8 minute read
საპარლამენტო კავშირები სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში
საქართველოსა და ისრაელს წლების განმავლობაში ოფიციალური სახის მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ, თუმცა ის დიდად არ გასცდენია ფორმალურ, პროტოკოლურ ურთიერთობებს. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი ინიციატივებიც, რომლებიც, როგორც წესი, ძირითადად ორიენტირებულია საქართველოსა და ქართველი ებრაელობის კავშირებზე და არა - ორი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებზე. დაარსების დღიდან საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და, მოგვიანებით, „ისრაელის სახლის“ ძალისხმევა სწორედ ორი სახელმწიფოს პოლიტიკური, სამეცნიერო თუ კულტურული ელიტის კავშირებისკენ იქნა მიმართული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინიციატივები საპარლამენტო ფორმატში თანამშრობლობის გაღრმავებაზე, ორმხრივი ვიზიტების ხელშეწყობა. ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე მიიჩნევს - მსოფლიო ებრაულ სააგენტოში მისი საქმიანობის გამოცდილება ადასტურებს, რომ მესამე სექტორის როლი სახელმწიფოებრივ საკითხებში უმაღლეს სახელისუფლებო უწყებებთან თანამშრომლობაში განუზომელია და ზოგჯერ უალტერნატივოც. ამაზე მეტყველებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული 20 ბიზნესფორუმი და ტრადიციულად, მასში საქართველოსა და ისრაელის მთავრობათა მონაწილეობა. ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ბიზნესპალატის მრავალმხრივი აქტივობები გახდა ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში მრავალმილიონიანი ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის, ისრაელის საქმიანი წრეებისთვის საქართველოს ახლოს გაცნობისა და საერთოდ, საქართველოს, როგორც მიმზიდველ და ეკონომიკური საქმიანობისთვის საინტერესო ქვეყნად წარმოჩენის საქმეში. ბიზნესპალატის საქმიანმა რეპუტაციამ და „ისრაელის სახლის“ სახალხო დიპლომატიის მიმართულებით მუშაობამ ეს ორგანიზაციები აქცია ცენტრალურ მისამართად ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
Advertisement
აღსანიშნავია, რომ ისრაელის სახლის შექმნა იციკ მოშეს საზოგადოებრივ საქმიანობაში ახალი ინიციატივა იყო, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო დიპლომატიის გზით ისრაელ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მხარეებისთვის ერთმანეთის უკეთ გაცნობას. „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, 2013-2019 წლებში ისრაელიდან ყველაზე მეტი პარლამენტარი სწორედ საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტები, ძირითადად, ქნესეთის მეგობრობის ან ისრაელელ პარლამენტართა მულტიპარტიული ჯგუფების ეგიდით იმართება. შეხვედრებზე ეკონომიკური, საერთაშორისო ინსტიტუტებში ურთიერთმხარდაჭერის, შრომითი მიგრაციისა და სხვა აქტუალური საკითხები განიხილება. 2013 წლის ნოემბერში თბილისში “ისრაელის სახლის“ პილოტური პროექტის გახსნას ესწრებოდნენ ოფიციალური სტუმრები ისრაელიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინი. საქართველოსთან ისრაელის საპარლამენტო თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნა უკავშირდება ქნესეთის ორგზის ვიცესპიკერს, ისრაელში ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსს, ხილიკ ბარს, რომელიც „ისრაელის სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ყველა აქტივობის მონაწილეა. ხილიკ ბარს, ვიცე-სპიკერის თანამდებობის პარალელურად, 2013 წლიდან 2019 წლამდე ეკავა ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიცია. სწორედ მის დროს მეგობრობის ჯგუფის საქმიანობა და იციკ მოშეს ინიციატივები გახდა ისრაელსაქართველოს ორმხრივი ურთიერთობის მთავარი რგოლი. „ისრაელის სახლის“ საქმიანობის აქტიური მხარდამჭერები და პარტნიორები არიან წინა მოწვევისა და ამჟამად მოქმედი ქნესეთის წევრები: დავიდ ბიტანი - მმართველი პარტიის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ამირ ფერეცი - ეკონომიკის მინისტრი, იციკ შმული - ისრაელში ახალგაზრდა წარმატებული პარლამენტარი და სხვები.
