13 minute read
პირველი ნაბიჯები ეკონომიკურ ურთიერთობებში
ფოტოზე: Itsik Moshe & Amir Peretz
საქართველოში ისრაელიდან 1 მილიარდი დოლარის კონტრიბუცია სტრატს იღებს უშუქობის და სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდიდან საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა იყო პირველი, ვინც გამოვიდა საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით. 1999 წელს ბიზნესპალატისა და ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა შუბლაძის, ინიციატივით ისრაელში ამოქმედდა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლობა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ მიიღო სრული მხარდაჭერა ორივე ქვეყნის წამყვანი ლიდერებისგან.
Advertisement
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, დიდი ალიის პარალელურად, პირველი აგურები დაიდო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ისრაელის სახელმწიფოებრივი ურთიერთობების მშენებლობაში. ამ კავშირებმა სტარტი აიღო მძიმე ეკონომიკური კრიზისისა და სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში. პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში საელჩოების ამოქმედებამ ქვეყნებს შორის ფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თვით ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სურვილი კი იყო, მეტი „მიეღოთ“ ისრაელისგან. ახლა იყო დასაწყები ისეთი „შავი“ სამუშაო, რომელიც ისრაელის მოდელების პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადატანისა და დანერგვის მიზნით პოლიტიკოსს პოლიტიკოსთან დააკავშირებდა, მეწარმეს – მეწარმესთან, კომპანიას – კომპანიასთან, ხელოვანს – ხელოვანთან და ა.შ. ამ საქმეში ეფექტიანი გამოდგა დიდ ალიაზე მომუშავე ებრაული ორგანიზაციების, განსაკუთრებით სოხნუთის, საქმიანობა, კონტაქტებიც და იდეოლოგიაც. მსოფლიო ებრაული სააგენტო (სოხნუთი) იყო ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელი და საქართველოშიც სათავე დაუდო ისრაელის სახელმწიფოსთან პირველ ურთიერთობებს. პროცესი თითქოს ორმხრივი იყო – საბჭოთა სივრცით ისრაელის, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური დაინტერესებისთვის აუცილებელი იყო ადგილებზე ვითარების უკეთესად ცოდნა. და პირიქით, ისრაელის მოზიდვისთვის საჭირო იყო შესაბამისი გარემოს, ინსტიტუტების არსებობა. საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ამჯერადაც ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების მხარდამხარ, ქვეყნების დაახლოების მიზნით სხვა ნაბიჯებიც გადაიდგა.
90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირში სოხნუთის პირველი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იციკ მოშე ქართულ მხარეს ურჩევს, ურთიერთობებში შეცვალონ აქცენტები და ენერგია ჩაიდოს საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავების საქმეში. იციკ მოშეს ეს რეკომენდაცია დღესაც აქტუალურია. 1991 წელს სოხნუთის წარმომადგენლობამ ჩამოიყვანა მენდელ კაპლანი და ჩარლზ ბრონფმანი, რომლებიც თავიანთი თვითმფრინავებით ჩამოვიდნენ, ისინი მსოფლიო ებრაელობაში წამყვან პოზიციას იკავებენ. რაც მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდის საქართველოს პოპულარიზაციისთვის, რომელსაც დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდა. საქართველოში მსოფლიო ებრაელობის პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტი იციკ მოშეს თხოვნითა და სოხნუთის ორგანიზებით 1991 წლის ზაფხულში შედგა. სოხნუთის საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბარუხ გურმა, თბილისში ჩაიყვანა ებრაული წარმოშობის სამხრეთაფრიკელი მილიარდერი, მეტალურგი მენდელ კაპლანი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა. პრემიერთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. იმავე წლის აგვისტოში, ასევე სოხნუთის ორგანიზებით, თბილისს ეწვივნენ ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელი სიმხა დინიცი, ებრაული წარმოშობის კანადელი ბიზნესმენი ჩარლზ ბრონფმანი, სოხნუთის საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი ბარუხ გური და ებრაული სააგენტოს იმიგრაციისა და აბსორბციის დეპარტამენტის დირექტორი არნონ მანტვერი. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, გაეღრმავებინათ საქმიანი კავშირები საქართველოს მთავრობასთან.
„ვიზიტის მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ ამით მოხდება საქართველოს წარდგენა მსოფლიოს წინაშე, რაც დღეს ძალზე გვჭირდება“ – წერს იმდროინდელი ქართული პრესა. დელეგაცია თბილისს ჩარლზ ბრონფმანის პირადი თვითმფრინავით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ საგარეო უწყების ხელმძღვანელი გიორგი (გოგი) ხოშტარია, სოხნუთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იციკ მოშე. პირველი ოფიციალური შეხვედრაც საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა. გოგი ხოშტარიამ სტუმრებს განუცხადა, რომ საქართველო მზადაა, გვერდში დაუდგეს სოხნუთს და ასევე, უწყება მოწადინებულია, ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში. იმდროინდელი ისრაელის პრესა („ჯერუსალემ პოსტი“) აღნიშნავდა, რომ ისრაელისადმი საქართველოს თბილი დამოკიდებულება აიხსნება ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საბჭოთა რესპუბლიკის მიერ მოკავშირეების ძებნით, რომლებიც მას არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აწყენდა მუსლიმური სახელმწიფოებით გარშემორტყმულ გარემოცვაში. დელეგაციამ რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა, მათ შორის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. პრემიერ სიგუასთან საუბარი, ძირითადად, მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა. სტუმრები პრემიერს აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებას, მსოფლიო ებრაელობის ლიდერებთან შეხვედრასა და საქართველოს ლობირებას დაჰპირდნენ. ბრონფმანმა კი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანაში მხარდაჭერა აღუთქვა. ორივე ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებლობა ახალმოპოვებული საქართველოს პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში. აღსანიშნავია ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციის „გაერთიანებული ებრაული ფონდი“ United Jewish Appeal (UJA) ხელმძღვანელობისა და მისი მდიდარი წევრების არაერთი ვიზიტი თბილისში, რომლის ორგანიზატორიც იყო სოხნუთის ყოფილი წარმომადგენელი საბჭოთა კავშირში, იციკ მოშე. ჩრდილოამერიკელი შეძლებული ებრაელებისაგან შემდგარი ეს ორგანიზაცია სოხნუთის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო და საქართველოთიც სოხნუთის წარმატებული საქმიანობის შედეგად დაინტერესდა. UJA-ს ხელმძღვანელობამ სამი სხვადასხვა ვიზიტისას შეხვედრები გამართა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან. სამოქალაქო დაპირისპირებიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოსთვის ეს იყო ერთ-ერთი პირველი შეხება მსოფლიოს წამყვან ებრაულ ბიზნესწრეებთან. ნიშანდობლივია, რომ UJA-ს წარმომადგენლები თბილისს მოსკოვიდან სტუმრობდნენ ხოლმე, რადგან სწორედ თბილისში ეგულებოდათ ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან ახალი ხიდების აგებისთვის შესაფერისი გარემო. ეს, ფაქტობრივად, იყო სოხნუთის მიერ საქართველოში შემოსვლის დღიდან დაწყებული კურსის გაგრძელება, რომლის ერთერთი შემადგენელი ნაწილი იყო ახლად დაარსებულ ქვეყნებთან ორმხრივი კავშირების განვითარება.
