგობარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შექმნილიყო ჰასბარას ორგანიზაცია. იციკ მოშეს თაოსნობით, საქართველოში დაიწყო ისრაელის მხარდამჭერი მოძრაობა. პირველი ერთ-ერთი ხალხმრავალი აქცია თბილისის ცენტრში, სინაგოგასა და ქრისტიანულ ეკლესიას შორის მდებარე პარკში გაიმართა. ეს იყო ისრაელის მხარდამჭერი მიტინგი იმ დღეებში, როდესაც ის ღაზას სექტორიდან იბომბებოდა. ამ აქციაზე იციკ მოშეს მიერ წარმოთქმული სიტყვა საპროგრამოდ იქცა, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო „ისრაელის სახლის“ კონცეფციას. 2013 წლის შემოდგომაზე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში მომზადდა კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჰასბარასა და ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების მყარი, პარტნიორული განვითარებისთვის ხელშეწყობას. დაიწყო „ისრაელის სახლის“ საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელმაც ერთ წელიწადში მოიპოვა ისრაელის ქნესეთის წევრების მოწონება და მხარდაჭერა. 2013 წლის 2 დეკემბერს ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ისრაელის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ზეევ ელკინმა და ორგანიზაცია ILC-მ (International Leadership Committee). „ისრაელის სახლის“ შექმნის იდეა იციკ მოშეს საზოგადოებრივ საქმიანობაში ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია საჯარო დიპლომატიის გამოყენებით ისრაელის იმიჯზე ზრუნვა და სოლიდარობის მიღწევა. მიზნების განხორციელებისთვის „ისრაელის სახლში“ რეგულარულად ტარდება სალექციო კურსი ისრაელისა და მისი საერთაშორისო როლის შესახებ; სემინარები ისრაელის მიღწევების გასაცნობად – კულტურის, ეკონომიკის, ბიზნესის, მედიცინის, ახალი ტექნოლოგიების, პოლიტიკური ცხოვრებისა და სხვა სფეროებში. იმართება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები –

Advertisement

შეხვედრები, გამოფენები, პრეზენტაციები. „ისრაელის სახლი“ შექმნიდან მალევე გახდა ორგანიზაციის „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI) და ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედი ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის წევრი. „ისრაელის სახლი“ თანამშრომლობს მსხვილ საერთაშორისო ებრაულ გაერთიანებასთან - მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაციასთან, რომლის წარმომადგენელიც, იაკოვ ჰაგუელი, „ისრაელის სახლს“ სტუმრობდა და გაეცნო მის საქმიანობას. დაარსების დღიდან „ისრაელის სახლს“ არაერთი ინიციატივა და აქტივობა უკავშირდება, მათ შორისაა საქართველოში რამდენიმე პროისრაელური ღონისძიების ორგანიზება. „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით 2014-2019 წლებში ისრაელიდან ყველაზე მეტი პარლამენტარი სწორედ საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტები, ძირითადად, ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის ეგიდით იმართება, შეხვედრების თემა კი ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა. ასეთი ვიზიტებისას „ისრაელის სახლი“ წინა პლანზე წამოწევს ორმხრივ ურთიერთობებში ისეთ პრობლემურ თემებს, როგორიცაა საერთაშორისო ინსტიტუტებში ურთიერთმხარდაჭერა, უვიზო მიმოსვლა, შრომითი მიგრაცია და ა.შ. „ისრაელის სახლის“ მთავარი მიმართულება ჰასბარაა. იციკ მოშე მიიჩნევს, რომ ებრაელ ხალხს აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: ან ცხოვრობდეს თავის ქვეყანაში – ისრაელში და ოფლით და სისხლით აშენებდეს მას, ანდა დროებით იყოს ქვეყნის გარეთ და – ყოველ წუთს, ყოველ საათს, ყოველ დღეს იყენებდეს იმისთვის, რომ გააკეთოს ყველაფერი თავისი ქვეყნის წინსვლისთვის. მესამე არჩევანი არ არსებობს! ამასთან, იციკ მოშე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ასპარეზზე ნამდვილი ისრაელის წარდგენას, ვინაიდან საინფორმაციო ომის პირობებში საზოგადოებებს უჭირთ, დაინახონ ის რეალობა, რომელიც ისრაელსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია შექმნილი. ამ საკითხში „ისრაელის სახლის“ აქტიური მხარდამჭერები და პარტნიორები არიან ისრაელელი პოლიტიკოსები, ქნესეთის მოქმედი