„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, 2013 წლიდან ისრაელის ქნესეთიდან შედგა არაერთი ვიზიტი. „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფში არაერთხელ გაიმართა შეხვედრები ისრაელელ კოლეგებთან; 2015 წელს ისრაელში შედგა თბილისის
მერის, დავით ნარმანიას, ვიზიტი და შეხვედრა იერუსალიმის მერთან და ისრაელელ ბიზნესმენებთან; ისრაელელი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით თბილისში ჩატარდა სამი საქველმოქმედო საღამო სპეციალური საჭიროების მქონე ქართველი ბავშვების დასახმარებლად; „ისრაელის სახლის“ მოწვევით, 2016 წლის დასაწყისში თბილისს ისრაელიდან ეწვია დელეგაცია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ქნესეთის კომიტეტის ხელმძღვანელის, დავიდ ბიტანის, ხელმძღვანელობით. სტუმრებს ისრაელის სახლის დამფუძნებელმა, იციკ მოშემ, ისრაელის სახლის საქმიანობა გააცნო და დელეგაციის წევრ ოფიციალურ პირებს მიმართა ინიციატივით, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ქართველ მშენებლებს გამოეყოთ სპეციალური კვოტა, რათა გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში ოფიციალურად დასაქმდნენ, ვინაიდან, როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, ამჟამად სხვადასხვა შუამავლის წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ წასვლა, თანაც არალეგალურად, სოლიდური თანხა უჯდებათ. დავიდ ბიტანმა განაცხადა, რომ ისრაელში დაბრუნებისთანავე წინადადებით მიმართავს მთავრობას, რომ განიხილოს ქართველი მშენებლებისთვის კვოტის გამოყოფის საკითხი. ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფის მიზნით ვიზიტისას საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ისრაელელ და ქართველ პარლამენტარებს შორის. დავიდ ბიტანმა ისაუბრა აგრეთვე საქართველო-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ თუ წლების წინ საქართველოს ისრაელიდან ძირითადად პოლიტიკოსები სტუმრობდნენ, ახლა ეს ურთიერთობები იმდენად ფართოა, რომ საქართველოს თითქმის ყოველთვიურად სტუმრობენ ბიზნესის, მაღალი ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები. იზრდება ტურისტთა რაოდენობაც. და ეს, უპირველეს ყოვლისა, იციკ მოშეს დამსახურებაა.
ამ ვიზიტის შემდეგ დავიდ ბიტანი, ქნესეთში უმრავლესობის ლიდერის რანგში საქართველოს არაერთხელ ეწვია. ის, როგორც „ისრაელის სახლის“ ერთ-ერთი ფაქტობრივი დამფუძნებელი, ეცნობა ორგანიზაციის საქმიანობას. მისი თქმით, „ისრაელის სახლი“ და იციკ მოშე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. „ისრაელის სახლს“ შეუძლია გააკეთოს ის, რაც შეიძლება ვერ გააკეთოს საელჩომ. ესაა ისრაელისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია“, - განაცხადა ბიტანმა ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე. „ისრაელის სახლის ხშირი სტუმარია ისრაელში ახალგაზრდა წარმატებული პარლამენტარი იციკ შმული. მან იციკ მოშესთან ერთად არაერთი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იციკ შმული ხაზს უსვამს „ისრაელის სახლის“ და მისი ხელმძღვანელის ღვაწლს ორი ქვეყნის ურთიერთობაში. „იციკ მოშე არის მსოფლიო ებრაელობის ყველაზე კარგი ელჩი და „ისრაელის სახლს“ ეკუთვნის ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე მაღალი ჯილდო“, - ასე აფასებს ისრაელელი პარლამენტარი „ისრაელის სახლის“ მიერ წარმოებულ ჰასბარას (ისრაელის პოლიტიკის განმარტებას მსოფლიოში). 2015 წელს „ისრაელის სახლს“ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვია თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი. მასთან ერთად დელეგაციაში იყვნენ მმართველი პარტიის დეპუტატები დავიდ ბიტანი და იოავ კიში, აგრეთვე ქნესეთის ვიცე სპიკერი ხილიკ ბარი და პარლამენტარი ქსენია სვეტლოვა. იციკ მოშემ დელეგაციას გააცნო ისრაელის სახლის კონცეფცია. მისი თქმით, ჰასბარა და თანამშრომლობა მორგებულია თანამედროვე მსოფლიო რეალობაზე და პასუხობს, ერთი მხრივ, ისრაელის სასიცოცხლო ინტერესებს და, მეორე მხრივ, ამზადებს ნიადაგს ქვეყნებთან ისრაელის ურთიერთხელსაყრელი კავშირების გასაღრმავებლად. იციკ მოშემ სტუმრებს წარუდგინა ვიდეოკლიპი, რომელშიც ასახულია ისრაელის სახლის კონცეფციის დედაარსი, აქტივობები, შედეგები, ინიციატივები და გეგმები. „ისრაელის სახლის“ საქმიანობით აღფრთოვანებულმა ქნესეთის თავმჯდომარემ განაცხადა: „დასრულდა ის დრო, როდესაც ელჩები ოფისებში ჰალსტუხებით ისხდნენ და ეგონათ, რომ მათი აზრი საინტერესო იყო. დღეს თუ არ გააკეთე და შექმენი, არავინ მოგისმენს“, _ განაცხადა ედელშტეინმა და დასძინა, რომ იგი მხარს უჭერს ისრაელის სახლის საქმიანობას, მით უფრო იმ ფონზე, რომ თანამედროვე მსოფლიო მოწმეა მზარდი ანტისემიტიზმისა და ანტიისრაელური კამპანიისა. შეხვედრაზე ისრაელის დელეგაციის წევრმა, ქნესეთის ვიცესპიკერმა, ხილიკ ბარმა, აღნიშნა, რომ ჰასბარასა და ორმხრივ კავშირებზე სხვა ქვეყნებშიც ზრუნავენ და მასში ასობით ადამიანი და სისტემაა ჩართული, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ამ მიმართულებით გაცილებით მეტი კეთდება და ეს არის ერთი ადამიანის საზოგადოებრივი საქმიანობის შედეგი. „ამ ადამიანმა, იციკ მოშემ, ერთნაირად მაღალ დონეზე იცის დიპლომატიაც, ეკონომიკაც, ქვეყნებიც და აქვს უდიდესი გამოცდილებაც, როგორც ჰასბარას წარმოებაში, ისე ორმხრივი კავშირების ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ხილიკ ბარმა.
2016 წლის სექტემბერში „ისრაელის სახლს" ისრაელიდან ეწვია დელეგაცია, რომელსაც ისრაელის პარლამენტის წევრები, დავიდ ბიტანი და ნავა ბოკერი, ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრაზე იციკ მოშემ შეკრებილ საზოგადოებას ახლად დანიშნული ელჩი, შაბთაი ცური, წარუდგინა. იმავე წლის დეკემბერში თბილისში „ისრაელის სახლის“ თაოსნობით საზეიმოდ აღინიშნა ხანუქას დღესასწაული და ჩატარდა ჰასბარას საერთაშორისო ფორუმი. ორგანიზაციის მოწვევით, სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის თბილისს ეწვივნენ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი, ქნესეთის ვიცესპიკერი ხილიკ ბარი, ქნესეთის უმრავლესობის ლიდერი დავიდ ბიტანი, პარლამენტარები - ტალი პლოსკოვი, რევიტალ სუიდი და ნავა ბოკერი. ისინი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან
და ქართველ კოლეგებთან ერთად დაესწრნენ თბილისის ოპერის თეატრში ხანუქასადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მეორე დღეს კი სასტუმრო „ბილტმორში“ მონაწილეობა მიიღეს ჰასბარას ფორუმში, რომელიც იციკ მოშეს მოდერატორობით წარიმართა. 2017 წლის ბოლოს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით თბილისში სტუმრად მყოფი ისრაელის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დეპუტატები - იციკ შმული და აკრამ ჰასონი, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრნენ ძველ თბილისში ისრაელური ინვესტიციით ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის დაწყების ცერემონიალს. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ გამოვიდნენ ინიციატივით, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის დაწყებულიყო მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ამ საკითხზე, ბიზნესპალატის ორგანიზებით, 2018 წელს ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი, ქნესეთის წევრი აკრამ ჰასონი შეხვდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს; აკრამ ჰასონი „ისრაელის სახლის“ მოწვევით მჭიდროდ თანამშრომლობს აგრეთვე ქართულ უნივერსიტეტებთან განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. მისი მონაწილეობით გაიხსნა ისრაელის კაბინეტები უნივერსიტეტებში. აკრამ ჰასონის თქმით, „ისრაელის სახლის“ საქმიანობა უნიკალურია და ეს შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია.
2019 წლის ზაფხულში „ისრაელის სახლის“ მოწვევით, მმართველი პარტიიდან ქნესეთის წევრებმა, დავიდ ბიტანმა და ოსნათ ჰილა მარკმა, თბილისში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა დიპლომატებთან გამართულ დისკუსიაში. ღონისძიება "ისრაელის სახლის" თანაორგანიზებით გაიმართა. 2019 წლის ნოემბერში სპეციალურად „ისრაელის სახლის“ საქმიანობის გასაცნობად საქართველოს ეწვია საპარლამენტო პარტია „ავოდას“ ლიდერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამირ ფერეცი. ვიზიტისას ამირ ფერეცმა პარტია „ავოდას“ კიდევ ერთ ლიდერთან, ხილიკ ბართან, ერთად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ისრაელის წინაშე არსებული გამოწვევები და მიღწევები“. მან 22 ოქტომბერს ისრაელის 30-კაციან დელეგაციასა და ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო აგრეთვე სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებულ ებრაული კულტურის ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს ოფისის ხელმძრანელმა საქართველოში ქრისტიან ურსემ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ვიზიტი ისრაელში. „ისრაელის სახლი“ ამ ვიზიტის ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერი იყო. 2019 წელს ვიზიტისას კი ორგანიზაციამ უზრუნველყო ირაკლი კობახიძის შეხვედრები ისრაელის პოლიტიკის წამყვან ფიგურებთან, მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან. ისრაელის სახლის ხელმძღვანელი იციკ მოშე გამოვიდა ინიციატივით, რომ ისრაელ-არაბეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს თბილისმა უმასპინძლოს. მესამე სექტორის დონეზე 2018 წელს საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლისა და ისრაელის ქნესეთის ვიცესპიკერის, ხილიკ ბარის, მონაწილეობით ასეთი შეხვედრა თბილისში უკვე გაიმართა. ისრაელის დელეგაციაში იყვნენ პარლამენტარები - სალეხ საად და ლეა ფადიდა.
2019 წლის მარტში საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალური ასამბლეის სხდომას. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო „ისრაელის სახლი“, რომელიც საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს ოფიციალურად წარმოადგენს. ასამბლეაში მონაწილეობდნენ AEPJ-ისა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის 30-ამდე წარმომადგენელი, ისრაელის ქნესეთის ვიცესპიკერი ხილიკ ბარი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი. 2019 წლის 30 დეკემბერს „ისრაელის სახლისა“ და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივ საქველმოქმედო საღამოს ისრაელიდან დაესწრო 50-კაციანი დელეგაცია, მათ შორის იყვნენ ქნესეთის წევრები. 2020 წლის მარტში თბილისში პირველი ქართული ოქროსმედალოსანი ქაშერი ღვინის, „საფერავი ქაშერის“, პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო ისრაელის ახლად არჩეული პარლამენტის წევრმა, იციკ შმულიმ. ღვინო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინიციატივით ჩამოისხა. ისრაელელი პარლამენტარები ყოველწლიურად მონაწილეობენ „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებულ ისრაელის კულტურის დღეებში, ჰასბარას ფორუმებში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნასა და საქველმოქმედო აქციებში. შარშან, 2 სექტემბერს, ონში „ისრაელის სახლის“ მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის, სერგი მეტრეველის, მემოარიალის გახსნას, აგრეთვე წელს, 27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს „ისრაელის სახლში“ გამართულ ღონისძიებას ონლაინჩართვით იერუსალიმიდან მიესალმა ქნესეთის აბსორბციისა და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი. ესაა ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ არასრული ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რომლებიც ემსახურება საქართველოსა და ისრაელის პირდაპირ კავშირებს, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების განვითარებას, რასაც ხშირად ხელი ეშლება დამკვიდრებული სტერეოტიპის გამო, რომელმაც ხშირ შემთხვევაში ორი ქვეყნის ურთიერთობა დაიყვანა საქართველოსა და ქართველი ებრაელების ურთიერთობებამდე. „ისრაელის სახლმა“, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ და ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფმა შეცვალეს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების ვექტორი, რომელიც მიმართულია მრავალმხრივი სახელმწიფოებრივი კავშირების განვითარებისკენ.