1996 წელს იციკ მოშემ, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოში დააარსა ორეროვანი ბიზნესგაერთიანება – საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, რომლის საქმიანობა პირველივე დღიდან ერთობ მრავალპლანიანი იყო. შეიძლება ითქვას, ამ აქტივობებით საფუძველი ჩაეყარა ისრაელის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს დამოუკიდებელ საქართველოსთან. ორგანიზაციის დაარსების სათავეებთან იდგნენ ისრაელის სავაჭრო პალატა, ისრაელის ბიზნესელიტა, საქართველოს იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. იმდროინდელი პოლიტიკურად მყიფე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი იყო ლაპარაკი უცხოურ ინვესტიციაზე, ერთობლივ საწარმოებზე. ამის მიუხედავად, მოხერხდა ებრაულ-ქართული ბიზნესფორუმების ჩატარებაც და საქართველოში პირველი ებრაული ინვესტიციის მიზიდვაც. ისრაელის მთავრობასა და ბიზნესწრეებში საქართველოს საკითხის პროფესიონალური ლობირებით იციკ მოშემ მიაღწია საჭირო მხარდაჭერას, რომლის წყალობით შესაძლებელი გახდა ამ ნაკლებად საინტერესო კავკასიური ქვეყნისკენ ისრაელის ყურადღების მიპყრობა. იწყება დიალოგი ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის, სადაც ხშირად მედიატორის როლს, ბიზნესპალატის თაოსნობით, სამთავრობო უწყებები ასრულებენ. ბიზნესპალატამ სათავე დაუდო ისრაელის წარმოდგენის პრაქტიკას დამოუკიდებლობა ახალმოპოვებულ ქვეყანაში. ვითარდება თანამშრომლობა ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ბიზნესპალატის დაარსებას ისრაელიდან გამოეხმაურა ებრაული სააგენტო (სოხნუთი). იციკ მოშესთვის გაგზავნილ წერილში სოხნუთის გენერალური დირექტორი მოშე ნათივი წერს, რომ იგი მხარს უჭერს ასეთი ორგანიზაციის შექმნას. ორივე ორგანიზაციამ იკისრა აგრეთვე თბილისში ბიზნესსემინარების ჩატარება, რომელსაც ისრაელელი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
იციკ მოშემ ალიისა და აბსორბციის მინისტრი იული თამირი დაარწმუნა, რომ საქართველო სტრატეგიულად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია ისრაელისთვის. ცოტა მოგვიანებით ისრაელის პრემიერმინისტრ ეჰუდ ბარაკისთვის გაგზავნილ წერილში ალიისა და აბსორბციის მინისტრი, პროფესორი იული თამირი ხაზს უსვამს საქართველოს მდებარეობას და მას რეგიონში „ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ კარიბჭეს“ უწოდებს. „საქართველო ისრაელის ძველი მეგობარია, ორივე ქვეყანა წარმოადგენს ერთგვარ ეკონომიკურ-გეოპოლიტიკურ კარს მათი რეგიონებისათვის. საქართველო მდებარეობს აბრეშუმის გზაზე და ვვარაუდობ, რომ ჩვენ თუკი გავზრდით ინვესტიციას საქართველოში ექსპორტზე, ეს დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში“ – ნათქვამია მინისტრის წერილში. გასული საუკუნის 90-იანი წლები ისრაელ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ერთგვარად გზის გაკვალვის პერიოდი იყო, როცა ყველაფერი, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებოდა. ამ ურთიერთობებში თავისი წვლილი მიუძღვოდა პირველ კულტურულ კონტაქტებსაც, რომლის ორგანიზატორიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა იყო. კულტურული საქმიანობა ერთგვარად დიპლომატიის ნაწილი გახდა. პოპულარული ქართველი მომღერლები ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში დამაკავშირებელ როლს ასრულებდნენ. ისინი ისრაელში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მაღალი პროფესიული დონე მათ საშუალებას აძლევდა, წარმოდგენები გაემართათ ისრაელის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში.
1998 წელს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად ჩაერთო ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების კონტრაქტში და დააფინანსა გეგმის შესრულება. ცოტა მოგვიანებით ქართული მხარე, ისრაელის ტურიზმის განვითარების გეგმების გაცნობის მიზნით, ისრაელის შესაბამის უწყებებს დააკავშირა. 1999 წელს ბიზნესპალატის და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა შუბლაძის, ინიციატივით ისრაელში ამოქმედდა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლობა, რომელსაც ისრაელის ტურიზმის იმჟამინდელი მინისტრი მოშე კაცავი ესწრებოდა. ამ მოვლენამ დასაბამი მისცა ისრაელიდან ტურიზმის ზრდას საქართველოში. ამ პერიოდში ბიზნესპალატამ საქართველოში ჩამოიყვანა ისრაელის წამყვანი მედიის წარმომადგენლები და საქართველოს საპიარო სტატიები დააფინანსა.
მიუხედავად მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებისა და მეტნაკლები ეკონომიკური კავშირებისა, 21-ე საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყნები ერთმანეთის პოლიტიკურ რადარებზე ნაკლებად ჩანდნენ. არცთუ სახარბიელო ვითარება იყო საკუთრივ საქართველოშიც. დამოუკიდებელი საქართველოს მეთაურის რანგში ედუარდ შევარდნაძის 10-წლიანი მმართველობა დასასრულს უახლოვდებოდა. დანგრეული ეკონომიკის, მოშლილი სახელმწიფო მმართველობისა და კლანური ურთიერთობების პირობებში ქვეყანაში შემოსული ისრაელური ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. დაიწყო ისრაელელი ინვესტორების გადინება საქართველოდან. 2001 წელს თბილისში ოფიციალური ვიზიტისას ისრაელის პრეზიდენტი მოშე კაცავი ქართველ კოლეგას, ედუარდ შევარდნაძეს, ესაუბრა ისრაელელი ბიზნესმენების პრობლემებზე და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ბარიერები არ შექმნოდა ისრაელიდან შემოსულ ინვესტიციებს. იმის მიუხედავად, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის არსებობდა დეკლარირებული თბილი ორმხრივი ურთიერთობები,
ამ კავშირებში მთავარ ხიდს მაინც ბიზნესურთიერთობები ქმნიდა, რაც დღითიდღე უარესდებოდა. არსებულ ვითარებაში საქართველოისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, პირადად შეხვედროდა სახელმწიფოს მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს, და აეხსნა მდგომარეობის სიმძიმე. შეხვედრა შედგა, თუმცა არ გასულა დიდი დრო, რომ ქვეყნის სათავეში ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან კავშირების გააქტიურების საკითხი. ინიციატივა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატიდან მოდიოდა. 2004 წელს ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი ვიქტორ ბრაილოვსკი თბილისში ოფიციალური ვიზიტისას, იციკ მოშეს ორგანიზებით, შეხვდა საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს. საუბარი შეეხო საქართველოში ისრაელიდან შემოსული ინვესტიციების დაცვის გარანტიებს. 2004 წელს ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს ორგანიზებით, აშშ-ში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შეხვედრა ამერიკის წამყვანი 21 ებრაული ორგანიზაციის ლიდერებთან – მსოფლიო ებრაელობის ლიდერთა პრეზიდიუმთან (Conference of Presidents). 1991 წლის შემდეგ ეს იყო მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს დაკავშირების უკვე მეორე, უფრო მასშტაბური შემთხვევა.
Conference of Presidents არის პოლიტიკურად და ფინანსურად ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ჯგუფი ამერიკაში, რომლის ლობირებით ხშირად სარგებლობს ისრაელის ხელისუფლება აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობაში. ამ ჯგუფთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაც მიზნად ისახავდა საქართველოს ლობირებას. ამასთან, ეს იყო საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის თანამშრომლობის სამკუთხედის შეკვრა და გაძლიერება. ამერიკული ვოიაჟის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა ორმხრივი კავშირების გაღრმავების ფორმატში განახორციელა, იყო საქართველოს მთავრობის წევრთა შეხვედრის ორგანიზება ისრაელში. იერუსალიმის სასტუმრო „კინგ დევიდში“ 200-ამდე ისრაელელ ბიზნესმენს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ახალი ეკონომიკური მიდგომები გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ სწორედ ის იქნებოდა ქვეყანაში შემოსული
თითოეული ინვესტორისა და დაბანდებული თითოეული დოლარის გარანტი. ეს ფორუმი, ფაქტობრივად, იქცა დიდ შემობრუნებად ისრაელური ბიზნესისთვის. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მასში მონაწილეთა თითქმის 60-მა პროცენტმა გადაწყვიტა საქართველოში ინვესტიციის განხორციელება. 2004 წელს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ საფუძველი ჩაუყარა ისრაელის უმსხვილეს კომპანია „ელბიტ სისტემსთან“ ქართული მხარის თანამშრომლობის დაწყებას. დღეისთვის კომპანიას საქართველოში დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და წარმატებით მუშაობს მისი საწარმო. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის დაარსების დღიდან იციკ მოშეს თაოსნობით გაიმართა 20-ამდე ერთობლივი ბიზნესფორუმი საქართველოსა და ისრაელში. ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან ინვესტიციების ყველაზე დიდი შემოდინება აღინიშნა 2008 წლამდე. ამ დროისთვის ის უკვე 400 მლნ. აშშ დოლარს აღწევდა. დღემდე კი მისი მოცულობა 500 მლნ. დოლარს აღემატება. საქართველოში შემოსვლის დღიდან ისრაელელ ბიზნესმენთა სოციალური პასუხისგებლობა ყოველთვის გამორჩეული იყო. 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცთა ისრაელში გადაყვანა და მკურნალობა სწორედ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის, კერძოდ იციკ მოშეს ორგანიზებით მოხდა. ბიზნესპალატაში შემავალმა ისრაელურმა ბიზნესმა დააფინანსა არაერთი მასშტაბური საქველმოქმედო აქცია, მათ შორის დიმიტრი ცინცაძის ფონდი, ცნობილი საოპერო მომღერლის, ნინო სურგულაძის, საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“. 2015 წელს თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობისას დაზარალებულ ოჯახებს იციკ მოშეს თაოსნობით ორი ბინა გადაეცათ. ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან ინვესტიციების ახალ ტალღას ბიძგი მისცა 2015 წლის ზაფხულში საქართველოისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით თბილისის მერის, დავით ნარმანიას, ისრაელში ვიზიტმა. ბიზნესპალატამ სპეციალურად ამ ვიზიტისთვის იერუსალიმის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო „ვალდორფ ასტორიაში“ 110 ისრაელელი ბიზნესმენის მონაწილეობით გამართა ბიზნესფორუმი. დავით ნარმანიამ ისრაელელ პოტენციურ ინვესტორებს თბილისის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო და მათ დაჰპირდა, რომ ის იქნებოდა თბილისში ჩადებული თითოეული ცენტის გარანტორი. ბიზნესფორუმის შემდეგ ისრაელიდან შემოსული ინვესტიციით თბილისში ხუთი სასტუმრო აშენდა. პარალელურად, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ ისრაელის მედიაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საქართველოს ბიზნეს და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისთვის - ისრაელის წამყვან გამოცემებში დაიწერა არაერთი სტატია. იციკ მოშეს ორგანიზებით, ისრაელის წამყვანმა ტელეკომპანიებმა საქართველოზე მოამზადეს სამი ეკონომიკური გადაცემა და ინტერვიუ ეკონომიკის მინისტრთან (2019). აქტიური პიარკამპანია იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ საქართველოში ისრაელიდან ინვესტიციები, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა და აღმოსავლეთ ევროპაშიც საქართველოდან ბრუნდება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებით, 2017 წელს იციკ მოშეს მიერ დაარსებული “ისრაელის სახლი” გახდა ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) წევრი და საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს. იგი ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან ტურისტთა მოზიდვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა. 2018 წელს თბილისში ისრაელში მოქმედი 40 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. აღნიშნული სააგენტოები ისრაელიდან ტურისტების გაყვანაზე მუშაობენ და შესაბამისად, დაინტერესებული იყვნენ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. „ისრაელის სახლში“ სტუმრებისთვის საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის პრეზენტაციაც შედგა. კოვიდპანდემიამდე მხოლოდ ისრაელიდან საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა, რაც საქართველოს ეკონომიკაში 1 წელიწადში 200 მილიონი დოლარის შენატანია. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში ისრაელელთა კონტრიბუცია 1 მლრდ დოლარს აღემატება, მათ შორის 50% პირადი ინვესტიციებით და 50% - ტურიზმიდან.
ტურიზმის განვითარებამ, თავის მხრივ, ბიძგი მისცა ისრაელიდან ინვესტიციების შემოსვლას ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ისრაელელმა ბიზნესმენებმა კაპიტალდაბანდება განახორციელეს 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, ხოლო კომპანიამ „კასს გრუპი“ წალკის კანიონში მოაწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა „კასს ლენდი“, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კოტეჯებს, 240 მეტრის უნიკალურ შუშის ხიდს, ბილიკებს პანორამული ხედებით, ბაიკ-ლაინს, რესტორანს, ვიზიტორთა ცენტრს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო უძრავ ქონებაში, სოფლის მეურნეობაში ინერგება ისრაელური ტექნოლოგიები. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინიციატივით, წამყვანმა ღვინის კომპანიამ, „ბადაგონმა“, ჩამოასხა ქაშერი ღვინო „საფერავი“, რომელმაც პირველივე წელს ევროპაში 2 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოისრაელის ბიზნესპალატა ამჟამად მუშაობს აღნიშნული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობაზე. ორგანიზაცია ასევე უანგაროდ ეხმარება ყველა ქართულ წარმოებას, მიიღონ ქაშერის სერთიფიკატი და გავიდნენ ისრაელის ბაზარზე.
ბიზნესპალატისავე ორგანიზებით, 2015 წელს თბილისს ისრაელიდან ეწვივნენ ტელეკომუნიკაციის, კავშირგაბმულობის, ტექნოლოგიური, ფინანსური და საბანკო სექტორის წამყვანი 120 კომპანიის წარმომადგენლები. მათ სატუმროში „Holiday Inn” კონფერენეცია გამართეს. მისი მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას იციკ მოშემ განაცხადა: „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენ წინაშე დგომა, რადგან სწორედ თქვენ წარმოადგენთ ისრაელის ბიზნესელიტას და ქმნით საზოგადოებრივ აზრს ისრაელის ქვეყანაში, ამიტომაც მსურს გადმოგცეთ სამი ძირითადი გზავნილი მეგობარი ქვეყნიდან: რამდენიმე კვირის წინათ ისრაელელი ბიზნესმენის – მეირ შავიტის ბიზნესს შეექმნა პრობლემები საქართველოში. ამ საკითხზე მივმართეთ პრემიერმინისტრს და ის, რაც მოხდა, ნამდვილად გასაოცარია. სულ რაღაც ოთხ საათში მივიღეთ პასუხი ჩვენს წერილზე, მას შემდეგ შედგა ორი შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან, საქმის შესწავლა დაჩქარდა. ეს არის მაგალითი მთავრობასა და ბიზნესს შორის წარმატებული კომუნიკაციისა; მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა და თან ასეთი ახლობელი ქვეყანაა ისრაელისთვის, მაინც არსებობს აუცილებლობა, რომ თქვენ, როგორც პოტენციური ინვესტორები, არა მხოლოდ გაეცნოთ საქართველოს პოტენციალს, არამედ იცოდეთ, ისწავლოთ და გააანალიზოთ მისი ბიზნესკულტურაც; საქართველო არის სანდო პარტნიორი. ქართული მხრიდან დიდია მხარდაჭერა და დაინტერესება, კავშირები კი უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე დაამყაროთ კავშირები და წამოიწყოთ ბიზნესი საქართველოში. ეკონომიკის მინისტრი მზადაა, უპასუხოს თითოეული თქვენგანის ზარს და მიგიღოთ შეხვედრაზე. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა კი უანგარო დახმარებას და კონსულტაციას გთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ქართულ ბაზარზე შემოსვლა გსურთ”.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა იყო პირველი, ვინც გამოვიდა საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით. ამ საკითხზე ისაუბრა ბიზნესპალატის მიერ 2019 წლის მაისში ორგანიზებულ ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენად არველაძემ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხზე კონსულტაციების დაწყებას მხარს უჭერდა ისრაელის მთავრობის იმჟამინდელი ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი და ქნესეთის წევრი აკრამ ჰასონი, რომელიც ბიზნესპალატის ორგანიზებით თბილისს ორჯერ ეწვია და შეხვდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს. 2018 წელს აკრამ ჰასონმა და იციკ მოშემ ისრაელიდან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის სახელზე ჩამოიტანეს ოფიციალური მოსაწვევი და დაიწყო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვიზიტები და თანამშრომლობაზე მუშაობა.
ისრაელ-საქართველოს შორის ეკონომიკური ხიდების გაძლიერებაში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის განსაკუთრებულ წვლილს ცოტა ხნის წინათ ვიდეომიმართვით გამოეხმაურა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ამირ ფერეცი. „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ეკონომიკური არხი, რომელიც მუშაობს ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე ვიყავი საქართველოში და პირადად ვნახე საქმიანობის დიდი მოცულობა ეკონომიკაში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. ეს საქმიანობა შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, რომელსაც ანალოგი არ აქვს“, - აცხადებს ისრაელის ეკონომიკის მინისტრი. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ვაჭრობის საერთაშორისო პალატისა (ICC Georgia) და ვაჭრობის მსოფლიო ფედერაციის (WCF) წევრი გახდა. ეს ის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელის ბიზნესორგანიზაციებთან ინვესტიციებზე მუშაობას. იციკ მოშეს თქმით, ბიზნესპალატა მოლაპარაკებას აწარმოებს ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან, რომ პოსტკოვიდის პერიოდში სწრაფად მოხერხდეს ისრაელიდან ინვესტიციებისა და ტურისტული ნაკადის შემოდინება საქართველოში. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა აქტიურად თანამშრომლობს ისრაელის დამოუკიდებელი და ბიზნესორგანიზაციების პალატასთან (LAHAV) და ისრაელისა და საქართველოს სხვა ბიზნესორგანიზაციებთან.
2020 წლის თებერვალში ისრაელიდან 100 იურისტის მონაწილეობით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ ორგანიზება გაუწია ფორუმს. ბიზნესსამართლის სპეციალისტები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს და აკადემიური წრის წარმომადგენლებს. ფორუმის შემდეგ სტუმრებისთვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, სადაც ბიზნესის რეგისტრაციის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სხვა სამართლებრივ პროცედურებს გაეცნენ. იციკ მოშეს თქმით, ისრაელის მსხვილი იურიდიული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ასპექტია და მიზნად ისახავს, ისრაელის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოში იმუშაონ პირდაპირ, შუამავლების გარეშე. მათ შორის მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში. ამისთვის კი საჭიროა, საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული კანონმდებლობა. „ისრაელის კომპანიებს ექნებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ზრდას“, - აცხადებს იციკ მოშე.
ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს განცხადებით, საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკურ თანამშრომლობაში უდიდესი პოტენციალია. ბიზნესპალატამ კოვიდპანდემიის
დაწყებისთანავე საქართველოს მთავრობას მიმართა რამდენიმე რეკომენდაციით, რომ ეს დრო ყოფილიყო მოსამზადებელი ეტაპი პოსტპანდემიური პერიოდისთვის. იციკ მოშეს თქმით, საჭიროა, მხარეებმა ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად გაიცნონ, შეისწავლონ და რაც მთავარია, სასწრაფოდ გადაიჭრას ისრაელელი ინვესტორების წინაშე არსებული ზოგიერთი პრობლემა, რაც ბიძგს მისცემს ახალი ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. პანდემიის გამო არაერთი სირთულის მიუხედავად, საქართველოისრაელის ბიზნესპალატამ 2021 წელს უკვე დააანონსა საქართველოისრაელის ბიზნესფორუმის ჩატარება. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა ბიზნესპალატის მიერ მომზადებული ორმხრივი ტურიზმის ინოვაციური გეგმაა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ზედმეტი დაბრკოლების გარეშე შესვლას და ისრაელში ქართველი ტურისტების რაოდენობის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, ყველა რისკის მიუხედავად, გამოვიდა ორივე ქვეყნის წარმომადგენლების და სტრუქტურების კრიტიკით და მოითხოვა გარკვევა, რა პრინციპით გაიცემა სამუშაო ვიზები და რატომ უწევთ საქართველოს მოქალაქეებს მასში ასტრონომიული თანხების გადახდა. იციკ მოშეს თქმით, ასეთი ვითარება, საბოლოოდ, ისრაელის იმიჯზე უსამართლოდ აისახება ცუდად. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში იციკ მოშე თავდაპირველად სოხნუთის ეგიდით და შემდეგ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მეშვეობით, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში საქართველოს პოტენციალის პოპულარიზაციას ეწეოდა, მედიითა და პირადი მაგალითებით ისრაელელ და ებრაელ ინვესტორებს ქვეყნის მიმართ გაუჩინა მეტი ინტერესი და რაც მთავარია, შექმნა მყარი ეკონომიკური ხიდი და ინფრასტრუქტურა. მაშინ, როცა 90-იანი წლებიდან თითქმის გაჩერებულ ქვეყანაში, ჩაბნელებულ დარბაზებში ეს ურთულესი სამუშაო ტარდებოდა, საქართველო არ იყო ბიზნესისთვის მიმზიდველი. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ერთ-ერთია, რომელმაც გზა გაუკვალა მსოფლიო ბრენდებს ქართულ ბაზარზე. ესაა ახალი ეკონომიკური ისტორია უკვე ორ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის, რომლის განვითარებასაც სჭირდება მთავრობათა აქტიური მუშაობა.