თუ ყოფილი წევრები სხვადასხვა პარტიიდან - დავიდ ბიტანი, ხილიკ ბარი, აკრამ ჰასონი, ნავა ბოკერი, იციკ შმული და სხვები. 2015 წელს „ისრაელის სახლს“ ეწვია ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი. ის ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნო და განაცხადა: „დასრულდა ის დრო, როდესაც ელჩები ოფისებში ჰალსტუხებით ისხდნენ და ეგონათ, რომ მათი აზრი საინტერესო იყო. დღეს თუ არ გააკეთე და შექმენი, არავინ მოგისმენს“, - განაცხადა ედელშტეინმა და დასძინა, რომ იგი მხარს უჭერს ისრაელის სახლის საქმიანობას, მით უფრო იმ ფონზე, რომ თანამედროვე მსოფლიო მოწმეა მზარდი ანტისემიტიზმისა და ანტიისრაელური კამპანიისა.

ორგანიზაციამ 2016 წლის ხანუქაზე თბილისში მიიწვია ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წევრები და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მონაწილეობით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობაში 1000-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით ჰასბარასადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა. მას ესწრებოდნენ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციფი ხოტოველი, ქნესეთის ვიცესპიკერი ხილიკ ბარი, ქნესეთის კოალიციის ლიდერი და სხვა ოფიციალური პირები. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. „ამ ფორუმის მიმდინარეობისას ყოველ წინადადებაში შესაძლებელია სიტყვა „ისრაელი“ შეიცვალოს სიტყვა „საქართველოთი“, ვინაიდან ორივე ქვეყანას ერთნაირი საჭიროებები და თითქმის ერთნაირი გამოწვევა აქვს. უნდა გვახსოვდეს რომ გაფართოებულ ახლო აღმოსავლეთში საქართველო და ისრაელი წარმოადგენენ ერთი მედლის ორ მხარეს და ჩვენ, ორი პატარა ქვეყნის და დიდი ერის შვილებს, ეს მსგავსება გვავალდებულებს სიფხიზლეს, შრომას, მშვიდობისკენ მისწრაფებას, ღირსეულ და განსაკუთრებულ საქციელს“ – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას იციკ მოშემ. გარდა ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებისა, ღონისძიებაზე „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა ოფიციალურად დასვა საქართველოს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი. ღონისძიების მეორე დღეს თბილისში არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბილტმორში“ „ისრაელის სახლის“ ორგანიზებითა და ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით გაიმართა ისრაელისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის – ჰასბარას ფორუმი. იმ დღეს სასტუმროს წინ ისრაელის დროშაც აღიმართა.

2017 წლის ივნისში „ისრაელის სახლმა“ ჰასბარას ფორუმი უკვე ისრაელში გამართა. იერუსალიმში, მენახემ ბეგინის ცენტრში, ორგანიზებულ ღონისძიებას ქნესეთის წევრები, მათ შორის ორი ვიცესპიკერი და მმართველი კოალიციის ლიდერი, ქნესეთის შვიდი წევრი, ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც ფორუმზე აღინიშნა, „ისრაელის სახლის“ პროექტი უნდა დაინერგოს სხვა ქვეყნებშიც, რადგან მსოფლიოში მასობრივი ანტიისრაელური კამპანია მძვინვარებს. „ისრაელის სახლის“ კონცეფციის ხორცშესხმის პროცესში ორგანიზაციამ ბოლო წლებში სხვა არაერთი ღონისძიება ჩაატარა. ასე, მაგალითად, იმართება ებრაული კულტურის დღეები; ყოველწლიურად ისრაელიდან ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით აღინიშნება იერუსალიმის დღე; ჩატარდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და ბუკლეტის „ქართველი შინდლერები“ პრეზენტაცია; ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც

Yaakov Hagoel & Itsik Moshe

საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ ხელმძღვანელობდა და გერმანელი ევროპარლამენტარები ესწრებოდნენ; „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, თბილისში, თურქეთის საელჩოში გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა მასობრივი გენოციდისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო და თურქეთის მიერ ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენება; „ისრაელის სახლში“ ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „ჰასბარას როლი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში“; ორგანიზაციას ისრაელიდან სტუმრობდა ახალგაზრდა დიპლომატების ჯგუფი. მათ ქართველ სტუდენტებს ისრაელის შესახებ მოუთხრეს; „ისრაელის სახლმა“ სარას ფონდთან ერთად საქართველოს პარლამენტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დააარსა ებრაული ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი რამდენიმე ათასს აღწევს; „ისრაელის სახლი“ საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ჰოლოკოსტის კურსის სწავლების მხარდამჭერია; განათლების სფეროში დიდი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდებთან შეხვედრებს და მათთვის „ისრაელის სახლის“ მეთოდის გაცნობასაც. მაგალითად, იციკ მოშემ იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში გაეროს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე „სხვა დიპლომატია და ჰასბარას მეთოდიკა“.

2017 წლის ზაფხულში იერუსალიმში, მენახემ ბეგინის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრში, „ისრაელის სახლის“ ორგანიზებითა და ქნესეთის მხარდაჭერით გაიმართა ჰასბარას ფორუმი. “ისრაელის სახლის“ მიწვევით მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, „იუნესკოს“ მშვიდობის ხელოვანმა ელისო ბოლქვაძემ. მის მიერ შუბერტისა და პროკოფიევის ნაწარმოებების ვირტუოზულად შესრულების გამო დამსწრე საზოგადოებამ მქუხარე ტაშითა და ხანგრძლივი ოვაციებით დაასაჩუქრა. 2019 წელს ბეგინის ცენტრში "ისრაელის სახლმა ორგანიზება გაუწია ჰასბარას და BDS-ის (გლობალური ანტიისრაელური კამპანია) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებას, რომელშიც ისრაელის აქტიური მხარდამჭერი, ჰოლივუდის მსახიობი როზან ბარიც მონაწილეობდა. ნიშანდობლივია, რომ „ისრაელის სახლის“ პროფესიონალურმა ლობისტურმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ისრაელისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე. საილუსტრაციოდ შეიძლება გავიხსენოთ გაეროში 2012 და 2017 წლებში პალესტინასთან დაკავშირებული კენჭისყრები. ტენდენცია ასეთია: თუ 2012 წელს საქართველო იყო პალესტინის გაფართოებული სტატუსის მხარდამჭერთა შორის – რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გვერდით, 2017 წელს მან, პოლონეთისა და ჩეხეთის მსგავსად, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, ხოლო რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ისევ ძველ პოზიციაზე დარჩნენ. საქართველომ, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა 2018 წელს, როდესაც კენჭი ეყარა პროისრაელურ ინიციატივას გაეროში, რათა დაგმობილიყო ტერორისტული აქტივობები ისრაელის წინააღმდეგ.

“ისრაელის სახლის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე აცხადებს, რომ ორგანიზაციის კონცეფციას ისრაელში აქვს სრული მხარდაჭერა. „ისრაელის სახლი“, როგორც ისრაელისა და სახალხო დიპლომატიის პროფესიონალურ ცოდნაზე დამყარებული ორგანიზაცია, ძალიან მალე იქცა გავლენიან გაერთიანებად. დაგეგმილია მისი წარმომადგენლობების არაერთ ქვეყანაში გახსნა.

“ისრაელის სახლის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჰასბარა კარგი საშუალებაა, საქართველომ გაიცნოს რეალური ისრაელი და დაგეგმოს მასთან მაღალი დონის სახელმწიფოებრივი თანამშრომლობა. იციკ მოშე ხაზს უსვამს სახელმწიფოთა ურთიერთობაში მესამე სექტორის როლს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის შემთხვევაში თითქმის ნახევარზე მეტს მესამე სექტორი აკეთებს. „ისრაელი არ არის ერთი რომელიმე ჩინოვნიკის საკუთრება. ქვეყანაზე უნდა იზრუნოს ყველამ, ხოლო ჩინოვნიკების აზრები და პოზიცია ზოგჯერ მიუღებელიცაა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც. მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანაში მოქმედ საქართველოს საელჩოში ჩინოვნიკს დისკომფორტი შეექმნება საქართველოს სასარგებლოდ მესამე სექტორის აქტიურობითა და საქმეებით, მაშინ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო გადარჩება“, - ამბობს იციკ მოშე.

Celebration of Hanukkah in Opera and Ballet Theatre of Tbilisi

This article is from: